
ბოლო პერიოდის ყველაზე საშიში ქართველი დამნაშავეები და მკვლელები
- 19/12/18
- 4543 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დამნაშავე, სერიული მკვლელი გიორგი ყუფარაძე საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. ყუფარაძის ექსტრადირების გადაწყვეტილება ბერძნულმა მხარემ მას შემდეგ მიიღო, რაც ფაქტები მოიკვლია და მის კრიმინალობაში დარწმუნდა. ინტერპოლით ძებნილი ყუფარაძე ქართულ მართლმასჯულებას წლების განმავლობაში ემალებოდა და პოჰლოდკოვ მიროსლავის გაყალბებული პასპორტით აფარებდა თავს საბერძნეთს.
50 წლის ყუფარაძის, ზედმეტსახელად "ბეტონას" კრიმინალური ისტორია შემზარავია - მას რამდენიმე სასტიკ მკვლელობაში ედება ბრალი. მათ შორისაა აზერბაიჯანელი ძმებისა და დედა-შვილის მკვლელობის საქმეები თბილისში. ყუფარაძის დანაშაულებთან ერთად, ბოლო წლებში საქართველოში მომხდარ ყველაზე სასტიკ მკვლელობებს გავიხსენებთ, რომლებმაც საზოგადოება სხვადასხვა დროს შოკში ჩააგდო.
აზერბაიჯანელი ძმების მკვლელობა
2004 წლის გაზაფხულზე თბილისში, სვანეთის უბანში აზერბაიჯანელი ძმები მოკლეს. საქართველოში მანქანის შესაძენად ჩამოსული ილჰამ და რასიმ გასანოვები ყუფარაძემ და მისმა თანამზრახველმა, ასევე საშიშმა რეციდივისტმა, ვასილ გოშაძემ მოტყუებით მიიყვანეს წინასწარ ნაქირავებ ბინაში, ვითომდა მანქანის შეძენის თაობაზე მოსალაპარაკებლად. ყუფარაძემ და გოშაძემ უცხოელი ძმები ცეცხლსასროლი იარაღით ბინაშივე დახოცეს, გარდაცვლილებს ჯიბეებიდან თანხა და ტელეფონები ამოუღეს და გაინაწილეს.
ამის შემდეგ დამნაშავეებმა ძმების გვამები გააშიშვლეს, დაანაკუწეს, იმავე ბინის ეზოში ჩამარხეს და დააბეტონეს. ბრალდებულმა ყუფარაძემ მაშინ დანაშული აღიარა და სამართალდამცველებს შემთხვევის ადგილი აჩვენა. აღნიშნული დანაშაულისთვის ყუფარაძეს 25-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა 2009 წელს სასტიკი დამნაშავე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა და სასჯელი გაუნახევრა. 2013 წელს კი, მსჯავრდებულმა საპატიმრო "ამნისტიის შესახებ” კანონის საფუძველზე დატოვა.
გათავისუფლებიდან ერთ წელიწადში, ყუფარაძე კიდევ უფრო შემზარავ დანაშაულს ჩაიდენს...
დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობა
2014 წლის დეკემბერში თბილისის ზღვის უბნის დასახლებაში, ყოფილ კადეტთა კორპუსის სახლში სამართალდამცველებმა 1965 წელს დაბადებული ნატო კვეზერელის გვამი იპოვეს. გარდაცვლილს ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. ნეთესავებმა ქალი ისე დაკრძალეს, რომ მისი ერთადერთი შვილის, გურამ კვეზერელის ადგილსამყოფელი ვერ გაიგეს. გაჩნდა უამრავი ეჭვი, თუმცა სიმართლე მხოლოდ 2016 წელს, ნატო კვეზერელის მკვლელობიდან ორი წლის შემდეგ გაირკვა, როცა მისი დაკარგული შვილის ცხედარი იპოვეს.
გურამ კვეზერელის გვამი კოჯორში, დაკეტილი აგარაკის ეზოში დამარხული აღმოჩნდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ გარდაცვლილს სხეულზე 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. დანაშაულებრივმა ჯგუფმა - ყუფარაძემ და გოშაძემ, გვამი დაანაკუწეს და მას დაშლის მიზნით მჟავა დაასხეს, თუმცა მას შემდეგ რაც გვამი არ გაფუჭდა მკვლელებმა ის კასრში ჩადეს, მიწაში ჩამარხეს და დააბეტონეს. დამნაშავეებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ დედა-შვილი სახლში 12 000 აშშ დოლარს ინახავდა, დანაშაულის მოტივიც ამ თანხის მითვისება გახდა, რაც სისრულეში მოიყვანეს კიდეც.
კვალზე სამართალდამცველები გოშაძემ გაიყვანა. სამართალდამცველებთან ითანამშრომლა და მკვლელობის თანამონაწილედ გიორგი ყუფარაძე დაასახელა. სწორედ ამ აღიარების შემდეგ დატოვა თავისუფლებაზე მყოფმა ყუფარაძემ საქართველო და საბერძნეთში მიიმალა. განაგრძეთ კითხვა