თბილისის ვაგზალი, როგორც ერთი დიდი საროსკიპო

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობა ქალაქის მთავრობას დახმარებას სთხოვს - 25 წელია მათი ქუჩები მსუბუქი ყოფაქცევის ქალების შეკრების ადგილია. ამბობენ, რომ აქ ცხოვრება უკვე გაუსაძლისია, რადგან მათი სახლების ფანჯრების წინ მუდმივად ჩხუბი, გინება და აყალმაყალია.


თევდორე მღვდლისა და გოგოლის ქუჩებზე მრავლადაა ბარები თუ მასაჟის კაბინეტები, რომლებიც, ადგილობრივთა თქმით, რეალურად მეძავთათვის ადგილის გადასაცემადაა გახსნილი. გარდა ამისა, იმავე ქუჩებზე საათობრივად ბინები და ოთახებიც ქირავდება.


მეძავების გარდა, ეს ქუჩები ალკოჰოლიკების, ნარკომანებისა და უსახლკაროების შეკრების ადგილიცაა. მოსახლეობა ჩივის, რომ ღამით ისინი პირდაპირ ქუჩებში წვანან და ყველანაირ მოთხოვნილებას იქვე იკმაყოფილებენ. ხშირი ჩხუბის გამო კი, მათი თქმით, შებინდებისას გარეთ გასვლა დიდებისთვისაც საშიშია და პატარებისთვისაც.


ზემოხსენებული ქუჩების მოსახლეობამ აქციებიც არაერთხელ გამართა, თუმცა უშედეგოდ. ამბობენ, რომ პატრული ყველაფრის საქმის კურსშია, თუმცა, სიტუაციას მაინც არავინ აკონტროლებს.


ნინო თოდუა წლებია თევდორე მღვდლის ქუჩაზე ცხოვრობს. ამბობს, რომ ის, რაც ქუჩებში ხდება, ყოველგვარ ზღვარს სცილდება.


"თევდორე მღვდლისა და გოგოლის ქუჩები დღის მეორე ნახევარსა და საღამოს მსუბუქი ქალების შეკრების ადგილია. ისინი არც ბავშვებს ერიდებიან, არც ქალებს და კაცებს მითუმეტეს. ძალიან უწმაწურ სიტყვებს ხმარობენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ე.წ. კლიენტი მიუვათ და თანხაზე ვერ რიგდებიან.


"არის ჩხუბი, გინება და გაწევ-გამოწევა. ეს აქ მცხოვრებ ადამიანებს, რა თქმა უნდა, დიდ დისკომფორტს გვიქმნის. აქამდე "კლიენტები" ბინებში მიჰყავდათ. ვიცოდით კიდეც იმავე ქუჩებზე ბინები, რომლებსაც მათზე საათობრივად აქირავებდნენ. ახლა კი გოგოლის ქუჩაზე უკვე სასტუმროც გაიხსნა, სადაც მიჰყავთ. ეს ყველაფერი მოსახლეობის, ბავშვების თვალწინ ხდება," - ყვება ნინო.


ის, რომ ქუჩებზე არა მხოლოდ მეძავები იკრიბებიან, არამედ ალკოჰოლიკები, ნარკომანები და უსახლკაროებიც, მისი თქმით, ხმაურთან და სხვა ტიპის დისკომფორტთან ერთად, ანტისანიტარიასაც იწვევს.


"მოსახლეობა უკიდურესად ცუდ სიტუაციაში ვართ, საღამოს და ღამე განსაკუთრებით. დაძინება შეუძლებელია. ზაფხულის მიუხედავად, ფანჯრები მუდმივად დაკეტილი გვაქვს, მაგრამ ესეც არ გვშველის. ჩვენი ფანჯრების წინ მიდის უწმაწური საუბარი, ფასზე მორიგება, დეტალების გარჩევა და ა.შ.


"ამ ყველაფერს პატრულიც გადასარევად ხედავს, მაგრამ არავინ არაფერს ამბობს. რამდენჯერ გამოვიძახეთ, მაგრამ რეაგირება არაა. ვერ ვიგებ, თუ ჩვენ ქვეყანაში პროსტიტუცია არაა ლეგალური, მაშინ შუა ქუჩებში, ქალაქის ცენტრში ასეთი სიტუაცია რომაა, რატომ არავინ აქცევს ყურადღებას? არაერთი აქცია ჩავატარეთ, მაგრამ ყურადღებას მაინც არავინ გვაქცევს.


"საღამოს ბავშვების გაშვების ყველას ეშინია. თუნდაც, ცოტა გვიან სახლში დაბრუნებაც არაა უსაფრთხო, რადგან ქუჩა მუდმივად არაფხიზელი ადამიანებითაა სავსე," - ამბობს ნინო თოდუა.


