ერთი მარტოსული ბიჭის ტრაგიკული ისტორია
- 2014-12-20 08:56:07
- 5398 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
იმ საღამოს ბაჩომ ბევრი დალია, მოწევასაც თითქოს მოუხშირა, არა და სულ 2 თვის დაწყებული ჰქონდა, თითქოს გრძნობდა, რომ ასე გაგრძელებას უკვე აზრი აღარ ჰქონდა, თითქოს აღსასრულიც ძალიან ახლოს იყო… ცხოვრებამ თვალწინ გაუელვა, გაიხსენა როგორი იყო რამდენიმე თვის წინ…
ბაჩო 16 წლის, მარტოსული და მორიდებული ბიჭი იყო…
ასაკის პირობაზე საკმაოდ მაღალი და კიდევ უფრო დიდს ჰგავდა, ასე იყო დაბადებიდან… 5 კგ. დაიბადა, დედამისი მშობიარობას ლამის გადაჰყვა და ლოგიკურიც იყო, რომ მეტი შვილი აღარ გაუჩენია… ალბათ დედისერთობამაც განაპირობა ის, რომ ბავშვობიდან ზედმეტ ყურადღებას აქცევდნენ, ბაღშიც არ უვლია, ამან კომუნიკაციის პრობლემები შეუქმნა…
საკუთარი გარეგნობა საშინლად არ მოსწონდა, 190 სმ-მდე სიმაღლის – სულ რაღაც 72 კგ-ს იწონიდა, რაც მის დიდ და კეხიან ცხვირს კიდევ უფრო კვეთდა. კლასში ყველაზე მაღალი იყო, რამაც დააკომპლექსა და ძალიან მოხრილი დადიოდა, არც ჩაცმულობაზე ზრუნავდა დიდად.
ბაჩო, უფრო სწორად ბაჩუნა… ეს სახელი ბავშვობაში დედამ შეარქვა, ნამდვილი სახელი ბაბუასგან ერგო მემკვიდრეობით, რომელიც ბავშვს საშინლად არ უხდებოდა, შესაბამისად – ბაჩუნა ამის მარტივი გადაწყვეტა აღმოჩნდა…
მშვიდი იყო და მიამიტი… ხშირად იყენებდნენ და მაინც, უანგაროდ აგრძელებდა ხალხის დახმარებას, თუმცა გულის სიღრმეში, მაინც წყდებოდა გული…
მისი ინტერესები და მისწრაფებები რადიკალურად განსხვავდებოდა თანატოლებისგან, უყვარდა მუსიკა, ფორტეპიანოზე დაკვრა, სიმღერა, კითხვა… სწავლობდა ბეჯითად და აქედან გამომდინარე, თანატოლებთან ურთიერთობის დრო თითქმის აღარ რჩებოდა. უფრო მეტიც, დროც რომ ჰქონოდა, სასაუბრო თემის პოვნა იყო ძალიან რთული. ყველა მის ნიჭიერებაზე, განათლებაზე და ინტელექტზე საუბრობდა, რამაც მისი პიროვნული მხარე უკანა პლანზე გადაწია, ვერავის წარმოედგინა, რომ ყოველდღიურ, მარტივ თემებზეც შეეძლო საუბარი.
ერთფეროვანმა გარემომ უბიძგა თავისი სამყარო შეექმნა. ეს იყო წიგნები.
თითოეული წიგნის კითხვისას, მთელი სიუჟეტი ფერადად წარმოუდგებოდა ხოლმე თვალწინ და ბედნიერი იყო, თითქოს თავს – წიგნის პერსონაჟებთან აიგივებდა და მათი ლამაზი ცხოვრებით ცხოვრობდა. მისი ფერადი სამყარო ლამაზი, ბედნიერი და ხალასი იყო, რაც ყოველდღიური, ნაცრისფერი გარემოსგან ძალიან განსხვავებოდა.
ბაჩოს ოცნებაც უყვარდა. ხშირად გაიპარებოდა ხოლმე სახლიდან, ქუჩებში მარტო დაეხეტებოდა და ფიქრობდა… ფიქრობდა ბედნიერებაზე, წარმატებაზე, იმაზე, რომ ოდესმე ყველას დაუმტკიცებდა, რომ მისი სწავლა და მონდომება უშედეგო არ იყო და ხალხსაც უფრო მეტი ინტერესი გაუჩნდებოდა მის მიმართ, შინაგანად ყოველთვის ჰქონდა ლიდერობის მოთხოვნილება, თუმცა ყოველთვის ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა.
