„შარდენზე პროვინციალიზმი და უკიდურესი გოიმობა თუხთუხებს“

საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნებული და შარდენის ხმაურით შეწუხებული ხელოვანი პაატა ქურდაძე, რომელმაც შარდენზე განთავსებულ კაფეებისა თუ კლუბების მეპატრონეებს უამრავი პოსტი, განცხადება თუ ტელევიზიით გამოსვლა „მიუძღვანა“, ისევ ძილგატეხილი და აღშფოთებულია. „მეოთხე თვეა ჩემს გოდებას ყურადღებას არ აქცევთ“- ვკითხულობთ სოციალურ ქსელში.
პაატა ქურდაძე: ძალიან სიმპტომატურია, ძალიან ქართული - ქვეყნის ისტორიული გული- ადგილი სადაც ვახტანგ გორგასალმა ხოხობი მოკლა და დედაქალაქი დაარსა, სადაც ასი ათასი თბილისელი აწამეს, უბანი - რელიგიური ტოლერანტობის სიმბოლო - რომლითაც ასე ამაყობს მთელი საქართველო, რომლის ფოტოები და ვიდეოები ტურისტების სატყუარასაით გვაქვს ჩაგდებული ინტერნეტის ოკეანეში...

ისტორიული ცენტრი, რომელსაც გადმოჰყურებს საერო და საეკლესიო ყველაზე მაღალი იერარქიის სიმბოლოები - საპრეზიდენტო სასახლე და სამების ტაძარი , სადაც ბოლოს და ბოლოს ჯორჯ W - მ ხინკალს გაუსინჯა გემო და კმაყოფილმა კურტუმო გააქნია კინტაურის ფონზე ...

აი ეს ადგილი ყოველ ღამე თქვენი და ასობით, ათასობით უცხოელის თვალწინ სამარცხვინო კაკაფონიაში ვიბრირებს, უგემოვნობა, პროვინციალიზმი, უკიდურესი გოიმობა ისე თუხთუხებს როგორც ევრორემონტიან ჩეჩმში განავალი... ამაზე მეოთხე თვეა ჩემს გოდებას ყურადღებას არ აქცევთ, ისევე როგორც ამ უბნელების რამდენიმე წლიან ტანჯვას და საკუთარ ვენებს იჭამთ გამწარებულები იმის გამო, რომ თხუთმეტი სპორტცმენი სადღაც რიოში ორჯერ გაივლის სტადიონზე ცუდად ჩაცმული!...

აბა რა გითხრათ , რით გაგახაროთ - იმ ათასობით უცხოელის თვალში. ვისაც ეს პროვინციული მასობრივი "ტანც პლაშადკად" ტრანსფორმირებული საქართველოსა და თბილისის ისტორიული ცენტრი ნანახი აქვს, ამ ქვეყნის და ხალხის გემოვნებისა და კლასის შესახებ წარმოდგენას ვერც ლევან ვასაძე გაუფუჭებს მეტად და ვერც კოკო შანელი გამოუსწორებს რომც გააცოცხლო.

ის რაც აქ ხდება ქვეყნის ინსტიტუციონალური, დაკანონებული,სახელმწიფო და ეროვნული გოიმობაა.. გაცილებით უარესი, ვიდრე ოლიმპიადის გახსნაზე ცუდი ტანსაცმლით გავლა... მაგრამ რას იზამ, აქსიომაა - გოიმი ვერასდროს ვერ ხვდება რომ გოიმია.. თუმცა ძალიან განიცდის როდესაც უყურებენ და ნერვიულობს ... აი ზუსტად ისე, როგორც ფეისბუქის გამოჩენილი აქტივისტები, პოლიტიკოსები, წინასაარჩევნოდ ანერვიულებული პარლამენტარები, მათი "ცოლების დაქალები" ბიძაშვილ-მამიდაშვილები, საზოგადოების სრული სპექტრი - გუშინ საღამოს ოლიმპიური "შმოტკების" განხილვისას...

მეც კი გამოვეხმაურე.. მაგრამ მერე დილის სამ საათზე ჯოჯოხეთური ხმაურით დასტრესილმა გავიფიქრე - აბა სხვა რა უნდა ეცვას ამ უკიდურესად, ხმაურიანად და გამაღიზიანებლად გოიმი ქვყნის დელეგაციას მეთქი .

PS. ცნობისთვის : შარდენზე ბოლო დღეებში ხმაურმა ორჯერ მოიმატა. ძირითადად კარაოკები დომინირებენ! უკვე პოლიციაშიც აღარ ვრეკავ, რა აზრი აქვს...


newposts.ge