
ორსულობის თანმდევი 10 უსიამოვნება, რომლის შესახებაც არავინ გაგაფრთხილებთ
- 13/12/18
- 1297 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

რატომღაც არავინ ყვება (ან თუ ყვება, შელამაზებულად და ძალიან მსუბუქად) ორსულობის სიძნელეების შესახებ. ალბათ ბევრჯერ და ბევრისგან მოგისმენია და ბევრგან წაგიკითხავს, რომ შვილი ბედნიერებაა, ახალი სიცოცხლეა, რომ ამის გამო ღირს ცხოვრება, რომ ორსულობა ქალის ცხოვრებაში ყველაზე განსაკუთრებული და საოცარი პერიოდია…
და, რატომღაც, სიტყვასაც კი არ გადაგიკრავენ იმაზე, რომ ამ 9 თვის განმავლობაში შენი ორგანიზმი ათასგვარ ტრანსფორმაციას განიცდის (და არა მხოლოდ გარეგნულად). შეიძლება ჯანმრთელობა გაგიუარესდეს, თირკმელებმა კარგად ვერ იმუშავონ,ცხოვრებაში პირველად ბუასილი დაგემართოს და აღარ მოგშორდეს, კანზე გაურკვეველი წარმოშობის ხალები და მსგავსი რაღაცები გამოგივიდეს…
მოკლედ, ფორმების დაკარგვას, სექსის აკრძალვას და სტრიებს ვინღა ჩივის, როცა წესიერად ვერც მკურნალობ იმ მიზეზით, რომ იმ პატარა და ჯერაც ჩამოუყალიბებელ ადამიანს, შენს შიგნით რომაა მყუდროდ მოკალათებული და შენს კუთვნილ რკინას, კალციუმს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს უბოდიშოდ ითვისებს, რამე არ ავნო.
ყველაფერი კი ძალიანაც ჩვეულებრივად დაიწყო. ორსულობის გაგებიდან მეორე დღისთვის ლაზერულ ეპილაციაზე ვიყავი ჩაწერილი. გულარხეინად მივედი სალონში და ის-ის იყო სავარძელზე დავწექი, რომ ეპილაციის სპეციალისტმა სტანდარტული შეკითხვა დამისვა: “ალერგიული თუ ხართ ან ორსულად ხომ არ ხართ?”
ჰა, რა? ვაიმე, კი, ორსულად ვარ!
“დავუშვათ ორსულად ვარ” – ვუპასუხე ორჭოფულად. სპეციალისტმა შეურაცხყოფილი სახით გადმომხედა, “სანამ გინეკოლოგის დასტურს არ მომიტან, იქამდე ვერაფერსაც ვერ გაგიკეთებო”, მომახალა და სავარძლიდან წამომაგდო. იმ დღეს ძალიან უბედური მოვედი სახლში და ჩემს ქმარს შევჩივლე, “მთელი ცხრა თვე წვერ-ულვაშით ხომ არ ვიმოძრავებ”-მეთქი. რამდენიმე დღეში კი ძალიან უკმაყოფილომ დეპილაციის კრემი ვიყიდე.
მაგრამ ეს მხოლოდ, როგორც ამბობენ, “ყვავილები” იყო.
1. ტოქსიკოზი
ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. კონკრეტულ საკვებზე მაინც ამრეოდა გული, რომ მცოდნოდა, რა მეჭამა და რა – არა. ერთი კვირა მხოლოდ მჟავე ვაშლს ვახრამუნებდი. სხვა კერძზე, უბრალოდ, გული მერეოდა.
ორსულობამდე ჩვევაში მქონდა, უზმოზე გაყინული წყალი დამელია. დილაობით უკვე წყურვილი მაღვიძებდა. ორსულობის მეორე თვეში კი, საკმარისი იყო ერთი ყლუპი ცივი წყალი ახალგაღვიძებულზე, რომ ერთი საათი უნიტაზზე ვეკიდე. (ბოდიში, ნატურალისტურად თუ აღვწერ, მაგრამ ვინმემ ხომ უნდა გაგაფრთხილოს?)
ასე დავიკელი პირველი ორი თვის განმავლობაში 3 კგ.