ახალი წელი ყველაზე მეტად უყვარდა, ნაძვის ხეს თავისი ხელით აწყობდა და ყოველ წელს მსგავს სურვილებს უთქვამდა, 12 საათის დადგომისას, რომლებსაც სამწუხაროდ ახდენა ყოველ წელს ავიწყდებოდათ, ბაჩოც ელოდა.
უყვარდა ღამეც, განსაკუთრებულად. ამ დროს თავის ოთახში ჩაიკეტებოდა, ღამის ნათურას აანთებდა მხოლოდ, ლოგინზე წამოჯდებოდა და წერდა… ხან ლექსებს, ხან მოთხრობებს, ხანაც დღიურს, სადაც მის ყოველდღიურ ცხოვრებას აღწერდა. ძალიან უყვარდა საათობით წამოწოლა, მუსიკის ჩართვა და ოცნება, ისევ, ლამაზ, ფერად და ბედნიერ გარემოზე, საქართველოს გარეთ მოგზაურობაზე, იქ, სადაც ბედნიერი იქნებოდა.
გარეგნობასთან შედარებით, კარგი ხმის ტემბრი ჰქონდა და საუბრის მანერაც, ხშირად ურეკავდნენ გოგონებიც და ტელეფონზე საუბრობდა. პირადად არ ხვდებოდა, ტელეფონით შექმნილი, წარმოსახვითი შთაბეჭდილება, მისი პატარა და ლამაზი სამყაროს ნაწილი იყო, არ უნდოდა შეხვედროდა და შემდეგ აღარ დაერეკათ, შეიძლება საკუთარი გარეგნობის მიმართ ზედმეტად კრიტიკულიც იყო.
მყუდროების და სითბოს შეგრძნებას ზამთარიც უქმნიდა, როცა შესაძლოა ქარი, ან ძლიერი წვიმა ყოფილიყო და სკოლაში არ წასულიყო, მერე კი – უკვე მთელი დღე ჰქონდა, რომ წიგნები წაეკითხა და თავის ლამაზ სამყაროსთან განმარტოვებულიყო.
ბიჭის ცხოვრებაში კიდევ ერთი აქტიური პერიოდი არსებობდა, ეს იყო საკონტროლო წერები, სადაც კლასელების დიდ ნაწილს თვითონ უწერდა დავალებებს. ამ დროს, ის პოპულარული და „დაფასებული“ იყო, თუმცა წერის მეორე დღესვე ამ ყველაფერს ყველა ივიწყებდა და მაინც, შემდეგ საკონტროლო წერებზეც, ისევ უანგაროდ აგრძელებდა სხვების დახმარებას.
თითქოს, სხვებისთვის ცხოვრობდა, საკუთარი ცხოვრება ფაქტიურად არ ჰქონდა, თუ არ ჩავთვლით, მის გამოგონილ, ლამაზ სამყაროს და ოცნებებს, ძილის წინ, ქუჩაში ხეტიალისას, განმარტოებებს საკუთარ თავთან…
მასაც და სხვებსაც ეგონათ, რომ სკოლის დამთავრებისას – როცა უკვე რეალურ, მძიმე ცხოვრებას შეეჭიდებოდა, ამას სუსტი და დაკომპლექსებული ბიჭი ვერ გადაიტანდა, ბინძურ მორევში ჩაიძირებოდა, თავისი სუფთა და მიამიტი ემოციებით და დაიღუპებოდა… შეიძლება ეს წინათგრძნობაც იყო, თუმცა მის ცხოვრებაში არსებობდა ადამიანი, რომელსაც მისი სწამდა, სჯეროდა და იმედი ჰქონდა, რომ ეს სამყაროსგან განცალკევებული ბიჭი ამავე სამყაროს არათუ შეერწყმებოდა, არამედ მოერეოდა კიდეც და მის მწვერვალზე აღმოჩნდებოდა, ეს ადამიანი გახლდათ თამთა, ბაჩოს ცხოვრების ერთი ნათელი წერტილი.
სწორად მასთან იყო ბაჩუნა ყველაზე გახსნილი, ბედნიერი, მხიარული, რის გამოვლენაშიც უამრავი კომპლექსი – სხვა ხალხთან ხელს უშლიდა. ისინი პირველი კლასიდან ერთ კლასში იყვნენ, მეზობლებიც, ინგლისურზეც ერთად დადიოდნენ და ადრეული ასაკიდან მეგობრობდნენ.
