რატომ გამოაგდო ვოკალის პედაგოგმა „მხოლოდ ქართულის“ „მადონა“ ჯგუფიდან

19 წლის ვიოლეტა მგალობლიშვილი „მხოლოდ ქართულში“ გამოჩნდა. მომხიბვლელი გოგონა სოფო ნიჟარაძემ მადონას შეადარა. მისი ვიზუალი მართლაც მოგაგონებთ პოპის დედოფალს, თუმცა ვიოლეტა ბევრად მორცხვი და მორიდებულია.

მის ბიოგრაფიაში იყო პერიოდი, როცა ვოკალის პედაგოგმა ჯგუფიდან დაითხოვა, როცა „იქს ფაქტორის“ ქასტინგზე გავიდა და ტელეეკრანზე ვერ მოხვდა. ამჯერად ვიოლეტას გაუმართლა. დღეს „პრაიმტაიმი“ ახლოს გაგაცნობთ მას.

 ვიოლეტა, იმ ასაკიდან დავიწყოთ, როცა პირველად შეეხე მუსიკას.

– საბავშვო ბაღიდან ვმღერი. მახსოვს ბაღის გამოსაშვები საღამო, თეატრალური ნომერი მქონდა, სადაც ვმღეროდი კიდეც. მეორე კლასში რომ ვიყავი, დედამ სამუსიკო სკოლაში შემიყვანა. პირველივე წელს ახალი წლის გამოსაშვებ საღამოზე „ალილოს“ ვმღეროდი. მეოთხე კლასში ვიყავი, პირველად მიკროფონი რომ დავიკავე და ვიმღერე. ეს იყო ჩემი პირველი სცენა. პარალელურად დავდიოდი ვოკალის პედაგოგთან, რომელმაც ჯგუფიდან გამომაგდო (იცინის).

 რატომ?

– არ ვიცი, სმენა არ გაქვსო, შენგან არაფერი არ გამოვაო.

 ამის გამო სტრესი ხომ არ მიიღე, ხელი ხომ არ ჩაიქნიე სიმღერაზე?

– ეს იყო ჩემი პირველი იმედგაცრუება, გული მეტკინა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია. სამუსიკო სკოლა რომ დავამთავრე, ჩოხატაურის კულტურის ცენტრთან არსებულ მუსიკალურ წრეში შევედი, „ჯინსების თაობა“ ერქვა. დედასგან კი მქონდა წინააღმდეგობა, რად გინდა სიმღერა, სწავლას მიხედეო, მაგრამ მამა დამიდგა გვერდით.

 მამას გოგო ხარ ხო?

– (იღიმება) კი, ძაან მამას გოგო ვარ. დეპრესიული ბავშვი ვიყავი, სულ ვტიროდი, დედას ვემუქრებოდი, ღამე აღარ დავიძინებ, თუ ამ წრეზე არ შემიყვანთ-მეთქი და ბოლოს ჩემი გავიტანე. შემიყვანეს „ჯინსების თაობაში“. 3 წელი ვმღეროდი. ძალიან ბევრ კარგ კონცერტზე გამოვედი, მეგობრებთან ერთად. შემდეგ წავედი ერთ ძალიან კარგ ბენდში, რომელიც ეძებდა სოლისტ გოგოს. ორივეს ერთად ვერ შევძლებდი და ამიტომ ახალი ბენდი ავირჩიე. ეს იყო საუკეთესო წლები ჩემს ცხოვრებაში. ამავდროულად კარგად ვსწავლობდი, სიმღერის გამო სწავლისთვის არ მომიკლია შრომა, ყურადღება. ამ ბენდით მთელი დასავლეთი საქართველო მოვიარეთ. ეს იყო შეხება ცოცხალ მუსიკასთან, დიდი სკოლა იყო ჩემთვის. თუმცა ჩემს ცხოვრებაში ვოკალის პედაგოგი არ ყოფილა. თვითნასწავლი ვარ. მიმართულება და რჩევა არავის მოუცია ჩემთვის.

 თუ არ ჩავთვლით, პედაგოგს, რომელმაც ჯგუფიდან გამოგაგდო...

– (იცინის) ჰო, მაგაზე სულ მეცინება დღეს.

 „მხოლოდ ქართული“ შენი პირველი კონკურსია?

– არა, შარშან ვცადე ბედი „იქს ფაქტორში“. სიუჟეტის გადაღებასაც აპირებდნენ ჩემზე, დიზაინერმაც კი დამირეკა, მაგრამ მერე რატომღაც გაქრნენ. ახსნა-განმარტებაც არ ყოფილა. უბრალოდ, აღარ დამირეკეს. შიდა ჩაწერაზე ვიყავი მხოლოდ. ეთერში არ გასულა ჩემი ნამღერი.

 შენი მონაყოლიდან ვხვდები, რომ უფრო უცხოურ სიმღერებს მღეროდი...

– კი, ასე იყო. თუმცა ქართული სიმღერა ვიცი, მეგობრების წრეში ხშირად ვმღერი და იმ კონცერტებზეც, სადაც ქართული იყო საჭირო, მიმღერია, მათ შორის იყო „ჰერიო ბიჭებოც“.

 ქასტინგზე ჟიურის რომელი წევრის გეშინოდა?

