21 წლის გოგონას თავს გადახდენილი უდიდესი ტრაგედია

აფროდიტა ჩემი კორპუსის ეზოში გაიზარდა. მახსოვს, მის ხელში აყვანასა და მოფერებას ერთმანეთს ვასწრებდით - მართლა ზღვის ქაფიდან გამოსულს ჰგავდა - მსხვილი, ქერა კულულებითა და დიდი, ცისფერი თვალებით... მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ პატარა გოგოს რამდენიმე წელიწადში ცხოვრება სერიოზულ გამოცდას მოუწყობდა; ისეთს, მხოლოდ ერთეულებს რომ შეუძლიათ გაუძლონ... 2013 წელი მისთვის მართლა "13" აღმოჩნდა - 6 თვის ინტერვალით, ჯერ სიცოცხლით სავსე 41 წლის მამა, შემდეგ კი იმავე ასაკის, ლაღი და ყველას მიმართ მოსიყვარულე დედა დაკარგა... ამ ტრაგედიას კიდევ უფრო დრამატულს ის ხდის, რომ მარჩენალდაკარგულ ოჯახში მხოლოდ ის და მოხუცი ბებია დარჩნენ.

- სულ რაღაც ერთი წლის წინ ჩვეულებრივი, მშვიდი ოჯახი მქონდა, ბედნიერები ვიყავით. მატერიალური პრობლემების გამო დედას და მამას ბოლო რამდენიმე წელი საზღვარგარეთ მოუხდათ წასვლა. 2013 წლის 6 იანვარს ყველაფერი თავდაყირა დადგა - მამა ავარიაში მოყვა: ველოსიპედით მიმავალი, ჩანთის გასასწორებლად დაიხარა; სწორედ ამ დროს წინ მიმავალი ტრაილერი უხვევდა და მამას სიცოცხლეც შეიწირა... მისი სხეული ნაწილებად ჩამომიტანეს... დავკარგე შვილზე გადარეული მამა, მაგრამ თავი მაინც ძლიერად მიმაჩნდა - დედა მყავდა, რომელსაც დაბრკოლებების არ ეშინოდა... ოჯახის მარჩენლად დედა იქცა, ამიტომ მალევე მოუხდა ისევ თურქეთში დაბრუნება. ნელ-ნელა, ნერვიულობის ნიადაგზე, ჯანმრთელობა შეერყა. დაუდგინეს ნერვის ანთება და მკურნალობა დაუნიშნეს. საბოლოოდ, ნერვის პრობლემა საერთოდ არ აღმოჩნდა, მაგრამ დედას უკვე წამლების აურაცხელი რაოდენობა ჰქონდა დალეული... დედ-მამაზე ნერვიულობის გამო ბაბუა - დედას მამა გარდაიცვალა. დედა მამამისის დაკრძალვაზე ქუთაისში ჩამოვიდა. მოგვიანებით, ნათესავები ამბობდნენ, რომ გასვენებაზე დედას მდგომარეობის გამო უფრო დარდობდნენ, ვიდრე გარდაცვლილ ბაბუას... საბოლოოდ, ქართველი ექიმების დაუდევრობით, არასწორი დიაგნოზითა და მკურნალობით მამას გარდაცვალებიდან 6 თვეში დედაც გარდაიცვალა. 21 წლის ასაკში ცხოვრების პირისპირ სრულიად მარტო, ნათესავებისა და პენსიონერი ბებიის იმედად დავრჩი.

- ერთი ადამიანისთვის ამხელა სტრესი მეტისმეტია. ვიცი, სპაზმური შეტევები გქონდა, გაძინებდნენ... როგორ დააღწიე თავი ამ მდგომარეობას?
- დედას გარდაცვალების შემდეგ სრული აგონია მქონდა. ნერვული სისტემა საერთოდ გამოვიდა მწყობრიდან, ნერვებმა ყველაფერი ჩაითრია, მთელი სხეული მტკიოდა, მეწვოდა. ახლაც მრავალმხრივი მკურნალობა მჭირდება. სტუდენტური დაზღვევით ექიმებთან ვიყავი, მაგრამ იმდენი წამალი გამომიწერეს, ვერ ვიყიდე... ეს სტრესი, ასე თუ ისე, სამეგობრომ გადამატანინა: დღე და ღამე ჩემთან იყვნენ. დედასთან და მამასთან წასვლის საშუალება არ მომცეს... გარდა ამისა, როცა ვხედავ, რას უძლებენ ჩემი ბებიები, თავს ცუდად ყოფნის უფლებას ვერ ვაძლევ. ხშირად, ინსტინქტურად, ბებია დედას სახელს მეძახის.



წაიკითხეთ  სრულად