„სუხიშვილების“ ანგელოზები - TOP5

ანა ქორიძე
„სუხიშვილებში“ მოხვედრა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება რეალობად მექცა. ყოველთვის ვამბობ, რომ როდესაც „სუხიშვილი“ ხარ, ბევრად სწრაფად ცხოვრობ, ვიდრე სხვები. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და მეამაყება, რომ იმ გუნდის ნაწილი ვარ, რომელსაც მსოფლიომ „მერვე საოცრება“ უწოდა.

თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს. ჩემი ჰობი ცეკვა და მოგზაურობაა, რომელიც, ამავდროულად, ჩემს პროფესიადაც იქცა. მიყვარს კითხვა, თხილამურები, თუმცა დროის სიმცირის გამო, განტვირთვას იშვიათად ვახერხებ. საუკეთესო დასვენება ჩემთვის ზღვა და მზეა. საყვარელი ადამიანისა და მეგობრების გარემოცვაში ყოფნა კი, იმ ენერგიის აღდგენაში მეხმარება, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში ვხარჯავ.

პროფესიიდან გამომდინარე, ვცდილობ ყოველთვის შევინარჩუნო კარგი ფიზიკური ფორმა. წონის პრობლემა არასოდეს მქონია, არც განსაკუთრებული დიეტა დამიცავს. სხვებსაც ვურჩევდი ივარჯიშონ, იარონ ფეხით და იცურაონ. თუმცა მიმაჩნია, რომ ლამაზი ქალის საიდუმლო მაინც მისი შინაგანი მდგომარეობაა – ინტელექტი, ბედნიერი ოჯახი, საყვარელი საქმე და ჯანსაღი გარემო, ყველაზე მეტად ალამაზებს ქალს.

ნათია ბაკურაძე
მთელი ჩემი ცხოვრება ამ ანსამბლთანაა დაკავშირებული. ეს, ერთდროულად, უდიდესი პატივიცაა და პასუხისმგებლობაც. ანსამბლის წევრობა არ ნიშნავს მხოლოდ კარგად ცეკვას – თითოეული ჩვენგანი „სუხიშვილების“ სახეს წარმოადგენს, შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობ კარგი ფიზიკური ფორმა შევინარჩუნო. ამაში ყოველდღიური ვარჯიში ძალიან მეხმარება. ზოგადად, მიყვარს ბუნებრიობა და ჩემი სილამაზის საიდუმლოც ეს გახლავთ, თუმცა, როცა საჭიროება მოითხოვს, არც მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და მაკიაჟზე ვამბობ უარს. ყველა ქალბატონს ვურჩევ, იყვნენ ბუნებრივები, ლამაზები და მუდამ შეყვარებულები.

მარიამ მათიაშვილი
„სუხიშვილებმა“ ჩემი ცხოვრება საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა. თითოეული მოცეკვავე არა მხოლოდ ჩემი კოლეგა, არამედ მეგობარიცაა. გადატვირთული გრაფიკის გამო, დროის უმეტეს ნაწილს მათთან ერთად ვატარებ. შესაბამისად, დასასვენებლად და გასართობადაც, ერთად დავდივართ.

დროის უმეტეს ნაწილს მაინც რეპეტიციებს ვუთმობ. ეს, თავისთავად, ენერგიის დახარჯვაში და სხეულის ტონიზირებაში მეხმარება. ჩემი ასეთი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაც ცეკვის დამსახურებაა, რადგან არც დიეტებს და არც სხვა გასახდომ საშუალებებს არ მივმართავ. ჩემი მეგობრული რჩევა იქნება, რაც შეიძლება ბევრი იცეკვოთ – ეს ფორმის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ და, რაც მთავარია, მეტი პოზიტივით დაგმუხტავთ.

თამრი ხურცილავა
პროფესიით მსახიობი ვარ. თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე და გარკვეული პერიოდი თეატრშიც ვმუშაობდი. „სუხიშვილები“ ჩემი მეორე ოჯახია, არ შემიძლია არ აღვნიშნო ნინო სუხიშვილის გვერდში დგომა. უზომოდ რთულ პერიოდში მივიღე ის საჩუქარი, რომელიც ყველაზე მეტად მჭირდებოდა – ოროთახიანი ბინა. ამ სიკეთისთვის დიდი მადლობა ნინოს და ილიკოს, და მადლობა სამშენებლო კომპანია „სვეტს“.

რაც შეეხება სილამაზესა და თავის მოვლას, ამისთვის განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. ყოველთვის ვცდილობ, კარგად გამოვიძინო. არის პერიოდები, როდესაც კვების მკაცრ რეჟიმსაც ვიცავ, ვცდილობ მივირთვა ჯანსაღი პროდუქტები და ვიკვებო სწორად. დიეტის დროს, კვების რაციონიდან მთლიანად გამოვრიცხავ ცომეულს და ღამით არ მივირთმევ. ეს კი, საკმარისია იმისთვის, რომ იდეალურად გამოვიყურებოდე. ყველაზე მეტად, ფორმის შენარჩუნებაში, ცეკვა მეხმარება.

სალომე ჩიტიაშვილი
პროფესიით რესტავრატორი ვარ, ძალიან მაინტერესებს ეს საქმე და მაგისტრატურაზე გამოცდების ჩაბარებასაც ვაპირებ. ჩემი ერთ-ერთი ჰობი მოგზაურობაა, „სუხიშვილებთან“ ერთად კი, თითქმის მთელი მსოფლიო მოვიარე. ძალიან მიყვარს ფეხით სიარული. თავისუფალ დროს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ვატარებ. ვიყო რიგითი „სუხიშვილი“, ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ჩემი ქვეყნის ისტორიას და კულტურულ მემკვიდრეობას წარმოვაჩენ. ძალიან გამიმართლა, რომ ამ ანსამბლის წევრი ვარ.

8 წლის ასაკიდან ვცეკვავ. ყოველდღიური რეპეტიციები და ფიზიკური დატვირთვა ხელს მიწყობს, რომ კარგი ფიზიკური ფორმა შევინარჩუნო. ყველა გოგონას ვურჩევ, იყვნენ ფიზიკურად აქტიურები, დაკავდნენ სპორტით, ან თუნდაც, ცეკვით – მოყვარულის დონეზე მაინც. ეს ყველაფერი მათ დაეხმარებათ მუდმივად შეინარჩუნონ ტონუსი და სხეულის იდეალური ფორმები.


ფოტოსურათები  იხილეთ  საიტზე  okmagazine.ge