10 ყველაზე სამარცხვინო გრამატიკული შეცდომა

დღეს ყველა მორალისტად არის ქცეული. გაგიკვირდებათ და გაგეღიმებათ, ამას მე რომ ვამბობ, თუმცა ჩემ კრიტიკასაც და ყველაფერში პრობლემის ძიებას შორის – განსხვავება თვალშისაცემია.

განსაკუთრებით, გულს მიკლავს მაღალფარდოვანი, მეტისმეტი განათლებულობის ხაზგამსმელი სტატუსები, რომლებიც ამავდროულად, გამოძეძგილია ისეთი გრამატიკული შეცდომებით, რომელთა დანახვაზეც კი – მათ ნაცვლად მრცხვენია.

მესმის, რომ 100%-ით გამართული ქართულით თითქმის არავინ ვმეტყველებთ, ვწერთ, თუმცა, ეს ათი ფრაზა, რომელსაც ჩამოვთვლი – ჩემ შემთხვევაში ადამიანზე წარმოდგენის მიწასთან გასწორების ტოლფასია.

მოკლედ, დავიწყოთ…

საქმის ყურში – ყურში არა და საქმის სწორ ნაწლავში კიდევ. გთხოვთ დაიმახსოვროთ, რომ საქმეს არ აქვს არც ყური, არც ცხვირი, არც სასქესო ორგანოები. სადღაც მოისმინეთ „საქმის კურსში“ და შემდეგ თქვენებურად გადააკეთეთ, ისევე, როგორც ჩემი მეზობელი, მაღაზიის გამყიდველი ნარგიზა დღემდე „კროვასალს“ ეძახის კრუასანს და აბა გაბედე და უთხარი, რომ ეშლება?!
არ ქნათ ეგ მეორედ, დავიწყეთ საქმის ყური, გთხოვთ!

შეურაწყოფა – ეს იმდენად ხშირად მხვდება ბოლო პერიოდში, რომ აღარ ვიცი, რა გვეშველება. თან ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ჟურნალისტები, მასწავლებლები და მსგავსი პროფესიის ხალხიც აქტიურად იყენებს ამ საშინელ სიტყვას…
აბა, ვიმეორებთ ყველა ერთად: შე-უ-რა-ც-ხ-ყო-ფა!

გამარჯობათ, ბოდიშით – ეს ყველაზე გასაგებია, მაშინ როცა… წარმოიდგინეთ, რომ შედიხართ ისეთ საზოგადოებაში, სადაც თ-ს გარეშე წარმოთქმულ გამარჯობას შენობით და შეჩემობით მიმართვაში ჩაგითვლიათ, შეგნებულად დაუშვებ შეცდომას და ერთი ისეთი მაინც დაგხვდება, ვინც ამისთვის ვირზე შეგსვამს უკუღმა, ამიტომ, მარტივი გამოსავალია, შემდეგი ალტერნატივები: მოგესალმებით, როგორ ბრძანდებით, უკაცრავად, მაპატიეთ, ა.შ.
ალბად, გარედ, შიგნიდ, ცუდათ, კარგათ – მოკლედ, ხალხის ნაწილმა გაიგო, რომ ცუდა-თ, კარგა-თ და მსგავს თ-ებიან სიტყვებს იყენებენ „გოიმები“ და ამის საპირწონედ, ყველა გადავიდა დ-ზე. ახლა გვაქვს: შიგნიდ, გარედ, ალბად, ა.შ.
რბილი ლასი რომ გაქვს, რომ გეტყვიან და ვაი და არ გამეპაროსო და გამაგრების მეორე უკიდურესობაში რომ გადასდით, როცა ი და ე-ს წინ, თავისთავად ოდნავ რბილი უნდა იყოს ისედაც.

მცნება-ცნება – ესეც ვერ დაიმახსოვრა საზოგადოებამ, რომ მცნება არის ათი, ცნება არის ტერმინი, დეფინიცია, არ თქვათ ეგ სიტყვა მეორედ!
ჩემის აზრით
– თქვენი აზრით, თქვენიი, ს საიდან მოვიდა? ჩემი მოსაზრებით, ან ჩემი ხელითო რომ ამბობთ, ჩემის ხელით და ჩემის მოსაზრებით უნდა თქვათ ანუ?
მადლობა მოუხადა – მადლობა გადაუხადა, ბოდიში მოუხადა. ამ შეცდომას იმდენი ადამიანი უშვებს, რომ მინდება ხოლმე, სათითაოდ დავუკომენტარო, თან ისეთი ფორმით, რომ არასდროს დაავიწყდეთ, მაგრამ მე ვინ დამნიშნა ერის მამად, როო?  საბედნიეროდ, “ბოდიში მინდა გადავუხადო” – წინადადება არსად მომისმენია, მადლობა.
კლდემამოსილი, კლდემა – კდემა, კდემა. რა ვიცი, დავამატო კიდევ რამე?
ორჯელ, სამჯელ, ბევრჯელ – ერთხელ, ორჯე-რ, სამჯე-რ და ა.შ.
აფსოლიტურად
– აბსოლუტურად, ამის დამახსოვრებაც არ გაწყენდათ, ძალიან უხეშად ხდება ყურსაც და თვალსაც.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო (ზემოთ ნახსენები ფრაზების გამომყენებლები ამას ასე დაწერდნენ: ბევრი, რომ არ გავაგრძელო) – ეს არ არის გრამატიკის გაკვეთილი, ეს არის სამარცხვინო სიტყვების დაჯგუფება და მოწოდება ერისთვის, რომ აღარ გამოიყენონ.

კომენტარებში ალბათ იმაზეც დაიწყება დავა, გავაგრძელო უნდა დამეწერა, თუ განვაგრძო… მოკლედ, მეც გიტოვებთ დამატებითი განხილვის თემას და შიგადაშიგ გაძლევთ საშუალებას, ჩემივე მიერ, შეგნებულად დაშვებული მცირე მორფოლოგიური თუ სინტაქსური შეცდომები დაიხვიოთ თითზე…