"მეგობრებო, მწუხარებით გატყობინებთ, რომ"

მეგობრებო, მწუხარებით გატყობინებთ, რომ ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ რაუნდში ხმათა 36%–ით გაიმარჯვა რადიკალ–მემარჯვენე "ავსტრიის თავისუფლების პარტიის" კანდიდატმა, ნორბერტ ჰოფერმა.

"ეს ახალი პოლიტიკური ერის დასაწყისია", განაცხადა პარტიის ლიდერმა, ჰაინც–ქრისტიან შტრახემ, რომელიც პუტინის ინტერესების ცნობილი გამტარი, მისგან არაერთგზის დაფინანსებული და მისი სახელით პრო–რუსული კონფერენციების მომწყობია. სხვათა შორის, ჰაინც–ქრისტიან შტრახე რუსეთმა პირველად მაშინ დაიმეგობრა, როცა ის რუსო–ქართული ომის შეფასებისას პრო–რუსულ და ანტი–ქართულ ევროპელ კომენტატორად აქცია. უფრო ადრე, ამ პარტიის აწ უკვე გარდაცვლილმა ლიდერმა იორგ ჰაიდერმა პუტინისაგან 900, 000 ევრო მიიღო საჩუქრად (იხ. აგრეთვე ჩემი წერილი "ლიბერალის" ბოლო ნომერში).

ვშიშობ, შესაძლოა ეს მართლა იყოს ახალი პოლიტიკური ერის დასაწყისი, ანტი–ქართული და ანტი–ცივილური შტრახეს თქმის არ იყოს. მსგავსი პოლიტიკოსები იკვებებიან ლიბერალური დემოკრატიების ჩავარდნებით, ანტი–იმიგრაციული სულისკვეთებით (ავსტრიაში კი per capita ყველაზე მეტი ლტოლვილი მოხვდა). ისინი უარყოფენ დემოკრატიას, ცივილურობას, კანონების უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, სოციალურ სოლიდარობას. მათ არა აქვთ ადამიანური მგრძნობელობა. ისინი არიან ევროპის დასასრული.

თითოეული ჩვენგანის: პირველ რიგში მემარცხენე პროგრესისტების, მაგრამ ასევე დემოკრატების, ლიბერალების და წესიერი კონსერატორების ვალია, ჩვენს სახელმწიფოებში შევებრძოლოთ ამ მზარდ მეტასტაზებს. ეს ადამიანები ემუქრება ჩვენს ცივილიზაციას სრული გადაგვარებით. ისინი არიან "თავისუფლების, თანასწორობის და სოლიდარობის" სამშობლოს აღსასრული და მასთან ერთად ჩვენი იდეალებისა და მისწრაფებების აღსასრულიც.

ჩვენი ვალია ისინი დავასრულოთ ჯერ ყველამ ჩვენ–ჩვენ სახელმწიფოში, შემდეგ კი ყველამ ერთად სრულიად ევროპასა და მსოფლიოში.
ძირს ნეო–ფაშიზმი! Liberté, égalité, solidarité!


mediamall.ge