2015 წლის ბოლოდან ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა გახდება შესაძლებელი
- 2015-01-04 10:48:36
- 3326 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"2015 წლის ბოლოს, ან მაქსიმუმ 2016 წლის დასაწყისში ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზო რეჟიმით ისარგებლებენ", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი რიგის სამიტზე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო მინიჭებაზე. ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე კი გადაწყვეტილების მიღებიდან 5-6 თვეს ასახელებს, რაც მისი ამოქმედებისთვისაა საჭირო.
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის წევრი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს 2015 წლის ბოლოს ან 2016 წლის დასაწყისში შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა შეეძლებათ.
"მაისში, რიგის სამიტზე მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რის განხორციელებასაც სჭირდება დრო, მაგრამ თავად იმ გადაწყვეტილებაში იქნება ნათქვამი, თუ რა დროიდან შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობას.
"მოგეხსენებათ, ჩვენი დელეგაცია ახალხან ჩამოვიდა რიგიდან, სადაც ამ და სხვა საკითხებზე მოლაპარაკება ხდებოდა და თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამ მომენტში - ეს ნიშნავს, რომ 2015 წლის ბოლოს ან მაქსიმუმ 2016 წლის დასაწყისში ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო რეჟიმით ისარგებლებენ."2015 წლის ბოლო, ან 2016 წლის დასაწყისი - ესაა დრო, როცა ჩვენი მოქალაქეებისთვის გადაწყვეტილება ძალაში შევა. ჩვენ გვექნება წლის განმავლობაში 90-დღიანი რეჟიმით სარგებლობის უფლება, რაც ფაქტობრივად, ახლანდელ 2-წლიან ვიზას უდრის", - აცხადებს ბერძენიშვილი და განმარტავს, რომ ლიბერალიზაციის შედეგად, ყველა სხვა ტიპის ვიზის აღებაც გამარტივდება.
"საქართველოს მოქალაქეს შეეძლება, 90 დღე უვიზოდ დარჩეს ევროპის რომელიმე ქვეყანაში, მაგრამ თუ სხვა ტიპის ვიზა დასჭირდება, ამ შემთხვევაში, ჩვეულებრივად უნდა მიმართოს საელჩოს და ესეც იქნება გამარტივებული.
"აქ საუბარია, რომ ყველანაირი ვიზა უნდა გამარტივდეს, უბრალოდ ეს ტიპი იმდენად არის ლიბერალიზებული, რომ მოქალაქეებს ვიზა საერთოდ არ სჭირდებათ, მაგრამ მაგალითად, სამუშაო ვიზა დასჭირდებათ თუ სხვა, ესეც უფრო გამარტივდება და შერბილდება", - აცხადებს ბერძენიშვილი.
ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე დეტალურად აღწერს იმ პროცედურას, რაც უშუალოდ რიგის სამიტზე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების იმპლიმენტაციას ეხება.
"თუ რიგის სამიტზე ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ამ შემთხვევაში, კომისია მიმართავს მინისტრთა საბჭოს, საგარეო საქმეთა მინისტრებს და ევროპის პარლამენტს. მიმართვის ფორმაში იქნება, რომ ისინი დადებითად აფასებენ საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, მიიჩნევენ, რომ ჩვენ ნაკისრი ვალდებულებები შევასრულეთ და სთხოვენ საბჭოს და პარლამენტს, რომ საქართველოს მიმართ დადებითი გადაწყვეტილება მიიღონ.
"შემდეგ ამ შემოთავაზებას საბჭოში ეყრება კენჭი - გადაწყვეტილების მიღების პროცესში კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნების მინისტრები და ხმათა კვალიფიცური უმრავლესობით მიიღება გადაწყვეტილება. ამის პარალელურად, ევროპარლამენტშიც ხმათა უმრავლესობით ხდება კენჭისყრა. თუ ევროპარლამენტიც და მინისტრთა საბჭოც მხარს დაუჭერენ, გადაწყვეტილება შედის ძალაში", - ამბობს ჩხიკვაძე.
მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღებიდან დაახლოებით 5-6 თვის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ იმგზავრებენ.
"რაც შეეხება დროს, ამის ვარაუდი ძნელია, მაგრამ მოლდოვის შემთხვევაში, კომისიამ საბჭოსა და პარლამენტს 2013 წლის ნოემბერში მიმართა და 2014 წლის 28 აპრილიდან მოლდოვის მოქალაქეები უკვე უვიზოდ მგზავრობენ, ანუ დაახლოებით 5-6 თვე სჭირდება, შეიძლება უფრო მეტი ან ნაკლებიც.
"ლაპარაკია მოკლევადიან ვიზებზე და მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ეს არ ეხებათ შრომით მიგრანტებს და არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შრომის ბაზარი იხსება.
"ეს გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ექნება ბიომეტრიული პასპორტი, შეეძლება, 90 დღე იყოს შენგენის ზონის ქვეყნებში - შეეძლება, 1-დან 90 დღემდე ერთად გამოიყენოს, ან 1 კვირა იქ გაატაროს, მერე ჩამოვიდეს, ისევ წავიდეს და ა.შ", - აცხადებს ჩხიკვაძე.
ჩხიკვაძე ასევე ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღნიშნულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა შეუძლია. თუმცა, მისი თქმით, ეს საკითხი უშუალოდ მინისტრთა საბჭოს გადასაწყვეტია, თავად რეზოლუციის ჩანაწერი მისასალმებელია, მაგრამ მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და ბევრს არაფერს ნიშნავს.
"ეს ჩადებულია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა და პირველ რიგში, ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების მიმართ არის, იქნება ეს ევროკომისია, მინისტრთა საბჭო თუ სხვა. შემდგომ ეტაპზე ეს მინისტრთა საბჭოსა და სახელმწიფო მეთაურების შეკრებაზე უნდა გადაწყდეს.
"პარლამენტმა რომ თქვა, ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა გაუჩნდა. ეს მინისტრთა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს და როცა მათ კომუნიკეში გაჩნდება, მაშინ გვეცოდინება, რომ ჩვენ ოდესმე ევროკავშირის წევრი გავხდებით.
"როდის გვექნება ეს ევროპული პერსპექტივა, თუნდაც მიახლოებითი თარიღის თქმაც გამიჭირდება, რადგან არავინ იცის, რეალურად როდის მოხდება. ვიზებთან დაკავშირებითაც არავინ ელოდა, რომ ასე სწრაფად მომზადდებოდა შესაბამისი ნიადაგი, მაგრამ ასე მოხდა და რამეს პროგნოზირება რთულია", - აღნიშნავს ჩხიკვაძე.
წყარო