სცენა გამართა მსახიობმა სერიალის ჩაწერისას ?

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი პერსონაჟი – „სოფლელი ნუნუკა“ დროის ძალიან მცირე მონაკვეთში შეიყვარა ხალხმა. მისი მეტყველება და ფრაზები საზოგადოებამ გამოჩენისთანავე აიტაცა. ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი მსახიობი ქეთი ჩხეიძეა, რომელიც არაჩვეულებრივი ოსტატობით ასრულებს ამ სახასიათო გმირს და შესაბამისად, გულგრილს არავის ტოვებს.

ქეთი ჩხეიძე: სერიალში ქასთინგით არ მივსულვარ. ჩემმა კოლეგამ, ეკა მჟავანაძემ, რომელიც ქასთინგის ხელმძღვანელია, დამირეკა. შემომთავაზა როლი და ადვილად დავთანხმდი, რადგან ვენდობი. გმირის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი. მგონი, თვითონაც არ იცოდნენ (იცინის).

– აქამდე ორ სერიალში გაქვთ ნათამაშები. რომელს გამოარჩევთ და რით?

– „ყავა და ლუდი“ გამორჩეულია იმით, რომ პირველი იყო. პირველი ყველაფერი განსაკუთრებით ამახსოვრდება ადამიანს. რაც შეეხება „შუა ქალაქს“, ის პროექტი მთლიანად მათი შექმნილი იყო: „ლიანა დედიკო“ – წინასწარ განსაზღვრული თვისებებით. მე დიდი ძალისხმევა აღარ დამჭირვებია. რაც შეეხება ნუნუკას, მის შექმნაში პატარა მონაწილეობა მეც მაქვს მიღებული.

– გამორჩეული ფრაზები გაქვთ. თქვენც ხომ არ შეგაქვთ ამაში წვლილი?

– ხშირად წავუმატებ ხოლმე ერთ-ორ სიტყვას. ძირითადი საფუძველი არსებობს, თუმცა, მე, როგორც მსახიობი, ცოტა ჩემს ფერს ვმატებ. იყო ასეთი ფრაზა: – „ახლავე დადგით ჩემი კუბო“, მე დავამატე ერთი სიტყვა: „ახლავე დადგით ჩემი კუბო ბალკონში“. ეს ყველაფერი პროცესში იბადება ხოლმე. ვცდილობ, დავივიწყო, რომ მე ვარ ქეთი ჩხეიძე და როცა შევძვრები იმ ქალის ტყავში, ის თვითონ იწყებს ლაპარაკს (იცინის). ის „ვუი, ვუი“ და „ვაი-ვიში“ რომ იყო იქ, საერთოდ არ ყოფილა გათვალისწინებული, მაგრამ სიტუაციამ მოიტანა. უცებ წამოვიდა იმპროვიზაცია. მე მხოლოდ ერთი წინადადება უნდა მეთქვა და წერტილი. წივილ-კივილი და მთელი ის ამბავი, არ იყო სცენარში (იცინის). რადგან არ იყო გათვალისწინებული ასეთი კივილ-წივილი, სასაცილო სიტუაცია შეიქმნა. გადაღებისას, გარშემო ბევრი ხალხია: ოპერატორები, ხმის რეჟისორები, თვითონ რეჟისორი, კოლეგები და ყველა გაკვირვებული მიყურებდა. გიჟია ეს ქალი თუ რა სჭირს, რას კივის, რა უნდაო... კადრს რომ დააკვირდეთ, ყველა კი თავის როლს თამაშობს, მაგრამ ცოტა გაოცებულები მიყურებენ. ეს უცებ მოხდა და გადამღები ჯგუფი არ იყო მზად. ამიტომ, ბევრჯერ მოგვიხდა გამეორება. იმდენი ვურტყი მაგიდას ხელი, რომ მეტკინა და დამილურჯდა (იცინის).

– საზოგადოებისგან როგორ დამოკიდებულებას გრძნობთ ნუნუკას განსახიერების შემდეგ?

