ბებია, რომელმაც შვილიშვილს "სკანდალი წაართვა"

2013 წლის ყველაზე სკანდალური ქართველი მომღერალი ნინი ბადურაშვილი იყო. მისი და მისი ოჯახის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, თითქმის მთელი საქართველოს ყურადღება ნინისკენ იყო მიმართული. შესაბამისად, გასული წლის ყველაზე სკანდალურ პერსონად ნინი ბადურაშვილი ითვლებოდა. 2014 წელს ნინი სკანდალებში აღარ გახვეულა, ის აღარ საუბრობს პირად ცხოვრებაზე და შესაბამისად, მის მიმართ საზოგადოების ინტერესიც ჩაქრა. სამაგიეროდ, შვილიშვილს 2014 წელს სკანდალურობით გაუსწრო ბებიამ, მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა.

ლალი ბადურაშვილი, რომელსაც საზოგადოება "დიდოსტატის მარჯვენაში" შესრულებული შორენას როლით იცნობს, წელს საკმაოდ ხმამაღლა გამოხატავდა საკუთარ პოლიტიკურ მოსაზრებებს. ბოლო დროს სააკაშვილის გაკრიტიკება აქტიურად დაიწყო. ჯერ ნინი ბადურაშვილის "დაბლოკვაში" დაადანაშაულა სააკაშვილის ხელისუფლება, ეს კი იმით ახსნა, რომ სააკაშვილის ფავორიტი მომღერალი სოფო ნიჟარაძე იყო. ნოემბერში, ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში კი ის სააკაშვილის ბებიას, მზია წერეთელს დაუპირისპირდა. "რა ვქნა, მზია, მიშა ჩემი შვილიშვილი რომ იყოს, ჩემი ხელით ჩავქოლავდი იმდენი უბედურება დაატრიალა. ერთხელ მაინც წაგეკითხა "გამზრდელი", გეცოდინებოდა, როგორ უნდა მოქცეულიყავი. სააკაშვილის ბებია ისეთი არაჩვეულებრივი, კომუნიკაბელური და უბრალოა, მერიდება, მაგრამ უნდა ვუთხრა, სააკაშვილი მარტო მის შვილიშვილად რომ დარჩენილიყო, მისი პრობლემა იქნებოდა, მაგრამ ახლა მთელი საქართველოს პრობლემაა", - განაცხადა ბადურაშვილმა ინტერვიუში. ლალი ბადურაშვილმა "გამზრდელის" წაკითხვა სააკაშვილს 2012 წლის სექტემბერშიც ურჩია, როცა ციხის კადრები გავრცელდა და მას გესტაპო უწოდა.

წაიკითხეთ  სრულად