– არცერთის, მხოლოდ საკუთარი თავის, რომ მაქსიმალურად გამომევლინა საკუთარი თავი და წყალში არ ჩამეყარა ის ორი თვე, როცა ამ კონკურსის ქასტინგისთვის ვემზადებოდი. მეშინოდა საკუთარი თავის და იმის, რომ მამასთვის არ გამეცრუებინა იმედი. რომ შევდიოდი ქასტინგზე, ასეთი რამ მითხრა: იცოდე, მოგიკვდები, რომ არ გადახვიდეო.

 სიუჟეტში გამოჩნდა, თითქოს დედასთან კარგი ურთიერთობა არ გაქვს, რამ გამოიწვია ეს გაუცხოება, მხოლოდ იმან, რომ დედას შენი მუსიკალური მონაცემების არ სჯეროდა?

– არა, არა, ასე არ მინდოდა გამოჩენილიყო...

 დედაზე საუბრის დროს ცრემლიც კი მოგადგა თვალზე, ამიტომ ვსვამ ამ კითხვას...

– უბრალოდ, ყოველთვის რაღაცას ვუმტკიცებ დედას, რომ მე შემიძლია. ცუდი ურთიერთობა არ გვაქვს, უბრალოდ, ყოველთვის რაღასაც ვუმტკიცებ და ეს ძალიან დამღლელია. არ მინდა მაყურებელს ეგონოს, რომ მე და დედას კარგი ურთიერთობა არ გვაქვს, ვგიჟდები დედაზე.

 სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისში მოგიწია სწავლის გაგრძელება, რა ფაკულტეტზე სწავლობ?

– ევროპის უნივერსიტეტში ვსწავლობ, სამართლის ფაკულტეტზე. მიყვარს სამართლიანობა. მამაც ამ განხრით მუშაობს, იურიდიული განათლება აქვს. პროკურორი მინდა გავხდე.

 უცხო ქალაქში, სრულიად უცხო გარემოში მოხვდი, რამდენად რთული იყო ამასთან შეგუება?

– დეკემბრამდე ეს თვეები მართლა ჯოჯოხეთი იყო. არ ვარ კონტაქტური უცხო ადამიანებთან, ძალიან გამიჭირდა ადაპტაცია... საბედნიეროდ, გამოჩნდა ადამიანი, ნინო, რომელიც გვერდით დამიდგა და გზა გამიკვალა უცხო ადამიანებში. ახლა უკვე მეგობრებიც მყავს, მივეჩვიე. უნივერსიტეტი ძალიან დამეხმარა იმაში, რომ მუსიკალურად კიდევ გავზრდილიყავი. როგორც კი ჩავაბარე, დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ უნივერსიტეტში გაგვეკეთებინა ბენდი. მივედი დეკანატში და ჩემი იდეის შესახებ მოვყევი. დეკემბერში ბენდის მსგავსი უკვე შევქმენით, ვიმღერეთ უნივერსიტეტის ერთ-ერთ ფართიზე.

 პატარა რევოლუციონერი გოგო ხარ, ხო?

– (იცინის) აი, ზუსტად ეგ ვარ. ასე რომ, დღეს ჩვენს უნივერსიტეტში არის ბენდი, სახელად „ფიქშენ“, რომლის სოლისტიც გახლავართ.

 რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში მას მერე, რაც შენს შესახებ სიუჟეტი „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა?..

– მეგობრების თხოვნებმა იმატა ფეისბუკზე, მაგრამ უცხოებს არ ვიმატებ, ვფიქრობ, რომ ეს ჩემი პირადი სივრცეა და ამიტომ მინდა, ის ადამიანები მხედავდნენ, მეკონტაქტებოდნენ, ვისაც ვიცნობ. თუმცა უპასუხოდ არ ვტოვებ არავის, ადეკვატურად ვპასუხობ ყველას, ვინც სითბოს, ყურადღებასა და ინტერესს იჩენს. ბევრი წერილი მოდის, ახლა ვეგუები ამ ყველაფერს.

 შეყვარებული გყავს?

– არა.

 არც გყოლია?

– ესეც ჩემთვის მინდა დარჩეს, ძალიან პირადია.

 ვფიქრობ, არაერთი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდება პროექტის მსვლელობის დროს, მათ ვუთხრათ, როგორი ბიჭები მოგწონს...

– რთული კითხვაა... მოაზროვნე ბიჭები მომწონს, საინტერესო, ყველა თემაზე რომ შეუძლია გესაუბროს და რაც ყველაზე მეტად აკლია 21-ე საუკუნეს, ადამიანურები. არ მომწონს ბიჭები, რომელთა ლექსიკონი ბილწი სიტყვებით არის გაჯერებული.

– მადონას შეგადარეს, ეს ქათინაური იყო შენთვის?

– რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. აქამდე არავის შეუდარებივარ, თუმცა ეს ბუნებრივიცაა, აქამდე მუქი და გრძელი თმა მქონდა. ეს ახალი იმიჯია ჩემთვის. ძალიან მაგარი მომღერალია, პოპის დედოფალია, მიხარია, რომ რაღაც მსგავსება დაინახეს ჩემში, თუმცა მინდა ვიოლეტა ვიყო, ჩემი სახელითა და გვარით გამიცნოს ხალხმა.

 რას გვპირდები, რით გაგვაოცებ სცენაზე?

– ხმის ტემბრით, ვფიქრობ, არ ვიქნები ერთნაირი, ბევრ სხვადასხვა ჟანრის სიმღერას მოვირგებ. ვნახოთ.


primetime.ge