ისტორიაში პირველად, ოპერატორებმა ზღვის ეშმაკი გადაიღეს (+ვიდეო)

მონტერეის (აშშ, კალიფორნია) ყურის აკვატორიის კვლევითი ინსტიტუტის ოკეანოლოგებმა ვიდეოზე თევზის იშვიათი სახეობა, ზღვის ეშმაკი გადაიღეს.

ეს არსება 500 მეტრის სიღრმეზე ბინადრობს და თავზე მიმაგრებული ფანრით ნადირობს. წლების განმავლობაში, მეცნიერები ცდილობდნენ ამ თევზის ვიდეოკამერით გადაღებას, თუმცა მხოლოდ ცოტა ხნის წინ, იხტიოლოგებმა, როგორც იქნა, ზღვის ამ საოცრების აღბეჭდვა შეძლეს.

აღმოჩენილი ეგზემპლარი მუქარით აკრაჭუნებდა უზარმაზარ ეშვებს. ვიდეო ღრმა წყლების ბატისკაფიდან, სახელად “დოკ რიკეტსი”, გადაიღეს. ის ფოტო-ვიდეოკამერითა და ნიმუშების შესაგროვებელი მანიპულატორით იყო აღჭურვილი.

“ჩვენ ვიდეოს გადაღება შევძელით. ყოველი 10 წუთის განმავლობაში, აპარატი სხვადასხვა დონეებს იკვლევდა. მსგავსი გაზომვები 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობს, მაგრამ სულ ახალი აღმოჩენა - ზღვის ეშმაკი - მკვლევარების დიდ წარმატებად იქცა”, - აღნიშნა ინსტიტუტის პრესმდივანმა კიმ ფუპტონ-ბენეტმა.

ზღვის ეშმაკი (Ceratiidae) მტაცებელ თევზად ითვლება. სახელი “ზღვის ეშმაკი” თავისებური შესახედაობის გამო მიიღო. მას მსხვილი თავი და ბასრი კბილები აქვს. მისი სხეულის საერთო სიგრძე 120 სანტიმეტრს აღწევს, მაგრამ ჩვეულებრივ, 90 სანტიმეტრამდეა. ეს ფსკერის თევზი ჩრდილო-აღმოსავლეთ ატლანტიკის ზომიერ წყლებში, 670 მეტრ სიღრმეზე, ბინადრობს.