რას ნიშნავს წითელი პარასკევი და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დღეს?

დღეს კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა. დღეს მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა... სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული: არასდროს დაუცინიათ ღმერთისთვის ასე საშინლად. მოხარხარე ჯოჯოხეთი ჩასახლდა დღეს ადამიანში და დასცინა ღმერთსა და ყოველივე ღვთაებრივს. დღეს დასცინეს მას, ვისაც არასდროს გაუცინია. დღეს დაამცირეს ის, ვინც მოვიდა ჩვენს განსადიდებლად; დღეს ვტანჯავთ მას, ვინც მოვიდა ტანჯვისაგან ჩვენს განსათავისუფლებლად; დღეს სიკვდილს ვანიჭებთ მას, ვინც მარადიული ცხოვრება მოგვიძღვნა.

საკუთარი ხალხისაგან უარყოფილი სამყაროს მეუფე ჯვარზედ აღესრულა; ზეციური სიყვარული გაითელა ადამიანური სიძულვილით; ნათელი ჭეშმარიტი შეურაცხყოფილი იქნა სიცრუითა და ადამიანური ღალატით. რა ჩააცხრობდა ზეციური მამის მრისხანებას, როგორი ღვაწლი გამოისყიდდა კაცობრიობის ამ ახალი ცოდვით დაცემას. რას წარმოადგენდა მთელი სამყარო და თვით ზეციური ძალები ძე ღმრთისას დანთხეული სისხლის თუნდაც ერთი წვეთის წინაშე?.. გოლგოთიდან ყველაფერი ხელისგულივით მოჩანდა. ნათელი იყო ყოველივე და სამყარო განაჩენს ელოდა. განაჩენი წარმოითქვა ნაგვემი, შეურაცხყოფილი, ტანჯული ძე კაცისას მიერ: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.

აღსრულდა რაღაც დიადი, განუზომლად მნიშვნელოვანი და იდუმალი. მოხდა დაცემული ადამის აღდგინება, ქრისტეში ადამიანის ღმერთთან შეერთება, ცოდვების წარხოცვა, სიცოცხლის განახლება. მამის მიერ მოცემული საქმე აღასრულა ძემ. მამისადმი სრული მორჩილების გზა ბოლომდე განვლო. აღსრულდა ადამიანური სიმართლეც: ის სიყვარული, რაც ერთმა შეიძლება ყველას მისცეს, მიეცა ქვეყანას; ის ბოროტება, როგორიც შეიძლება ამ სოფელმა ერთს დაატეხოს, ქრისტეს ხვედრი შეიქნა. კაცობრიობამ გოლგოთაზე გაასამართლა ქრისტე, მაგრამ გოლგოთაზევე გასამართლდა კაცობრიობაც. გოლგოთაზევე დასრულდა ადამის მოდგმის ქრისტიანობამდელი ისტორია. მართალია, იუდეველებმა ჯვარს აცვეს უფალი, მაგრამ სამაგიეროდ თითქმის მთელმა მაშინდელმა წარმართულმა სამყარომ თაყვანი სცა ჯვარცმულს, როგორც ღმერთს და ამით ქრისტეს ვნების გზა სამყაროს გადარჩენის, ბოროტებისა და ცოდვის უფსკრულიდან მისი აღმოყვანის გზად აღიარა. ქრისტეს ჯვართან ჯვარცმისას შეკავშირდა სამყაროს მთელი ბოროტება და იქვე, ჯვარცმისას, ჯვართან მოხდა ამ ბოროტების დამარცხება. დამარცხება, ასე რომ სწყუროდათ ბოროტებისა და ძალადობის გარემოცვაში მცხოვრებ სიმართლის მაძიებელთ.

ქრისტეს ჯვრით დასრულდა ძველი ცხოვრება და დაიწყო ახალი, რომელშიც აღორძინდა ადამიანის სული. გოლგოთაზე ნათლად გამოიკვეთა საშინელება გზისა, კაცობრიობა რომ ვიდოდა ქრისტემდე. ადამიანს საშუალება მიეცა სინანულისა. გოლგოთა იყო ბრძოლა სიკეთისა ბოროტებასთან, ნათლისა ბნელთან, ქრისტესი ამა სოფლის თავადთან.

და ქრისტემ სძლია ამ სოფელს!




ამ პერიოდში ადამიანმა უნდა იმარხულოს, მეტად განეკრძალოს ლოცვისკენ... საერთოდ, ადამიანებს დაბურული გვაქვს გონების თვალი და ვერ ვამჩნევთ, რას ვაკეთებთ და რას - არა. ზოგჯერ ისეთი მზაკვრობა და ბოროტებაც კი შეიძლება წარმოიდგინოს და ჩაიდინოს, თვითონაც კი არ სჯეროდეს ის, მისი ნამოქმედარია. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ "ნუ სიმთვრალითა და სიმღერითა, ნუ ლაღობითა და დროის ტარებითა, ნუ საწოლითა და ბილწებითა, არამედ აღივსენით სულითა, ეტყოდეთ თავთა თვუისთა ფსალმუნითა და შესხმითა… სულიერითა. უგალობდით და აქებდით გულითა უფალს". დიახ, რაც ყოფას შეეეხება, აი, ეს არ უნდა გავაკეთოთ...

ეს დღე კიდევ ერთხელ დასაბამი უნდა იყოს იმის, ადამიანის გონება დაფიქრდეს, მეტი გამჭრიახობაა საჭირო იმისთვის, რომ არ გააკეთოს ის, რაც ღვთის მცნებებშია მოცემული (არა იმრუშო, არა
იპარო, არა ცილი სწამო, არა კაც კლა...) დიახ, ამის ფართო გაგებით და არა ისე, ზოგიერთს რომ ჰგონია, კაცი არ მომიკლავს და სხვა რა ცოდვა უნდა მქონდეს?! არადა, გონებაში ხშირად გვიმრუშია, კაციც მოგვიკლავს, ალბათ თუ დავფიქრდებით, ჩვენზე ცოდვილი ადამიანი არც დადის. ის კი არა, პავლე მოციქულმა თქვა, რომ ცოდვილთაგან პირველი მე ვარ. ეს გააცნობიერა მოციქულთა თავმა, წმინდა პეტრემ და ჩვენ რაღა გვეთქმის? გვეთქმის ის, რომ ცოდვილები ვართ და ცოდვილთაგან უპირველესები. ამიტომ არ შეიძლება თავაშვებულობა, უქმად დროის ფლანგვა... ლოცვას არ უნდა მოვწყდეთ.