"დიდი, პატარა, ყველა ვტიროდით..."

ცნობილმა მებაღემ, "გარდენიას" მფლობელმა ზურა შევარდნაძემ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და გაიხსენა თანასოფლელების მხარდაჭერა, როცა ახალ წლამდე ორი დღით ადრე ბიძა გარდაეცვალა:

"ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, ახალი წლის წინა დღეები იდგა, ჩავაბარე სემესტრის გამოცდები და სოფელში წავედი. ყველა სახლში, ჟრიამული და სამზადისი დამხვდა, ყველა ახალ წელთან შესახვედრად ემზადებოდა.
კალანდამდე ორი დღით ადრე, მოულოდნელად გარდაიცვალა, ჩემი ახალგაზრდა ბიძა, ნიკო შევარდნაძე, მეხის გავარდნა იყო ეს ჩვენთვის ყველასთვის, შევიცხადეთ და მგლოვიარე შეიქნა ბევრი, ბევრი. დაიფსო ოჯახი. ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემს მახსოვრობაში,როცა ახალ წელს მიცვალებულთან ერთად შევხვდით. თორმეტი საათი რომ მოახლოვდა, ბოცოლაჩემმა გვთხოვა, გარეთ გავიდეთ პარმაღზე, ასე ნუ ვისხდებითო და გარეთ გამოგვიყვანა. 
დიდი თოვლი და მთვარიანი ღამე იყო, სამარისებური სიჩუმე იდგა, მხოლოდ ძაღლები ყეფდნენ აქა იქ. ბიძაჩემის "ბალკონიდან" მთელი თუ არა ნახევარი ასკანა მაინც ჩანს, მთელი ბასილეთი, მთისპირი, მზიანი და ნაგომარიც ხელისგულივით.
ფერდებზე შეფენილი სახლებიდან ბოლი და ფანჯრებიდან თბილი სუსტი შუქი გამოდიოდა, სოფელს არ ეძინა, ჩვენც ვიდექით პარმაღზე და ველოდებოდით. გახდა 12 საათი, გადაცდა თორმეტს, მეზობელ სოფლებში ახალი წლის მოსვლას სიხარულით და ორლულიანი თოფების გრიალით შეხვდნენ, ჩოხატაურის თავზე ცა განათდა, ისროდნენ შუშხუნებსაც. განაგრძეთ  კითხვა