"2015 წელს თბილისი სასაფლაოდ იქცევა"

მეცნიერი ალტერნატივად გერმანელი სპეციალისტების მიერ შემუშავებულ ჰესების პროექტზე საუბრობს, რომელიც გვირაბულ სისტემას გულისხმობს.

არის თუ არა მოსალოდნელი საქართველოში სერიული მიწისძვრები, - ექსპერტების ნაწილი პრობლემას ჰესების აშენებას უკავშირებს, მათი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა სჭირდება და სწორედ ამისთვის ათეულობით მძლავრი ჰესი უნდა აშენდეს. ცალკეული მეცნიერები კი თვლიან, რომ საქართველოსნაირი რელიეფის მქონე ქვეყნისთვის მცირე ჰესები გამანადგურებელია...

„ქართული სიტყვა“ ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, მწერალ აკაკი გასვიანს ესაუბრა.

მისი თქმით, კავკასიონი მთაგრეხილების ახალი სისტემაა, რომელიც ყოველწლიურად იზრდება.

„მსოფლიო სეისმოლოგების მონაცემებით, 2014 წლის შემოდგომასა და მომავალ წელს ახლო აღმოსავლეთი და კავკასია, კერძოდ, საქართველო აქტიურ სეისმოლოგიურ ზონაში მოხვდებიან, რის შედეგადაც შესაძლოა, მცირე ვულკანური წარმონაქმნებიც გაჩნდეს. დარიალის ხეობაში ყინულის უზარმაზარი მასის ჩამოწოლა ბუნების სიგნალი და გაფრთხილება იყო, რომ რღვევები დაწყებულია და ამიტომ, მაღალი სიმძლავრის ჰესების მშენებლობა უნდა შეჩერდეს“, - აცხადებს გასვიანი და თამაზ ჭელიძის ინტერვის იხსენებს, სადაც მეციერი ამბობს, რომ 2014 წლის ბოლოს და 2015 წელს 9-ბალიანი მიწისძვრებია მოსალოდნელი.

„მსგავსი კატაკლიზმები განსაკუთრებით საშიში დედაქალაქისთვისაა. ასეთი კატასტროფის შემთხვევაში, თბილისი სასაფლაოდ იქცევა. უკვე ორი ათეული წელია, ახალი კორპუსები ისე შენდება, რომ არც გრუნტს სწავლობენ და არც იმას ამოწმებენ, თუ როგორ სამშენებლო მასალას იყენებენ. ამის კონტროლი ,,ნაციონალური” მმართველობის დროს არ ხდებოდა და სამშენებლო პოლიტიკაში წესრიგი ჯერჯერობით ვერც „ოცნებას“ დაუმყარებია“, - აცხადებს გასვიანი.

მეცნიერი ალტერნატივად გერმანელი სპეციალისტების მიერ შემუშავებულ ჰესების პროექტზე საუბრობს და ამბობს, რომ გერმანელმა მეცნიერებმა ჰესების აშენების გვირაბული სისტემების პროექტი შეიმუშავეს, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხო და ნებისმიერ სიმძლავრეზეა დამუშავებული. ,,ფონდმა ,,მესხეთმა” გერმანელებთან კარგი კონტაქტი დაამყარა და ახლა ცდილობს, ამჟამინდელ ხელისუფლებას დააკავშიროს, რათა ამ მიმართულებით წავიდნენ“. მისი თქმით, გვირაბული მეთოდით ამის თავიდან აცილება შესაძლებელია, არც ხეების მოჭრა იქნება საჭირო.






წყარო