მამაკაცი ქუჩაში უგონო მდგომარეობაში ნახეს

რუსთავში, კოსტავას გამზირზე, 50 წლამდე მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ნახეს და ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ორმა ახალგაზრდა ქალმა ალკოჰოლურ სასმელში დაუდგენელი ნივთიერება შეურია, სასმელი მამაკაცს მოტყუებით დაალევინეს რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. სიტუაციით ქალებმა ისარგებლეს და მამაკაცი გაქურდეს.

ერთერთი თვითმხილველი "ინფო რუსთავს" უყვება რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ღამის საათებში 2 გოგოსთან ერთად კოსტავას გამზირზე გადაადგილდებოდა, მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელი და ტკბილეული შეიძინა, რის შემდეგად ტერიტორია დატოვა, მოგვიანებით კი ის ქუჩაში უგონო მდგომარეობაში ნახეს.

მამაკაცი მძიმე ინტოქსიკაციით, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში განაცხადეს, რომ პაციენტმა ერთი დღე რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა, ხოლო ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ირკვევა რომ 50 წლამდე მამაკცს თან 5000 ლარამდე თანხა ჰქონდა, თუმცა გონებაზე მოსვლის შემდეგ მან ფული ვეღარ ნახა.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს".

არსებული ინფორმაციით მამაკაცმა პოლიციაში არ განაცხადა რომ ის ქალებმა გაქურდეს.