სტიქიის საწინააღმდეგო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მეორე დღეა ჩართულია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში.

სამინისტროს წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად მუშაობენ სტიქიის სამივე რეგიონში - იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში. მათი ინფორმაციით, სამივე რეგიონის ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური ამ დრომდე აგრძელებს მუშაობას საგანგებო რეჟიმში. ფაქტობრივად დასრულებულია ზარალის დადგენის სამუშაოები. რამდენიმე დაზიანებული ობიექტის აღდგენითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს იმერეთსა და სამეგრელოში.

 

პარალელურად ხდება საჭირო მასალის მობილიზება და მიწოდება მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელმაც გამოთქვა სურვილი თავად აწარმოოს სტიქიისგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაოები. პირველადი ღონისძიებები ყველა ობიექტზე ჩატარებულია იმისათვის, რომ დღეს ღამე მოსახლეობამ გაატაროს უსაფრთხოდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გაზის მიწოდება სრულად აღდგენილია და გრძელდება სამუშაოები ელექტროენერგიის სრულად აღსადგენად. სამივე რეგიონში ამ დრომდე წვიმს, მიუხედავად ამისა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.