
სავარაუდოდ ეს იმ მამა-შვილის ფოტოსურათებია, რომლებმაც წავკისში 2 ახალგაზრდა სასტიკად აჩეხეს
- 25/12/18
- 2635 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წავკისში ორი ახალგაზრდა მამაკაცის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა. ბრალდებულის სახით დაკავებულია მამა-შვილი - 46 წლის ნიკოლოზ აბულაძე და მისი 27 წლის ვაჟი გიორგი აბულაძე. გარდა ამისა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სამართალდამცავებმა დააკავეს აბულაძეების ოჯახის ახლობელი 25 წლის ანრი ყურაშვილიც.
გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულებმა 23 დეკემბერს, დაბა წავკისში მომხდარი კონფლიქტის დროს, ცივი იარაღის გამოყენებით, დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩაიდინეს დავით და ლექსო ფეიქრიშვილების მკვლელობა. გარდაცვლილები ერთმანეთის ბიძაშვილები არიან. ამავე კონფლიქტის დროს, დაიჭრა კიდევ ორი პირი - 1989 წელს დაბადებული ს.დ. და 1991 წელს დაბადებული რ.ზ., რომელთაც ამ დრომდე უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა.
ათეულობით მოწმის გამოკითხვისა და ჩატარებული სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივი გახდა მხარეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტი, კერძოდ:
"22 დეკემბერს, წავკისი-ტაბახმელას საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, მხარეებმა მეორე დღეს შეხვედრა დაგეგმეს და ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ საპატრულო პოლიციას არ შეატყობინეს.შეხვედრა საღამოს, დაახლოებით, 20:00 სთ-ზე შედგა. მხარეებს შორის საუბარი ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფაში, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა", - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანასაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ.
მისივე ინფორმაციით, დანაშაულის შემსწრე 1 პირი - 1993 წელს დაბადებული ა.ყ. სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გადაკვეთას და თურქეთის მიმართულებით გაქცევას ერთ-ერთ ბრალდებულთან - გ.ა.-სთან ერთად ცდილობდა, რა დროსაც ისინი პოლიციამ შეაჩერა და განყოფილებაში გადაიყვანა. ა.ყ.-ს გამოკითხვისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ იგი მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად და ორი, ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს.