რატომ არ კრძალავენ ქუჩის მომღერალს თბილისში?
- 03/12/18
- 9910 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
რამდენიმე დღის წინ თბილისში ქუჩის მუსიკოსის სამირ სავჩუკის გარდაცვალებამ მოსახლეობის დიდი გამოხმაურება და გულისტკივილი გამოიწვია. სამირს მძიმე ცხოვრების გამო ბევრი თანაუგრძნობდა და გარდაცვალების შემდეგაც საზოგადოების სურვილი იყო, სამოქალაქო პანაშვიდები და დაკრძალვა თბილისში მომხდარიყო. დედაქალაქის მერია მზად იყო ამისთვის მიწაც გამოეყო და ხარჯებიც თავის თავზე აეღო. ერთი ქალბატონი კი მზად იყო, თავისი შვილის გვერდით დაესაფლავებინა თბილისში და ერთად მოევლო ორივე საფლავისთვის. ამის მიუხედავად, პირველ დეკემბერს სამირის ცხედარი მისი მამინაცვლის სურვილით, ჭიათურაში გადაასვენეს.
ამ ფაქტმა ქართველ ემიგრანტებს შორის ვნებათა ღელვა გამოწვია, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, ემიგრანტები თავადაც აპირებდნენ თანხის შეგროვებას, რომელიც სამირის საფლავს უნდა მოხმარებოდა. ემიგრანტთა სოციალურ ჯგუფში შოთო სიხარულიძე წერს:
"სად უნდა დაიკრძალოს სამირი, ქუჩის მუსიკოსი თბილისში თუ ჭიათურაში?
ჭიათურაში გაუგიათ ჩემი ლაივის და ემიგრანტების შესახებ! მე თანხას არავითარ შემთხვევაში არ გადავცემ მამობილს და იმას, ვინც მიცვალებული მორგიდან გაიტაცა! ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა!
ცოცხალი არ უნდოდათ და მიცვალებულის სურვილი იყო გარდაცვალებიდან 3 დღით ადრე, რომ მოვკვდები, თბილისში დამმარხეთო და არა ჭიათურაშიო!
პ.ს. მე ემიგრანტი დედების სიმწრით ნაშოვნ ფულს არავის მივცემ! ოჯახს შვილებს ლუკმა პურის ფული მოაკლონ და მე ესე მოვიქცე? არამც და არამც არასოდეს და არავითარშემთხვევაში როცა ის ფული არ მივა მიცვალებულთან და მას არ მოხმარდება! უარს ვამბობ თანხის მიღებაზე ისე, როგორც გუშინ ვუთხარი უარი ემიგრანტებს...
საწყალი ბიჭს ისიც ეყო, რომ ასეთი ტანჯული ცხოვრება ჰქონდა. არ დათანხმდეთ მამინაცვლის სურვილს... დადგეს მთელი თბილისი ფეხზე და შესრულდეს საწყალი ბიჭის სურვილი. ჩვენ, ემიგრანტებს, მხოლოდ აქედან შეგვიძლია დახმარება. ნათელი და სანთელი მის სულს" - წერს შოთა სიხარულიძე ფეისბუქის პირად გვერდზე, ხოლო მისი ბოლო ლაივიჩართვიდან ირკვევა, რომ ჭიათურაში დაკრძალვაზე პრაქტიკულად არავინ მიდის.
სამირის ბიძაშვილმა კი ლაივ საუბარში დაადასტურა, რომ სამირს ბავშვობაში დედობილ-მამობილი საღორეში კეტავდა და ფიზიკურადაც სასტიკად უსწორდებოდა."თავისებური ბავშვი იყო და ეწინააღმდეგებოდა მათ. ამიტომ დედაც, დეიდაც ხშირად სცემდნენ. სულ იმას ამბობდა, ისე არ მოხდეს, რომ მაგათი დასამარხი გავხდეო. მეც წინააღმდეგი ვარ, რომ ის ჭიათურაში დაიკრძალოს," - განაცხადა სამირის ბიძაშვილმა შოთა ბზიკაძემ.
