ქუთაისში ექიმმა ახალი მღვიმე აღმოაჩინა
- 07/12/18
- 1612 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მღვიმე, რომელიც შესაძლოა, 30-50 ათასი წლის წინანდელი იყოს, ქუთაისში, სამი კვირის წინ, შემთხვევით აღმოაჩინა ვახტანგ სიხარულიძემ. პროფესიით ფსიქიატრი, ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობს. სამი კვირის წინ, ძაღლთან, ჩაპასთან ერთად, მისი სიტყვებით, „გულის გადასაყვავილებლად“, სანადიროდ წავიდა ქუთაისის გარეუბანში, დავით კლდიაშვილის ქუჩის ბოლოს (ჭახათას უბანი), ქვის კარიერზე:
„ფსიქიატრებს ხანდახან გულის გადაყვავილება გვჭირდება, გავისროლე თოფი და ექოს ხმა უცნაურად შემომესმა, თითქოს ხმა გაორდაო. მივყევი ექოს, დავათვალიერე იქაურობა და მღვიმის შესასვლელს მივადექი. შიგნით შევედი და მივხვდი, რომ რაღაც უნიკალურ ამბავთან მქონდა საქმე. მეორე დღეს, მეგობართან ერთად, ფოტოაპარატით დავბრუნდით მღვიმეში. მღვიმის იმ ნაწილში შესასვლელად, რომელიც თავდაპირველად აღმოვაჩინე, არანაირი განსაკუთრებული აღჭურვილობა არ გჭირდებათ, მხოლოდ ფანარი. თუმცა, გუშინ, 6 დეკემბერს, როდესაც კიდევ ერთხელ გადავწყვიტეთ შესვლა მღვიმეში სპელეოლოგებთან ერთად, აღმოვაჩინეთ 15 მეტრის სიღრმის ჭა, საიდანაც მღვიმის ქვედა, პირველ სართულზე ჩადიხართ და სადაც დაახლოებით ზედა სივრცის ფართობის დარბაზებია“.
6 დეკემბერს ვახტანგ სიხარულიძის აღმოჩენილი მღვიმე სპელეოლოგებმა, ვალერი ბარბაქაძემ და გიგო ონიანმა დაათვალიერეს და მისი შესწავლა დაიწყეს. როგორც ისინი ამბობენ, პირველადი დათვალიერებით, მღვიმე უნიკალურია:
„80 მეტრის სიგრძის ორი დარბაზია და დერეფანი. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, ქვის კარიერზე აფეთქებების შედეგად დაზიანებულია ნაღვენთი ფორმები, თუმცა, ვნახეთ ექსცენტრიული ფორმები, რაც საქართველოში მანამდე არ გვინახავს. ზოგადად, საქართველოსა და კავკასიის ტერიტორიაზე, ასეთი ნაღვენთი ფორმები იშვიათობაა, გამჭვირვალე, თეთრი, მბრწყინავი ფორმებია. ქვის მოპოვებისას და აფეთქებების დროს ჩამონგრეულია, ჩამოყრილია სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების დიდი ნაწილი“, - ამბობს ვალერი ბარბაქაძე. მისივე თქმით, მღვიმე შესაძლოა, 30-50 ათას წელს ითვლიდეს.
მღვიმეში პირველი ექსპედიციის შემდეგ სპელეოლოგები აზუსტებენ არის თუ არა სადმე აღწერილი ეს მღვიმე, თუმცა, იმაზე დაყრდნობით რაც ნახეს, ვარაუდობენ, რომ ეს ახალი აღმოჩენაა, და ეს ადგილი დღემდე არცერთ სამეცნიერო ნაშრომში არ ყოფილა აღწერილი. სპელეოლოგების თქმით, დაწყებულია მღვიმის დეტალური შესწავლა.