“ვინც ჩაწერილები ხართ რეგიონებში და არჩევნებზე ჩასვლის საშუალება არ გაქვთ, დაგეხმარებით”
- 09/11/18
- 602 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია “არა ნაციზმს” საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობაში დაეხმარება. ისინი თბილისში მცხოვრებ და რეგიონში ჩაწერილ მოსახლეობას, ადგილზე ჩასვლაშიც დაეხმარება, კონკრეტულად კი ტრანსპორტით უზრუნველყოფენ.
“მეგობრებო, ვინც ჩაწერილები ხართ რეგიონებში, იქ აძლევთ ხმას და საშუალება არ გაქვთ ჩასვლის და თქვენი აზრის დაფიქსირების, ჩვენი მოძრაობა “არა ნაციზმს” დაგეხმარებათ !!!
ამისათვის მობრძანდით ჩვენთან ოფისში, რუსთაველის 34-ში, კაფე “პროსპეროსთან!”
თხოვნაა გაავრცელოთ, რათა ბევრმა ადამიანმა შეძლოს ინფორმაციის მიღება, ჩასვლა რეგიონში ხმის მისაცემად!” – წერს ლიკა გამრეკელი.
როგორც ორგანიზაციის ერთერთი დამფუძნებელი ლიკა გამრეკელი “ფორტუნასთან” ამბობს, მის მიერ “ფეისბუქზე” გამოქვეყნებული პოსტის მერე, უამრავი ადამიანი დაუკავშირდა სხვადასხვა პრობლემით, რის გამოც არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლეს.
“მოქალაქეები მოგვმართავენ სხვადასხვა პრობლემებით: ზოგმა პირველ ტურზე ვერ იპოვა სიაში თავის თავი, ზოგი დარეგისტრირდა და გადასატანი ყუთი არ მიუტანეს. ამ პრობლემებს დავახარისხებთ და მოვაგვარებთ. უზრუნველვყოფთ ასევე, რეგიონებში ჩაწერილი მოსახლეობის ტრანსპორტირებას,” – განაცხადა ლიკა გამრეკელმა “ფორტუნასთან”.
ორგანიზაცია “არა ნაციზმს” ახლადჩამოყალიბებული მოძრაობაა. მისი მთავარი დამფუძნებლები ნანა კაკაბაძე და ია მეტრეველი არიან.
7 ნოემბერს, მათ რუსთაველის გამზირზე შვილმკვდარი დედების მშვიდობიანი აქცია გამართეს, მოსახლეობას 11 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაახსენეს და არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გააქტიურებისკენ მოუწოდეს.