2. მუდმივი დაღლილობა
ვინც მიცნობს, დარწმუნებული ვარ, არ ვახსოვარ, ბოლოს როდის მნახა დაღლილი. თანაც სულ ისეთ ადგილას ვმუშაობდი, რაც გამუდმებით გადარბენებს გულისხმობს (ტელევიზია, ახალი ამბების ვებ-პორტალები და ა.შ.). ახლა რომ ვფიქრობ, კიდევ კარგი, მეორე თვეში სამსახურს ვეძებდი და არ ვმუშაობდი! შემეძლო თავის დაუდებლადაც კი დამეძინა. იმ თვის განმავლობაში არც სახლი დამილაგებია, არც საჭმელი გამიკეთებია, უაზროდ ვსქროლავდი ფეისბუქს და განუწყვეტლივ ვამთქნარებდი. მუშაობით ის თვე არ ვმუშაობდი. არასოდეს ასე ქრონიკულად დაღლილი არ ვყოფილვარ. ყველგან დასაჯდომს ვეძებდი, ხოლო თუ ვიჯექი – წამოსაწოლს.
3. გამუდმებული შარდვა
როგორც იქნა დამთავრდა უჭმელობის ორი თვე (გაითვალისწინეთ, არასოდეს ვმჯდარვარ დიეტაზე და, საერთოდაც, დიდი გურმანი ვინმე ვარ!) და მესამე დაიწყო. სამსახური დავიწყე, ენერგია და მადაც მომემატა, ხალისიც, თავისთავად. მაგრამ შემდეგი პრობლემა წამოიჭრა: ხანდახან ტუალეტიდან გამოსული არ ვიყავი, უკვე ისევუკან მინდოდა. ერთ კვირაში უკვე ქალაქის ყველა საზოგადოებრივი ტუალეტის მდებარეობა დავიზეპირე. სახლიდან გასვლის წინაც შევდიოდი ხოლმე ტუალეტში და სამსახურში მისულიც.
(კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში, რომ ასე პირდაპირ ვწერ, მაგრამ აბა რა გიყო…)
4. გაზრდილი მუცელი
მეოთხე თვიდან კი უკვე ის მოხდა, რაც ყველასთვის გარდაუვალია: პირველად ვეღარ შევიკარი მაღალწელიანი შარვალი. სამსახურში ვიჯექი, როცა ისე მომიჭირა, სუნთქვა შემეხუთა. რაღას ვიზამდი, კიდევ კარგი, ცოტა გრძელი ზედა მეცვა. კარგად ჩამოვიფარე და შესაკრავი გავიხსენი. სახლში მოსულმა კი გარდერობი გადავახარისხე.
თითოეული ტანსაცმელი ახალნაჭამზე კარგად მოვიზომე, დავჯექი, ავდექი, გავიარ-გამოვიარე და იმის მიხედვით გადავდე-გადმოვდე. გადადებულებში 2-3 შარვალი და ერთიც მაღალწელიანი ბოლოკაბა მოხვდა. თავი დავიმშვიდე, რა მოხდა მერე, შარვლების და ბოლოკაბების მეტი რა მაქვს-მეთქი! (ჰა-ჰა-ჰა! #სიმწრისსიცილი)
5. აკრძალვების სერიები
კვირა კვირას მისდევდა. დადგა ზაფხული – მოკლე სარაფნების და მოკლემკლავიანი მაისურების ჩაცმის დრო. ცხრათავიანი გველეშაპის მომდევნო თავიც ამოძვრა: გავაცნობიერე, რომ ზაფხულში ვერ გავირუჯები! არადა ეს ჩემს საყვარელ საქმიანობებს შორის პირველ ადგილზე თუ არა, პირველ სამეულში მაინც შედის!
კი, რა თქმა უნდა, შემიძლია, დილის 10 საათამდე მზეზე ვიყო, მაგრამ რომელი ნორმალური ირუჯება დილის 10 საათამდე? გარდა ამისა, ცხადია, ზაფხულის კიდევ ერთი სიამოვნება, მეგობრებთან ერთად ლუდის სმაც გამოირიცხა. რაც არ უნდა ეგოისტი და საკუთარ თავზე და სურვილებზე შეყვარებული იყო, ალკოჰოლს ვერ მიიღებ. აი, მორჩა და გათავდა. არ შეიძლება! ბავშვი რომ რამე ნაკლით დაიბადოს, მერე მთელი ცხოვრება უნდა გტანჯავდეს დანაშაულის გრძნობა.
6. გამონადენი და საშოს ინფექციები
იცოდი, რომ პირველ ტრიმესტრში სარკის ჩადგმა და ნაცხის აღება არ შეიძლება? როგორც არ უნდა მოგკლას ქავილმა, გამონადენმა და წვამ, არ შეიძლება და მორჩა! არა, სოკო არ გაქვსო, დამამშვიდა გინეკოლოგმა ერთ-ერთი ვიზიტისას. სამაგიეროდ, ორსულობის გამო, საშოს მიკროფლორა დასუსტებულა, რაც სოკოს გავრცელების წინაპირობაა.
