ადამიანები, რომლებმაც სიკვდილს თვალებში ჩახედეს (5 ფოტო)

რიჩარდ მოიერი – თავს დაესხა ბარიბალი.
2011 წლის 3 ოქტომბერი რიჩარდ მოიერისთვის ჩვეულებრივად დაიწყო – ადგა და თავისი ძაღლი, ბრინდი, გასასეირნებლად გაუშვა სახლის გარშემო მდებარე პენსილვანიის ტყეში. თუმცა მოულოდნელად ბრინდი უკან დაბრუნდა და როგორც აღმოჩნდა, მას მასიური ბარიბალი (შავი დათვი) მოსდევდა. დათვმა კარები შეამტვრია და თავს დაესხა რიჩარდს, ხმაურზე კი მის ცოლს ანჯელას გაეღვიძა. მან დახმარება სცადა, თუმცა დათვმა იერიში მასზე მიიტანა. ამ დროს ძაღლიც და რიჩარდიც დათვს ეცნენ, დათვმა ანჯელას თავი გაანება, მის ქმარს ეცა თავის მიდამოში და შეჭმა დაუპირა. თუმცა ცოტა ხანში უცნობი მიზეზის გამო უკან დაიხია, შემდეგ კი ტყეს მიაშურა. ცოლ-ქმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მრავალი ნაკერი დაადეს, საღამოს კი უკვე სახლში იყვნენ და თავგადასავალს უყვებოდნენ თავიანთ 10 წლის ვაჟს, რომელსაც მთელი ამ ბრძოლის განმავლობაში ეძინა.

1

 

  • მიშელინა ლევანდოვსკა – დამარხეს ცოცხლად.
    მიშელინა ლევანდოვსკამ, დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა პოლონელმა ემიგრანტმა, 2012 წლის იანვარში სასამართლო სხდომაზე აღწერა, თუ როგორ დამარხეს ცოცხლად ხელფეხშეკრული, მუყაოს ყუთში, და როგორ ნელ-ნელა ეხუთებოდა სული: „ვიწრო კუბოში ვიწექი და მაშინებდა იმაზე ფიქრი, რომ ჩემი ცხოვრება დასასრულს უახლოვდებოდა, რომ მალე მოვკვდებოდი.. ღმერთს ვევედრებოდი, დამხმარებოდა და გადავერჩინე, რათა ჩემი ვაჟი ისევ მენახა.” მიშელინას 3 წლის შვილი ჰყავდა მისი საქმროსგან, მარსინ კასპრზაკისგან, რომელმაც ის ცოცხლად დამარხა. მას შემდეგ, რაც მიშელინასთან ყოფნა „მობეზრდა”, თავის მეგობართან, პატრიკ ბორისთან ერთად შეიმუშავა მისი მოცილების გეგმა. მარსინმა გოგონა ელექტროშოკით გათიშა, შემდეგ ხელები და ფეხები შეუკრეს და მომდევნო რამდენიმე საათი სავარაუდოდ სამოქმედო გეგმას აზუსტებდნენ. საბოლოოდ ის მუყაოს ყუთში მოათავსეს და უკაცრიელი ადგილისკენ გაეშურნენ, რათა ცოცხლად დაემარხათ, თუმცა ღრმა ორმო არ ამოუთხრიათ. მიშელინამ საქორწინო ბეჭდის დახმარებით ნასკვის გადაჭრა მოახერხა და კიდურები გაითავისუფლა, მალე კი ამოსვლაც მოახერხა. რამდენიმე კვირის განმავლობაში სუნთქვა და სიარული უჭირდა, კოშმარები კი დიდხანს გაჰყვა. რაც შეეხება თავდამსხმელებს, თითოეულს 20 წელი მიუსაჯეს.

2

 

  • ჰოლი დანი – „რკინიგზის მკვლელის” ერთადერთი გადარჩენილი მსხვერპლი.
    1997 წლის 29 აგვისტოს ღამეს ჰოლი დანსა და მის ბოიფრენდს, კრის მაიერს, უცნაური შესახედაობის მამაკაცი მიუახლოვდა და ფული თხოვა, რამაც ისინი, ცოტა არ იყოს, დააფრთხო. უცნობის სახელი იყო ანხელ რესენდიზი, ამ დროისთვის მას უკვე მოეკლა 6 ადამიანი და ახალ მსხვერპლებს ეძებდა. წყვილი წვეულებიდან ბრუნდებოდა და რამდენიმე კვარტლის მოშორებით, ლიანდაგთან ახლოს საუბრობდნენ. ანხელმა მსხვილი სადგისი ამოიღო და წყვილი დააშინა, შემდეგ ორივეს ხელები შეუკრა, დარწმუნდა, რომ ახლომახლო არავინ იყო და 20 კგ-იანი ქვით კრისი მოკლა. შემდგომ ჰოლის მიადგა და გააუპატიურა, თან პერიოდულად სცემდა. მოგვიანებით გონზე მოსულმა ჰოლიმ აღმოაჩინა, რომ მოძალადე წასულიყო, როგორღაც ძალა მოიკრიბა და სასწაულებრივად გადარჩენილმა უახლოეს სახლს მიაშურა, საიდანაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვალის ბუდეები დაზიანებული ჰქონდა, ყბის მიდამოში მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნებოდა, ასევე ჰქონდა სხვა სახის დაზიანებებიც. მკურნალობის შედეგად ჰოლი გამოჯანმრთელდა და რესენდიზის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. „რკინიგზის მკვლელის” ანგარიშზე 13 წლის განმავლობაში მინიმუმ 15 მსხვერპლი იყო, რომელთაგან მხოლოდ ჰოლი დანი გადარჩა.

3

  • ალსიდეს მორენო – გადმოვარდა 47-ე სართულიდან.
    ალსიდეს მორენო და მისი ძმა ედგარი ფანჯრების მწმენდავები იყვნენ და წლების განმავლობაში მანჰეტენის ცათამბჯენებში ერთად მუშაობდნენ. მსგავსი ტიპის სამუშაო, ცხადია, რისკს შეიცავს და 2007 წლის დეკემბერს ეს რისკი რეალობად იქცა – სამაგრი გაიხსნა და ძმები 150 მეტრი სიმაღლიდან ძირს აღმოჩნდნენ. შემთხვევის ადგილზე მისულ მეხანძრეებს ედგარი გარდაცვლილი დახვდათ, ხოლო ალსიდესი – ცოცხალი და გონზე მყოფი. უჩვეულო და გაუგებარია, როგორ უნდა მომხდარიყო მსგავსი რამ. ყველაზე სავარაუდო ახსნა ისაა, რომ ალსიდესი იმ პლატფორმაზე დარჩა, რომელზე დგომის დროსაც ფანჯრებს წმენდდა და ძლიერმა ქარმა წინაღობა შეამცირა, რის შედეგადაც პლატფორმისა და ქარის წინაღობის გარეშე ვარდნასთან შედარებით სიჩქარე სამჯერ შემცირდა. თუკი პერიოდულად პლატფორმა შენობას ეჯახებოდა, ეს კიდევ უფრო მეტად შეანელებდა ვარდნის სიჩქარეს. გარდა ამისა, მას არ დაურტყამს თავი ან მენჯები, რამაც სიკვდილის ალბათობა მინიმუმამდე დაიყვანა. თუმცა მას აღენიშნებოდა დაზიანებები ტვინის, ზურგის, მკერდისა და მუცლის მიდამოებში, მოიტეხა ნეკნები, მკლავი და ფეხები. ექიმების მოლოდინს კიდევ ერთხელ გადააჭარბა, როცა ფეხზე დასადგომად 1 წლის ნაცვლად 6 თვე დასჭირდა. როგორც მთავარმა ექიმმა აღნიშნა, მესამე სართულიდან გადმოვარდნის დროსაც კი ხშირია სიკდილიანობა, ხოლო მეათე სართულიდან გადმოცვენილთა უმეტესობა მორგში ხვდება. შესაბამისად, ალსიდესის შემთხვევა შოკისმომგვრელი იყო.

4

 

  • კენ ჰენდერსონი – ნავის ჩაძირვის შემდეგ შუა ზღვაში აღმოჩნდა.
    2012 წლის მარტში დიდი ხნის მეგობრები კენ ჰენდერსონი და ედ კოენი მექსიკის ყურეში თევზაობდნენ, როდესაც 9 მ სიგრძის ნავმა წყლით ავსება დაიწყო. ჰენდერსონი ამოტუმბვას შეეცადა, მაგრამ ამაოდ – სულ უფრო მეტი წყალი შემოდიოდა და ტუმბოებსაც ბოლო მოუღო. რადიოზე არავინ პასუხობდათ, ჰენდერსონის მობილური ტელეფონი სიგნალს ვერ იჭერდა, მეგობრებმა მხოლოდ ისღა მოახერხეს, სამაშველო ჟილეტები ჩაეცვათ და მცირეოდენი საკვებით წყალში გადაენაცვლათ, მალე კი ნავიც ჩაიძირა. გაყინულ წყალში მათ 30 საათი გაატარეს და ლაპარაკით ცდილობდნენ ერთმანეთის გამხნევებას, ერთმანეთთან ახლოს იყვნენ, რომ სხეულისგან წამოსული სითბო არ დაკარგულიყო და ფსიქოლოგიურად ებრძოდნენ დაღლილობას, შიმშილს, წყურვილსა და საშინელ სიცივეს. ჰენდერსონმა გადაწყვიტა, ბედი ეცადათ და გაეცურათ 80 კმ-ის მოშორებით მდებარე ნავთობის პლატფორმისკენ, მაგრამ ედ კოენს ენერგია აღარ ჰქონდა და მარტომ გასწია. მალე კენს დისორიენტაცია დაეწყო და ლამის კურსს აცდა, ეჩვენებოდა, რომ წყალქვეშ ყინულის ხეები იზრდებოდა. მეორე დღის 2 საათზე მან პლატფორმამდე მიაღწია და ცოლს დაურეკა, რომელმაც სანაპიროს დაცვას გამოუძახა. დაცვამ შემთხვევის ადგილას ედ კოენის გვამი აღმოაჩინა, მაგრამ რომ არა ჰენდერსონის ბრძოლისუნარიანობა, მასაც გარდაცვლილს იპოვიდნენ

5