მამას, რომლის ცხედარიც 5 დღის ძებნის შემდგომ წყალში ვიპოვეთ...

მომღერალი ლაშა ღლონტი სოციალურ ქსელში სევდიან სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„უმძიმესი წუთები მიდგას, ტრაგიკულად გარდაცვლილ მამას, რომლის ცხედარიც 5 დღის ძებნის შემდგომ წყალში ვიპოვეთ, ღამეს ვუთევ.

მახსენდება მასთან ერთად გატარებული ყოველი წამი.

უცებ, თითქოს არაფერ შუაში გონებაში ამოტივტივდა ერთი ისტორია: შეყვარებული ვიყავი და ჩემს მომავალ მეუღლესთან თეასთან ერთად ბათუმის ქუჩებში ვსეირნობდი. ერთერთ კაფეში მამაჩემის ძმაკაცი, ნუგზარ ჯაფარიძე შემხვდა. რომ დამინახა გოგოსთან ერთად, ფეხზე წამოდგა, თეას ხელზე ეამბორა, ერთი წუთითო გვითხრა და სადღაც გაუჩინარდა. 5 წუთში იგი თეთრი ვარდების უზარმაზარი თაიგულით მოგვევლინა.

ამ ამბის მერე, იგი მალე გარდაიცვალა.

უკვე ძალიან გვიანია დილის 4 საათი. ვდგავარ მამის კუბოსთან მარტოდმარტო და მიხარია, რომ არ გამწირა უფალმა და ცხედარი მაინც ვიპოვე.

უცებ კარზე მორიდებული კაკუნის ხმა შემომესმა, მივედი და კარს უკან ბატონი ნუგზარის შვილი, ზალიკო იდგა.

,,უკაცრავად ლაშა შეიძლება მამათქვენს ფსალმუნი წავუკითხოო" იგი დილამდე იდგა მამაჩემის კუბოსთან და ჩუმად, თვალცრემლიანი ფსალმუნს კითხულობდა.“ - წერს ღლონტი პირად ფეისბუქ გვერდზე.