– როცა ტასიკოს ვთამაშობდი, ტასიკოს მეძახდნენ. ლიანას დროს, ქუჩაში რომ მოვდიოდი – „აუ, ბიჭო, ლიანა მოდის,“ – მესმოდა. ახლა ვარ ღორეშელი ნუნუკა (იცინის). ჰგონიათ, რომ ის ვარ, ვისაც ვთამაშობ. ჩემი დანახვისას, ძირითადად, იცინიან. სასაცილოა ეს ქალი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხოვრება სასაცილო სულაც არ არის. საინტერესოც ის არის, რომ ნუნუკა მარტო სასაცილო არ უნდა იყოს. ეს არ არის ესტრადა, რომ გაიცინებ და დაგავიწყდება. ამ ყვირილის, ვაის, აქანას და იქანას მიღმა, არის ქალი. ეს რამდენად შევძელი, სხვა საკითხია, მაგრამ მინდოდა, რომ არ ყოფილიყო მარტო სასაცილო და მხოლოდ ერთპლანიანი. ამას წინათ ეკლესიაში შევედი. ეს ძალიან ინტიმური პროცესია, გინდა, საკუთარ თავთან განმარტოვდე და მეც შესაბამისი განწყობა მქონდა. ასევე იყო ყველა იქ მყოფი. თავზე შარფი მეკეთა, რომელიც ნუნუკას როლშიც მაქვს, ანუ ნუნუკა შემოვიდა. ატყდა სიცილი. არაფერი სასაცილო არ იყო. მღვდელი ლოცვებს კითხულობდა და ზოგადად, როცა ეკლესიაში შევდივართ, ხომ ძალიან გაწამებული სახეები გვაქვს. ამ დროს კი, უცებ შეიცვალა ყველაფერი, ატყდა სიცილი (იცინის). სხვათა შორის, არ იყო სასიამოვნო. მე სხვა განწყობით შევედი, ნუნუკა სულ არ მახსოვდა, მის გარდა თეატრში უამრავ როლს ვთამაშობ, თუმცა ხალხი ამით მცნობს და მასთან მაიგივებს. ერთმა მითხრა, რა კარგია, რომ გამოჩნდიო. ხალხს ჰგონია, რომ ახლა გამოვჩნდი, თუმცა თეატრში 20-30 წელია, ვთამაშობ.

– თუ გყავთ ვინმე, ვისაც ბაძავთ ნუნუკას შესრულებისას?

– აბა, რა. მე ნუნუკასნაირ ქალს ვიცნობ. შეიძლება; ზუსტად არა, მაგრამ დაახლოებით ასეთია. ვცდილობ, მეც ისეთი ვიყო. ეს არის იმერელი ქალბატონი. თბილისში ცხოვრობს და მისგან მაქვს აღებული ინტონაცია, ქცევის მანერა. გულწრფელობა, რომლის გამოჩენასაც სულ ვცდილობ სერიალში. ნუნუკას ეცინება იცინის, ეტირება – ტირის. არ ფიქრობს – „ასე რომ გავაკეთო, რა იქნება.“ რაც არის, ეგ არის.

– იმერული წარმომავლობაც გეხმარებათ, ალბათ?

– წარმოშობით იმერელი ვარ, მაგრამ, ისე, თელავში ვარ დაბადებული და ბავშვობაც იქ მაქვს გატარებული. იმერეთთან არ მქონია კავშირი. არასდროს მიცხოვრია იქ.

– გაქვთ რამე საერთო ნუნუკასთან?

– დიდი განსხვავება არ არის. უბრალოდ, ფორმაშია სხვაობა. მე სხვანაირად ვლაპარაკობ. ბუნებით, შეიძლება, ვგავარ კიდევაც, შიგნიდან. გარეგნული მაჩვენებლებია განსხვავებული. მე მაქვს ქალაქელი ადამიანის ქცევა და ინტონაცია, მას – ღორეშელის.

– წინა სერიალში იყავით მკაცრი სიდედრი, ახლა ხართ დედამთილი და თან, საკმაოდ ავი.