“ეს წამალი არ შეიძლება, ის არ შეიძლება, ასე ვერ იზამ, ვერც – ისე”… მოკლედ, რაღაც სანთლები მაინც დამინიშნა. “მთავარია, ნაყოფი იყოს კარგად!” გადმომხედა მენტორული სახით.
დიდი მადლობა, ყოველ წუთს თავს დამნაშავედ რომ მაგრძნობინებთ, მაგრამ მეც ხო ადამიანი ვარ, არა?
7. ცილები შარდში და დაბალი ჰემოგლობინი სისხლში
სისხლის და შარდის ანალიზების პასუხები, როგორც წესი, თითქმის, ერთი და იგივეა ყველასთვის. ცილები შარდში იმას ნიშნავს, რომ თირკმელები ნორმალურად ვერ მუშაობს. ამის გამო ორგანიზმი შუპდება (მე ხელის თითები და ფეხები მტკივა ხოლმე, ისეთი დასიებული ვარ) და გაწმენდის მიზნით სპეციალური დიეტაა საჭირო.
“დიეტა, დიეტა, დიეტა…” თქვენ არ იცით, როგორ მეშინია ამ სიტყვის! თან ისეთ სეზონზე, როცა პომიდორი, ნესვი, ბადრიჯანი და სიმინდი უკვე შემოსულია. მე კი იძულებული ვარ სამი დღე ასკილის წვენი ვსვა და ვაშლი და ხაჭო ვჭამო. თუ ვგრძნობ, რომ გული მიმდის, მხოლოდ მაშინ მივატანო გახუხული პური. ეს უკვე ჩემი ჯანმრთელობისთვისაა საჭირო. სამი დღე სამსახურში დაბღვერილი დავდივარ. ყველა მეკითხება ხასიათის ცვლილების უეცარი მიზეზი რა არის და ყველა მამშვიდებს: “არა უშავს, ორსულობის დროს ხასიათი ხშირად შეგეცვლება!”
ორსულობა რა შუაშია, ხალხო, დიეტაზე დამსვეს, ფუ! როგორც იქნა, სამი მტანჯველი დღე გავიდა და განმეორებითმა ანალიზმა დადებითი პასუხი აჩვენა.
ვაშა! გაუმარჯოს სრულფასოვან კვებას!
8. ბუასილი
ამბობენ, 10-დან 8 ორსულს ბუასილი ემართებაო. მომატებული კილოგრამები, ამხელა დატვირთვა მუცელში, კვება და ა.შ. ცხადია, ყველა სწორი ნაწლავი ამდენს ვერ უძლებს. ბუასილი ჩემთვის, ჯერჯერობით, ყველაზე რთული გამოწვევაა – ხელ-ფეხის დასიებაზე უფრო რთულიც კი. დაჯდომით თუ დაჯექი, მერე ადგომაა ერთი სიკვდილი, და – პირიქით. თანაც, დიდი შანსია, მშობიარობის მერე გართულდეს და მოკლედ, შარია, მტკივნეული შარი.
(ამას მთლად ასე პირდაპირაც ვერ დავწერ, უჩემოდაც ხომ წარმოგიდგენია, რა საშინელებაა ბუასილი?)
9. კბილები და თმა
ამბობენ, ორსულებმა კბილებს განსაკუთრებით უნდა მოუარონ, იმიტომ რომ კალციუმი, რაც თმას და კბილებს კვებავს, ბავშვის განვითარებაზე იხარჯება. სწორედ ამიტომ უნდა მიიღონ ორსულებმა დიდი რაოდენობით რძის პროდუქტი, ოღონდ ისეთი კი არა, მაღაზიებში რომ იყიდება, ნატურალური, ან დალიონ ვიტამინები.
მე ვიტამინების კომპლექსსაც ვსვამ და ნატურალურ ხაჭოსაც ვჭამ. ხან დედაჩემი მიკეთებს, ხან – ყიდულობს ნაცნობი მერძევესგან. თმას რაც შეეხება, უფრო მეტი თმა ამომდის ხელ-ფეხზე და მუცელზეც (ჰო, მუცელზეც!). სული კბილით მიჭირავს და ვლოცულობ, რომ მშობიარობის მერე დამცვივდეს. ექიმი მეუბნება, რომ ესეც ბუნებრივი და დროებითია და, რომ ესეც გაივლის. თუმცა ასეთ პირობებში დარჩე სექსუალური და ჰგავდე იმ ორსულ ქალებს, რომლებიც შიშვლები პოზირებენ კამერის წინ ბედნიერი და შთაგონებული სახით, ცოტა რთულია.
