მალიბუ: -„მრცხვენია მაგრამ გეტყვით…“

ტრადიციულად მორიგი ორშაბათი საინტერესო გამოდგა „იქს ფაქტორის“ მაყურებლისთვის და მონაწილეთათვის.

ბევრი საინტერესო კონკურსანტი ვნახეთ და მოვისმინეთ, მათ შორის იყო გოგონა შლიაპით, 18 წლის მალიბუ, რომელიც ჟიურის შეფასების დროს გიორგი გაბუნიასთან პოლემიკაში შევიდა. თავის დროზე თქვენთვის შანსი რომ არ მოეცათ, დღეს აქ არ იჯდებოდითო, უთხრა. ამ ფრაზას გაბუნიას „კი“ მოჰყვა.

გიორგი გაბუნია:

– რატომ შეცვალე გადაწყვეტილება?

– არ შემიცვლია, გადაწყვეტილი არ მქონდა, უბრალოდ ვყოყმანობდი. ბოლო ბიძგი მჭირდებოდა, რომ გადაწყვეტილება მიმეღო. მომეწონა ის, რომ როცა შესთავაზეს რამე კიდევ გაეკეთებინა, ორიგინალური გამოსავალი იპოვნა და მომმართა, სიტყვით შეეცადა ჩემ დარწმუნებას. სხვა მის ადგილას ისევ იმღერებდა, ასე იქცევა უმრავლესობა. მომეწონა მისი სითამამე, ბოლომდე არ ჩაიქნია ხელი და არ დათმო თავისი პოზიცია. სითამამე აუცილებელია იმისთვის, რომ ასეთ კონკურსში გაიმარჯვო. დარწმუნებული ვარ რომ ამ სითამამეს საბოლოოდ მუსიკად აქცევს.

– გინდა თქვა, რომ შენნაირი შეგხვდა?

– ნამდვილად (იღიმება). მითხრა, შენთვის შანსი რომ არ მოეცათ, აქ ხომ არ იქნებოდიო და ფაქტიურად ჩემი „კი“ იყო მისი პასუხი. მართალია, მე მომცეს შანსი უამრავჯერ ცხოვრებაში და ამიტომ ვარ იქ, სადაც ვარ. მალიბუმაც დაიმსახურა ერთი შანსი.

მალიბუ:

– მოგეწონა შენი გამოსვლა?

– არა, იმდენად ვნერვიულობდი, ვერც ვუსმენდი ნორმალურად სიმღერას. დღეს უფრო ვნერვიულობდი, მეშინოდა რას იტყოდა ხალხი. არ მინდა გამიცნონ, როგორც ამაყი, თავდაჯერებული გოგო, რეალურად ასეთი არ ვარ. ჩემი სითამამე ბევრი იმედგაცრუებით იყო განპირობებული. როცა ხუთი წელია რაღაცას აკეთებ და სანაცვლოდ უარს იღებ, ბოლოს ამოიდგამ ენას.

– რა უარს გულისხმობ?

– არაერთ პროექტში მიცდია ბედი აქამდე და არსად არ გამიმართლა. ორჯერ ვიყავი „იქს ფაქტორში“, ვცადე ბედი „საქართველოს ვარსკვლავშიც“. შეფასებისას მიმიღია ფრაზები „წადი რა, შორს ხარ მუსიკისგან“… მართლა მაბედნიერებს და მავსებს მუსიკა. ერთადერთი რამ არის რის გამოც შეიძლება ვიყო ბედნიერი.

– მალიბუ რატომ გქვია?

– ამას არსად ვამბობდი, მრცხვენია, მაგრამ ახლა ვიტყვი. მეგობრები წავედით პიცერიაში. 10 წლის ვიყავი. ძალიან მშიოდა. ოთხნაჭრიანი პიცა იყო. შვიდი ცალი ოთხნაჭრიანი პიცა ვჭამე. მაშინ დამარქვეს მალიბუ და მის მერე შემრჩა.

– ნამდვილი სახელი და გვარი რა გაქვს?

– მარიამ ტუღუში.

– წელს სკოლას ამთავრებ. რას აპირებ?

– სკოლის პარალელურად ვსწავლობდი კონსერვატორიაში, საოპერო ვოკალის განხრით. კონსერვატორია უკვე დავამთავრე. ალბათ ჩავაბარებ კიდევ სადმე.

– რა გეწყინა გაბუნიასგან?

– ხელოვნურობა რომ დამაბრალა. ერთადერთი სადაც ვარ რეალური, ბუნებრივი არის სცენა, მუსიკა, სიმღერა. ძალიან რომ მოვინდომო ვერ ვიქნები ხელოვნური როცა ვმღერი. ალბათ ამ გულისტკენამ გამაბედინა იმ სიტყვების თქმა, რაც გიორგის ვუთხარი.

ნინო მჭედლიშვილი

„პრაიმტაიმი“


primetimenews.ge