– ავი დედამთილი არა ვარ. აქ ისეთი რამე ხდება, რომ სრულ ჭკუაზე მყოფ ქალს, დედას არ შეიძლებოდა სხვანაირი რეაქცია ჰქონოდა.18 წლის სულელი ბიჭი, უკავშირებს ბედს გოგოს, რომელიც არავინ იცის, ვინ არის და როგორი იქნება. ეს არც მაყურებელმა იცის და არც ჩვენ. შეიძლება, ისეთი კარგი გოგო აღმოჩნდეს და ისე შეუყვარდეს ამ ნუნუკას, რომ გადაირიოს და დამეგობრდნენ. მაგრამ, შეიძლება, არ აღმოჩნდეს ასეთი. ეს წინასწარ არავინ იცის, უბრალოდ ვამბობ. თუმცა, დედის პირველი რეაქცია ყოველთვის ასეთია. „ბაქარის ხელა ყოლია ბოვში ამას“, რომ ვამბობ – ქალს ჰყავს შვილი, გაუბედურებულია და უფროსი, ანუ ანკეტური მონაცემები აქვს მძიმე (იცინის), მაგრამ, შეიძლება, ისეთი გოგო აღმოჩნდეს, ისეთი თბილი და მოსიყვარულე, რომ ყველაფერი მოხდეს. მე ეს გოგო არ მძულს, უბრალოდ, ფაქტმა ჩამაგდო ტრანსში. ჩამოვიყვანე სასწავლებლად და ჯერ, ცოლი რომ მოიყვანა, იმაზე გადავირიე და მერე, რომ გავიგე, ვინ – ამაზე.

– მომავალი სარძლო და სასიძო ცოტა შეშინებულები იქნებიან თქვენი როლებიდან გამომდინარე.

– (იცინის) რა ვქნა. გაუძლებენ, ალბათ.

– ექნებათ გასაძლებად საქმე?

– როლების მიხედვით თუ იმსჯელებენ, ექნებათ. „შიში შეიქმს სიყვარულსა“ (იცინის). რთულია საკუთარ თავზე ლაპარაკი. ხან კარგი ვარ, ხან ცუდი, ხან გაბრაზებული, ხანაც დაუნდობელი. ადამიანი არ შეიძლება, იყოს სულ ერთნაირი.

– ნუნუკა ძალიან აქტიურია. არავის ხმას არ აღებინებს, ჩაგრავს მეუღლესაც და შვილებსაც. თქვენ გავხართ ამ კუთხით?

– არ ვიცი. სუსტი ადამიანი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ არც მჩაგვრელი. ძალიან ვცდილობ, ჩემი ახლობლების მდგომარეობაში შევიდე და ისე მოვექცე, როგორც უნდათ. თუმცა, ეს ყოველთვის არ გამოდის. მოზომვა და ოქროს შუალედის პოვნა რთულია.

– თქვენს შვილებს მოსწონთ ნუნუკა?

– რა ვიცი, როგორც ყველა, ეგენიც იცინიან.

– მათ შესახებ მოგვიყევით.

– გოგონა სკოლას ამთავრებს. თავის ბუნებით და ხასიათით ჰუმანიტარი და ხელოვნებისკენ მიდრეკილია. ბიჭი უნივერსიტეტს ამთავრებს და ალბათ, შიგნიდან ისიც რომანტიკოსია, მაგრამ რადგან კაცია, ცდილობს, ეს არ ჩანდეს (იცინის).

– თეატრალურ ცხოვრებაში რა ხდება?

– თეატრის ცხოვრება ძალიან საინტერესო და ბევრად რთულია, ვიდრე სერიალი. თეატრზე მიჯაჭვული ხარ. კინოში ხარ ათი დღე და მერე შეიძლება აღარ იყო. თეატრთან დამაკავშირებელი ჯაჭვის გაწყვეტა ძალიან რთულია,ზოგჯერ ეს ტრაგიკულადაც კი მთავრდება მსახიობებისთვის. მე ჯერჯერობით მიბმული ვარ და მერე რა იქნება, არ ვიცი.



ჟურნალი "“თბილისელები"


წყარო - itv.ge