თუ პური არ გაქვთ, ნამცხვარი ჭამეთ...

პრემიერი კვირიკაშვილი მიიჩნევს რომ „ქვეყანა იმყოფება ძალიან კარგ პირობებში“. მან ეს უცნაური განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააჟღერა.

„2012 წლის შემდეგ ქართული ლარი გაუფასურებულია, დაახლოებით 60-დან 65 %-მდე ფარგლებში.

ეს არ არის კარგი, თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ საქართველო თავისი ეკონომიკური განვითარების დინამიკით, მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და მიუხედავად იმ სოციალური ფონისა, რომელშიც ჩვენი მოსახლეობა ცხოვრობს, გამომდინარე ჩვენი ქვეყნის განვითარების დონიდან, იმყოფება ძალიან კარგ პირობებში“, - სრული სერიოზულობით აცხადებს პრემიერი კვირიკაშვილი.

როგორც ჩანს, კვირიკაშვილი თავისი უზარმაზარი კაბინეტის ფანჯრებიდან უყურებს საქართველოში შექმნილ ღრმა ეკონომიკურ კრიზისს და სულაც ვერ ხედავს მილიონამდე ღარიბს, 50 ათასამდე მშიერ ბავშვს, გაღატაკებულ საზოგადოებას, გაძვირებულ ცხოვრებას, გაზრდილ ფასებს, გაუფასურებულ ლარსა და ყველა იმ ნეგატივს, რომელიც მათ შორის მისი ხელისუფლების არასწორმა პოლიტიკამ მოიტანა.

არის თუ არა პრემიერ კვირიკაშვილის დღევანდელი განცხადება ადეკვატური?

ამ კითვაზე ალბათ, ყველაზე ზუსტ პასუხს ის ადამიანები გასცემენ, რომლებიც სწრაფ განვითარებასა და კეთილდღეობას ელოდებოდნენ, თუმცა, ღრმა ეკონომიკური კრიზისის გამო, შიმშილისა და სიღატაკის ზღვარზე აღმოჩნდნენ.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანებს პური არ აქვთ, პრემიერი კვირიკაშვილი კი მათ ეუბნება რომ „თუ პური არ აქვთ, ნამცხვარი ჭამონ“.