ზაზა სარალიძე ოჯახთან ერთად პატრიარქთან იმყოფება

"შვილი ლოცულობს მისთვის, დედისთვის, ოჯახისთვის და ვულოცავთ ამ ბედნიერ დღეს“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

სადღესასწაულო წირვას შვილმკვდარი მამა ზაზა სარალიძე მეუღლესთან ერთად ესწრებოდა. უწმინდესმა იგი ამბიონზე აიყვანა და ქადაგებისას მას მიმართა.

„დღეს განსაკუთრებული დღეა, ჩვენთან წირვაზე ბრძანდებოდა ბატონი ზაზა, რომელმაც დაკარგა თავისი საყვარელი შვილი. წმინდა ნიკოლოზი შეეწია მას, პირველად ეზიარა დღეს ბატონი ზაზა, მე ვფიქრობ, შვილის ლოცვით. შვილი ლოცულობს მისთვის, დედისთვის, ოჯახისთვის და ვულოცავთ ამ ბედნიერ დღეს“, - განაცხადა პატრიარქმა.

უწმინდესმა ასევე მიმართა ზაზა სარალიძეს, ხომ არ ექნებოდა მას რაიმე სათქმელი.

„უფალმა დიდხანს გვიმყოფოს თქვენი თავი“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ პატრიარქის საპასუხოდ.

ქადაგების ბოლოს უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ წმინდა ნიკოლოზი ეხმარება ყველას, არაქრიასტიანებსაც კი.