სამირ სავჩუკს ძალიან ტრაგიკული ისტორია ჰქონდა. 4 წლის ასაკში დედამ მიატოვა - კიევის ერთ-ერთ შენობაში, მერვე სართულზე დატოვა და წავიდა. პატარა ბიჭი ბავშვთა სახლში აღმოჩნდა, საიდანაც საქართველოში წამოიყვანეს ჭიათურაში მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა. მისი დედობილი რუსი, მამობილი კი უკრაინელი იყო. თუმცა, არც მათთან ჰქონია ბედნიერი ცხოვრება ბიჭს - როგორც თავად ყვებოდა გია ჯაჯანიძის "სხვა რაკურსში", ის მათთვის არა შვილი, არამედ მონა იყო.
შეგახსენებთ, ქუჩის მუსიკოსის სამირ სავჩუკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა ნაწილმა თბილისის მერიას სამირის დაკრძალვასთან დაკავშირებით მიმართა.
"ასეთი კაცი უპატრონოთა სასაფლაოზე დასამარხად გვენანება, ის ისე აცოცხლებდა ქალაქს, არ დავუშვებთ წყნარად, პატივ მიუგებლად ერის სევდის გამოუხატავად ვინმემ ჩვენს ზურგს უკან მიწაში უჩუმრად ჩაფლას. იქნებ თქვენი ავტორიტეტით უზრუნველყოთ სამირ სავჩუკის გადმოსვენება რომელიმე ტაძარში. სამირი ქრისტიანი კაცი იყო. ერთი დღე სამოქალაქო პანაშვიდით რომ დავაფასოთ, უდაოდ დაიმსახურა.
მისი ცხოვრება არ იყო ია-ვარდით მოფენილი: მიტოვება, ბავშვთა სახლი, შიმშილი, ცემა და ბოლოს სიკვდილი სხვის სახლში, სხვის ლოგინში...
სამირი ნახევრად ბოშა იყო უკრაინიდან, ბევრ ქართველზე უკეთ მეტყველებდა ქართულად, უყვარდა ჩვენი ერი, ტიროდა, როცა მღეროდა და მღეროდა მაშინ, როცა ტიროდა, მასში ყალბი ერთი წვეთიც არ იყო. ამიტომ ვთვლით, რომ ჩვენ ქართველი ვისოცკი დავკარგეთ.
მის არ ყოფნას ვერ იგრძნობს თქვენი წარჩინებული გარემოცვა, რადგან ის ვინც ჩემი ერის ხარჯზე შავი ჯიპებით დადის არც მეტროთი სიარულს არ კადრულობს და არც ხალხში არ ტრიალებს.
სამირი დააკლდა უბრალო ხალხს, ის მათ ყურებს დააკლდა. ზოგადად, ბგერა ყველაზე დიდი ემოციის მატარებელია, ამიტომ სამირის გიტარა ხალხის გულსაც დააკლდა.
მნიშვნელობა არ აქვს, რითი მოკვდა რადგან ყველამ ვიცით, თუ რითი იცოცხლა" - ნათქვამია მიმართვაში.
მოგვიანებით თბილისის მერის მოადგილე, სოფიო ხუნწარია წერს: "არ ვაპირებდი დაწერას, მაგრამ როგორც ჩანს, უნდა დავწერო. ამ სამწუხარო ამბის შესახებ შევიტყვეთ ქუჩის მუსიკის ასოციაციის წევრებისგან. რამდენიმე დღეა ხაზზე ვართ, მერია მზად იყო დაეფარა დაკრძალვის ხარჯიც და მისი გადასვენებისაც, თუმცა ძალიან სამწუხაროდ, მამობილთან გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხდა კომუნიკაცია... მან გადაწყვიტა, რომ გადაესვენებინა ჭიათურაში, ყველას დახმარების გარეშე".