იგივე ჩივილით მოგვმართა თევდორე მღვდლის ქუჩის კიდევ ერთმა მცხოვრებმა მანანა ჩარკვიანმა. ამბობს, რომ აუტანელი სიტუაცია უკვე დიდი ხანია გრძელდება. ყვება, რომ პატრულის ქუჩაზე გამოჩენისთანავე იქ შეკრებილები იფანტებიან, მისი ჩავლის შემდეგ კი კვლავ თავიანთ ადგილებს უბრუნდებიან.


"ფანჯარაში გახედვაც კი აღარ გვინდა. ამ ქალებმა ყველანაირი მორალური ზღვარი გადალახეს, პირდაპირ ჩვენს ფანჯრებთან მიდის ვაჭრობა და სახლში ყველაფერი სიტყვასიტყვით ისმის, დაკეტილ ფანჯრებშიც კი.


"მეძავებზე არანაკლებ ლოთები გვაწუხებენ. არალეგალური სავაჭრო პუნქტები აქვთ, საიდანაც საეჭვო სასმელს ყიდიან. ღამე პრდაპირ ჩვენს ქუჩაზე, ტროტუარებზე სძინავთ. იქვე სვამენ და ბუნებრივ მოთხოვნილებებსაც იქვე, ჩვენს ფანჯრებთან იკმაყოფილებენ.


"გარევაჭრობის გამო სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორია ხომ ისედაც ანტისანიტარიის ბუდედაა ქცეული და ამას ქუჩების საპირფარეშოებად გადაქცევაღა აკლდა... ისეთი სუნია, ფანჯრების გახსნა შეუძლებელია. ტყუილს ვერ ვიტყვი, ქუჩებს გვიან, მაგრამ დაგვა არაფერს შველის. მაინც მუდმივად დაბინძურებულია," - ამბობს ქალბატონი მანანა.


იგი დახმარებას ითხოვს და აქვე დასძენს, რომ მათი უბნის მაჟორიტარი, ან თუნდაც მერია მოსახლეობის პრობლემებით არასოდეს დაინტერესებულა, მიუხედავად იმისა, რომ აქციებს პერიოდულად მართავენ.


ქალბატონი მანანას თქმით, თუკი სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად არავინ იზრუნებს, აქციები უფრო ფართო და მასშტაბურ სახეს მიიღებს.


"ქუჩის გადაკეტვა არ გვინდა, მაგრამ თუ ყურადღება არ მოგვაქციეს, სხვა გზა არ დაგვრჩება. აქციებში ყველა ჩავერთვებით" - აცხადებს იგი.


აქციებთან ერთად შიმშილობის დაწყებასაც კი არ გამორიცხავს გოგოლის ქუჩაზე მცხოვრები ქალბატონი ნანა, რომელმაც გვარის დასახელებისაგან თავი შეიკავა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქუჩაზეა გაზრდილი, ბინას ყიდის, რათა უფრო წყნარ უბანში გადავიდეს. თუმცა, როგორც კი ბინის მსურველები ქუჩაზე არსებულ სიტუაციას ხედავენ, ყიდვის სურვილს აღარავინ გამოთქვამს. მიუხედავად იმისა, რომ ბინის ფასი მაქსიმალურად დაწიეს.


"სიცოცხლე აღარ მინდა, შვილო. სხვადასხვა ასაკის შვილიშვილები მყავს და ბავშვობიდან ამ სიბინძურეს უყურებენ. სადგურის მოედნის მიმდებარედ მოსახლეობა ერთ დიდ ბაზარსა და საროსკიპოში ვცხოვრობთ. ყველანაირი მომსახურების ფასები ზეპირად ვიცით, რადგან ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდება.


"სადმე ნაკლებად ხალხმავალ ადგილას, გარეუბნებში რომ იკრიბებოდნენ, სადაც მოსახლეობა არაა, ვინ დაუშლიდათ, მაგრამ ქალაქის შუაგულში, ასეთ მჭიდროდ დასახლებულ ადგილას ასეთი ამბავი შეიძლება?! ჩვენი ქუჩა, ფაქტობრივი, საროსკიპოა", - აცხადებს ქალბატონი ნანა.


აღსანიშნავია, რომ საქართველოში პროსტიტუცია არალეგალურია. თუმცა, კანონის მიხდვით, დანაშაულად არა პროსტიტუცია, არამედ ამისთვის ადგილის გადაცემაა მიჩნეული.

გაზეთი "რეზონანსი"


mediamall.ge