10. შეცვლილი ხასიათი
You don’t say! ამ ყველაფრის მერე ვინმე კარგ ხასიათზე რჩება? ყველაფერს შენ უნდა გაუმკლავდე, სხვა გზა არ გაქვს. ჩემი ქმარი მაქსიმუმს აკეთებს და ტყავში ძვრება, რომ ეს მდგომარეობა შემიმსუბუქოს და ის რომ არა, დღეში ათჯერ მაინც ვიტირებდი. პარტნიორში ჩემსავით უნდა გაგიმართლოს, თორემ სხვაგვარად არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია, როგორ გავუძლებდი ყველაფერს.
უკვე მერვე თვეში გადავედი. მშობიარობამდე სრული 8 კვირა დამრჩა. ხელის თითები საღამოობით მისივდება და მტკივა, ფეხებზე უკვე კოჭებიც აღარ მიჩანს ხოლმე და ერთადერთი ფეხსაცმელიღა მეტევა. ტანსაცმლიდან 2 ჯინსი და ერთი ნაჭრის შარვალიღა მეტევა, 20 სარაფნიდან – მხოლოდ სამი. ზედები ყველა დამიპატარავდა და რამდენიმე ახალი ვიყიდე, ცოტა გრძელები. ბუასილი ისევ გაღიზიანებული მაქვს, ბოლო ტრიმესტრში მგზავრობა აღარ შეიძლება და მეც, სხვა გზა არ მაქვს, თბილისში ვარ გამომწყვდეული. დახრით ვეღარ ვიხრები. მუცელი ყელში მებჯინება და დილაობით ჩემი ქმარი მიკრავს ფეხსაცმლის თასმებს. მეუბნებიან, დატკბი თავისუფლების ბოლო კვირებით და ნუ წუწუნებო.
არა, კი არ ვწუწუნებ, უბრალოდ, ვცდილობ, გაგაფრთხილო, რისი გადატანა მოგელის. მერე რა, თუ ცოტა მუქ ფერებში გიხატავ, მზად ხომ უნდა იყო?! თანაც, გაითვალისწინე, რომ ჩემი ორსულობა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და იოლია! ფეხით ისევ იმდენს დავდივარ, რამდენსაც დავდიოდი (ცხადია, ლაშქრობები და აღმართები გამოვრიცხე წელს :-) ), პირველ ტრიმესტრს და რამდენჯერმე დიეტას თუ არ ჩავთვლით, ვჭამ იმას, რაც მინდა (ცხადია, ფასტ-ფუდებს არა) და ენერგიაც სამყოფი და საკმარისი მაქვს.
სინამდვილეში ეს ყველაფერი აუტანელი სულაც არაა. ადამიანს ხომ ყველანაირი ფიზიკური ტკივილი გადააქვს. ასჯერ ამაზე უფრო ცუდადაც ვყოფილვარ და უფრო დაღლილიც. ერთხელ, ამ ორი წლის წინ, როცა წითელა მქონდა, სახლიდან ორი კვირა ვერ გავდიოდი და 10 დღის განმავლობაში ტემპერატურა 39 გრადუსზე ქვემოთ ვერ დავიგდე. ცოტა უფრო ადრე კი, ჩუტყვავილა მქონდა. გამონაყარმა, დაუბანლობამ (აკრძალულია წყლის მისხმაც კი) და სახლიდან გაუსვლელობამ კინაღამ გამაგიჟა. აი, ეს იყო თუ იყო ტანჯვა-წამება.
რომ იცოდე, ამ ყველაფერს მართლა აბალანსებს ბავშვის მუცელში მოძრაობით მოგვრილი სიხარული, მომავლის გეგმები, სახელის შერჩევის პროცესი ბავშვის მამასთან ერთად და, რაც მთავარია, მოსიყვარულე პარტნიორი! ადამიანი, რომელიც გასიებულ ფეხებზე ცივ წყალს დაგასხამს, საჭმელს მოგიმზადებს, მასაჟს გაგიკეთებს, ჩაგეხუტება და გეტყვის, რომ მისთვის მაინც სექსუალური ხარ, რაც არ უნდა მოხდეს.