თბილისში პირბადეების დეფიციტი დაიწყო
- 08/01/19
- 779 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"პრაიმტაიმს" რამდენიმე მოქალაქემ უთხრა, რომ დღეს პირბადეების შეძენა ვერ მოახერხეს და აფთიაქებში უთხრეს, რომ დეფიციტშია. პირბადეების დეფიციტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელშიც აქტიურად საუბრობენ.
"მოვიარე აფთიაქები, ვერსად პირბადე ვერ ვიყიდე. დიღმის მასივში რამდენიმე აფთიაქში ვიყავი სხვადასხვა ქსელში, საბურთალოზეც, მეუბნებიან, რომ დეფიციტშია", - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
"პრაიმტაიმმა" ინფორმაცია რამდენიმე მსხვილ სააფთიაქო ქსელში: "ჯიპისიში", "ავერსში", "პეესპეში" გადაამოწმა, სადაც გვითხრეს, რომ პირბადეები დეფიციტში არ აქვთ.
პირბადეები აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყანაში ვირუს H1N1-ით, ანუ "ღორის გრიპით" დასნებოვნებულთა რაოდენობა გაიზარდა. ექიმები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, გამოყოფილია სამედიცინო ცენტრები, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში მუშაობენ. ვირუსის გავრცელების პიკი, სპეციალისტების თქმით, თებერვალში დადგება.
სპეციალისტები მოუწოდებენ მოსახლეობას, ატარონ პირბადე და ხშირად დაიბანონ ხელები, რადგან ეს ვირუსის შეყრის რისკს 50%-ით ამცირებს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირბადის ტარებას მკაცრად განსაზღვრული წესები აქვს, მისი თქმით ნიღბის ტარება ოთხ საათში ერთხელ უნდა მოხდეს.