ქართველი ემიგრანტი, რომელმაც ამერიკას აჩუქა შობა
- 30/12/18
- 1567 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"ამერიკაში ცნობილი ქართველი მწერლის - გიორგი ჯორჯ პაპაშვილის სამეზობლომ საჩუქრად ჯორჯ კობის ორიგინალი სათამაშოები გამომიგზავნა, რომელიც დღეს მივიღეთ. ამ სათამაშოებით გიორგი და მისი მეუღლე - ჰელენი საახალწლოდ ნაძვის ხეს რთავდნენ. ჩვენი ოჯახის გადაწყვეტილებით ეს სათამაშოებიც - გურამ შარაძის სახელობის ქართული ემიგრაციის მუზეუმს გადაეცემა საჩუქრად", - ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში - რუსუდან წერეთელი აქვეყნებს. ვინაიდან მსოფლიოში საახალწო ნაძვის ხის სათამაშოების გამომგონებელი ქართველი - ჯორჯ კობია (გრიგოლ კობახიძე), ეს ფაქტი განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს... გვესაუბრება ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი - რუსუდან კობახიძე.
- ჯორჯ კობის მიერ შექმნილ საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოებს ამ დღეებში გადმოგვცემენ და ძალიან ამაღელვებელია ჩვენთვის! რუსუდან წერეთელმა ადრეც გადასცა მუზეუმს უნიკალური საჩუქარი. იგი მუდმივად ზრუნავს ჩვენზე და ამჯერადაც საოცრად აღგვაფრთოვანა. დაახლოებით ხუთი წლის წინ რუსუდან წერეთელმა გვაჩუქა როგორც ჯორჯ კობის საახალწლო სათამაშოები, ასევე ჯორჯ პაპაშვილის წიგნები, ქვა, რომლითაც ჯორჯ პაპაშვილი ქანდაკებებს აკეთებდა, ჯორჯ კობაშვილის პორტრეტი ჩვენს მუზეუმშია დაცული.
- ჯორჯ კობის საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოებზე რომ გვიამბოთ...
- ჯორჯ კობი ამერიკაში მინის მრეწველი იყო, მილიონერი, რომელსაც ძალიან დიდი მრეწველობა ჰქონდა! ნაძვის ხის სათამაშოების გამოშვება მან 1940-იან წლებში დაიწყო! მანამდე ის ამზადებდა სამედიცინო დანიშნულების ამპულებს, კოლბებს ლაბორატორიებისთვის. მანვე დაამზადა ალექსანდრე ქართველის მიერ შექმნილი თვითმფრინავის ზემტკიცე მინის კაბინა, გიორგი მაჩაბელის მიერ შექმნილი პირველი ამერიკული სუნამოს ფლაკონები. ოთხი ქართველი ამერიკაში ყველაზე ცნობილები არიან, რომლებიც ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობდნენ და ძალიან დიდი კვალი დატოვეს. ესენ იყვნენ – ალექსანდრე ქართველი, გიორგი მაჩაბელი, ჯორჯ კობი და ჯორჯ ბალანჩინი. ბალანჩინმა, მოგეხსენებათ, ამერიკაში ბალეტი შექმნა. ალექსანდრე ქართველი კი ამერიკის სამხედრო ავიაციის მამამთავრად არის წოდებული, რომლის მფრინავი აპარატიც 2025 წლამდე ნატოს შეიარაღებაშია დატოვებული. განაგრძეთ