ფრენდების უნიკალური ჯიშები Facebook-ზე (ნაწილი 2)

აღვირახსნილები – ბიჭები გამოირჩევიან სექსის პოზების, შიშველი გოგონების ფოტოების და სხვა, ეროტიკული ჟანრის მასალის გაზიარებით, გოგონები ან თავის პროფილზე აყენებენ შიშველი გოგონას ფოტოს, აი ისეთს, რომელსაც თვითონაც სიამოვნებით გადაიღებდა, რომ არა მამა, ძმა, ა.შ. ან კიდევ, ნახევრად შიშველი, მოდელი, სპორტსმენი ბიჭების ფოტოების და კომენტარად „უჰუუუ“, „მმმ“, „აუუ“ და მსგავს ღმუილ-ზმუილებს აყოლებენ…

ზომბები – ასეთი ხალხი, სადაც კი რამე „მადლს“ ან „სასწაულს“ მოჰკრავს თვალს, ისტერიულად აზიარებენ. მაგალითად, ნახეს თვითმფრინავის ცაზე გადაფრენის შედეგად, გამოსახული ჯვარი და კომენტარები „ამინ-ებით“ და გულებით აქვთ აკლებულ. აზიარებენ ასევე „თუ იესოს სახლში შემოუშვებდი გააზიარე“ ფოტო მასალებს, ხატზე ფოტოშოფით ტინტო ბრასის ფოტოც რომ ჩასვა, ამასაც „უფალო შეგვიწყალენ“-ის კომენტარებით აიკლებენ, მოკლედ, ძალიან ღრმად აქვთ შეტოპილი და კაცმა არ იცის, გამოტოპავენ თუ ვერ…
მარტივად ამოიცნობთ თემატურ ფოტოებზე შესაბამისი კომენტარებით:
ამინ
დიდება უფალს
უფალო შეგვიწყალენ
+++

მასოვკა-მომლოცველები – დღე არ გავა, რომ 100 ნინოს ნინოობა, 100 გიორგის გიორგობა და მსგავსი დღესასწაულები არ მიულოცონ და ყველა არ მოთაგონ კომენტარში. ახალ წელს ნაძვისხის სათამაშოებზე გვთაგავენ სრულიად ფრენდ ლისტს, აღდგომას წითელ კვერცხებზე და აბიბინებულ ჯეჯილებზე და ა.შ.

ლაიქ-მონსტრები – მსგავსი ხალხი ყველგან არის, ალაიქებენ თქვენთანაც, ჩემთანაც, იმასთანაც, სადაც არ უნდა შეხვიდე ყველგან მათი ლაიქები და კომენტარებია, ყველგან არიან, ლაივში კიდევ უმრავლესობას არც უნახავს, არსებობს ეჭვი, რომ ისინი არ არსებობენ

ფარული ვაჟკაცები – მსგავსი ხალხი, ყალბ პროფილს ამოფარებულები აგინებენ ყველას, ვინც არ მოსწონთ, ნამდვილი პროფილით კიდევ, ბუზს არ ააფრენენ. ყალბ პროფილს ასევე იყენებენ ადამიანების „შესაბმელად“ და ვერც ვხვდები, აი რანაირად უნდა შევება ისე, რომ არც მინახავს, არც ვიცი ვინ არის, აი ასე უბრალოდ შევება და მერე გამოჩნდება? სულ მინდოდა ამომეხსნა ფეიკებიდან დაწყებული ფლირტის ფენომენი

ოპოზიციონერები – რობის კონცერტზე თუ უმრავლესობას „ტრაკი“ მოეწონა, ესენი პირიქით, აპროტესტებენ, „ცხოვრება მხოლოდ ფოტოები არ არის“ მსგავს ინიციატივას ასევე უპირისპირდებიან და კრეატიულ სტატუსებს წერენ იმის შესახებ, როგორი ბანალურია სხვები, თუ ყველა იტყვის თეთრზე, რომ თეთრია, ეს ხალხი დაიწყებს მტკიცებას, რომ იქნებ ოდნავ კრემისფერი გადაკრავს და ა.შ.

სელებრითების მეგობრები – ეს არის ხალხი, ვინც ტელევიზორში თუნდაც ერთხელ გამოჩენილ ადამიანს ღმერთად თვლის და დღეში სამჯერ, ამ ცნობად მეგობრებთან გადაღებულ ფოტოებს აზიარებენ ისტერიულად. პირად წერილებსაც კედელზე უწერენ, აქაოდა გაიგოს ერმა, რომ თვით ვარსკვლავთან მეგობრობენ… უხარიათ და რა ქნან <3

გიჟი დედები – ეს კატეგორიაც ძალიან სასაცილო და საყვარელია, ძალიან მახალისებს, როცა მათ კომენტარებს ვხვდები. მაგალითად, ადამიანი „ნაშობს“, დებს გლამურულ ფოტოს, თავი მაღლა აქვს აწეული, კომენტარიც „დასტოინნი“ და ამ დროს დედა, დეიდა, ბებია:
დედა გენაცვალოს ჩემი კუდრაჭა გოგო
დეიდას ლამაზი ბიჭი
ჩემი ულამაზესი და უჭკვიანესი
დედას კიდევ მოთოკავ, ან დაბლოკავ, ან აუხსნი, რომ ცოტა მაინც შეარბილოს აღმატებითი ხარისხი, მაგრამ ისეთ ნათესავს, რომელთანაც ასე ახლოს არ ხარ – არც კი ვიცი რა შეიძლება ვუშველოთ

სიყვარულით გათანგულები – აი ზედ კედელზე რომ იპოსტავენ ცრემლებამდე, ტკივილამდე და სულის შეძვრამდე დრამატულ წერილებს შეყვარებულებს, თუ ცოლებს/ქმრებს…
ჩემი ერთადერთი სიყვარული ხარ, არც ვიცი შენს გარეშე როგორ ვცხოვრობდი, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ სიგიჟემდე, ცამდე და მეტირება ისეთი ბედნიერი ვარ, ბლაბლა…
კი ბატონო, გამოხატვა მნიშვნელოვანია, მაგრამ ვერ ვხვდები ამ დროს, იმ ერთს უტყდება სიყვარულში, თუ ვოლს და ამით გულს უხეთქავს ერს და ბერს?