ხალხი იმასაც ამბობდა, რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ ბაჩუნა ამის დაშვებას არ აკეთებდა, ბავშვობის მეგობრობის გარდა – თამთა მეტისმეტად ლამაზი იყო, დაკომპლექსებული და როგორც ბაჩო თვლიდა – შეუხედავი ბიჭისთვის.
თუ სადმე, საერთო შეკრებაზე მიდიოდნენ – ერთმანეთის გარეშე, არცერთი არ ბრუნდებოდა უკან, გზად წრეს არტყამდნენ ქუჩებს და ათას სისულელეზე საუბრობდნენ, მხიარულად. ბაჩუნა სწორედ ამ მომენტებში გრძნობდა თავს ბედნიერ ადამიანად…
ბაჩუნა 16 წლის გახდა და უკვე თამთასთან ერთად დაიწყო მომავალი ცხოვრების დაგეგმვა, ერთად გადაწყვიტეს უნივერსიტეტში ჩასაბარებლად მომზადება, პროფესიებიც და უნივერსიტეტებიც ერთნაირი აირჩიეს, მხოლოდ ასე თუ გადარჩებოდა და სხვაგან ხსნას ვერ ხედავდა.
სექტემბერი იყო, მალე 17 წელი შეუსრულდებოდა, როცა ცხოვრებამ საკონტროლო ტყვია დაახალა და ბედნიერების ერთადერთი საზრდო წაართვა. გაიგო, რომ თამთა ცუდად გახდა სკოლაში, სამი ღამე გაათენა საავადმყოფოს სამლოცველოში და ამაოდ სწამდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ვერ წარმოედგინა, რომ სიცოცხლით და ბედნიერებით აღსავსე გოგონას – მეტად ვეღარ ნახავდა. თამთა გარდაიცვალა.
დაიწყო ღამეების გათენება, სიგიჟის ზღვართან ძალიან ახლოს იყო. აქამდე არასდროს უტირია, ახლა პირიქით, წამლებით ასულიერებდნენ, თვეზე მეტი… საბოლოოდ ჩაიქნია ცხოვრებაზე ხელი და მომავალს შავი, მძიმე ფარდა ჩამოეფარა. მოწევა დაიწყო, შიგადაშიგ სვამდა კიდეც, მაგრამ ამ დროს კიდევ უფრო უმძაფრდებოდა ემოციები… დაბადების დღეც მოვიდა, არ აღუნიშნავს, სახლში იჯდა და ფოტოებს ათვალიერებდა, სადაც მისი, იშვიათი ბედნიერი წუთები იყო გამოსახული, თამთასთან ერთად. და სწორედ ეს საღამო აღმოჩნდა მისთვის საბედისწერო – მან გადაწყვიტა… და ნათლად დაინახა დასასრული…
უფერული დღეების დასასრული ისეთივე მოკრძალებული იყო, როგორიც მისი განვლილი ცხოვრება. ბაჩუნამ ვერ მოახერხა, ვერ შეძლო წუხილზე და მარტოობაზე გამარჯვება. ალკოჰოლით გაბრუებულმა და სიგარეტის ბოლში გახვეულმა 17 წლის ასაკში დაასრულა სიცოცხლე!
ამ გზით ცხოვრების გაგრძელება ისედაც შეუძლებელი იყო და ეს იყო ბედნიერება, გაქცევა მძიმე და შავთეთრი ცხოვრებისგან.
ის, 2004 წლის, აგვისტოს თვეში გარდაიცვალა.
დიახ, ბაჩუნა გარდაიცვალა 17 წლის ასაკში და მომენტალურად მის ნაცვლად, ახალი, ამბიციური და ძლიერი ადამიანი დაიბადა, რომელმაც მოულოდნელად ჩაალაგა ბარგი და სახლიდან წავიდა ბედის საძიებლად და რომელსაც უკვე საერთო აღარაფერი ჰქონდა მის ძველ სახესთან.
მას შემდეგ 10 წელი გავიდა…
ის ბედნიერია, ყველაფერი აქვს, რაც უნდა და ის სურვილები, რომელსაც ბავშვობისას ახალ წელს ჩაუთქვამდა ხოლმე, ნელნელა აუხდა…
ბავშვობას ღიმილით იხსენებს და პარალელსაც ვერ ავლებს მაშინდელ მე-სთან.
ჰო, ის ბედნიერია…
და მას ახლა გურამ შეროზია ჰქვია…
ავტორი - გურამ შეროზია
წყარო guramsherozia.com