კახა კალაძემ 1541 კუბო შეიძინა
- 11/01/19
- 2582 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
საქართველოში კუბოების თემა ბოლო დროს აქტუარი გახდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ კუბობები თბილისის მერიამაც შეიძინა და მათი რაოდენობა 1541 შეადგენს.
როგორც თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, კუბოების საკითხი ჯერ კიდევ აქტუალური 2016 წელს იყო.
"1714 კუბო წინასწარ რომ შეუკვეთა თბილისელებისთვის ნარმანიამ ხომ გახსოვთ? კალაძემ დაგვინდო და წინასწარ მხოლოდ 1541 კუბოს "ზაკაზი" მისცა. სამაგიეროდ ცოცხალი ადამიანი, რომ მივა გამგეობაში უსახსრობის და ბიუჯეტის არ არსებობის გამო, მედიკამენტებზე უარს ეტყვიან. მოკვდი ბატონო და უფასოდ დაგმარხავთ მერია - რა ქნას კახიმ მეტი?,- წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა „2020NEWS“ განუცხადა, ყველაზე მეტი კუბო ნაძალადევის გამგეობამ, 272 ცალი იყიდა და რომელსაც 2020 წლამდე დაარიგებს. "ნარმანიას დროს, თბილისის მერიამ 2016 წელს, 1714 კუბო შეიძინა. ახლა, 2018 წლის დეკემბერში ათივე რაიონის გამგეობამ ჯამში 1541 კუბო იყიდა. ნაძალადევის გამგეობა 272 კუბო შეიძინა, ვაკემ - 85, კრწანისის გამგეობამ -100, მთაწმინდამ 100, ჩუღურეთის გამგეობამ 171 კუბო იყიდა, სამგორის გამგეობამ 228 კუბო შეიძინა, 140 - საბურთალოს გამგეობამ, 172 - ისნის გამგეობამ, დიდუბის გამგეობამ - 83 და 190 კუბო იყიდა გლდანის გამგეობამ.
კითხვაზე, როგორ ხდება კუბოს შეძენა და რა უჯდება გამგეობას ერთი მიცვალებულის დაკრძალვა, ხაბეიშვილი გვპასუხობს: "კუბოების შესაძენი თანხები ბიუჯეტში წინასწარ არის ჩადებული. იმ შემთხვევაში, თუ კი გამგეობას ბიუჯეტი ამოეწურა და ამ მუხლში დარჩათ თანხა, სხვა მიმართულებით ვერ გახარჯავს. შესაბამისად, უმჯობესია, ჯერ სოციალურ დაუცველებზე იზრუნონ და შემდეგ გარდაცვლილ ადამიანებზე. გამგეობებს ჯამში ერთი გარდაცვლილი ადამიანის დაკრძალვა 400-500 ლარი უჯდებათ. წინასწარ ბიუჯეტში ჩადო თანხები და იყიდო კუბოები, უცნაური ამბავია. ცოცხალი ადამიანებისთვის კუბოების ყიდვა ნორმალურია?“, - განუცხადა სააგენტოს ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, გამგეობებს კომპანიებთან ხელშეკრულება წლის ბოლომდე აქვთ გაფორმებული და თუ ვერ დაარიგეს და დარჩათ კუბოები, მხოლოდ იმ თანხას იხდიან, რაც დაარიგეს.
"გამგეობებს ხელშეკრულებები წლის ბოლომდე აქვთ გაფორმებული, მხოლოდ ნაძალადევის რაიონია გამონაკლისი, რომელსაც 2020 წლამდე აქვს ხელშეკრულება დადებული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კუბოები დარჩა, ის 2020 წელშიც გადავა. სხვა გამგეობები, რომლებიც კუბოებს 2019 წელში სულ ვერ დახარჯავს დარჩენილი კუბოებისთვის განკუთვნილი თანხა ბიუჯეტში დარჩება. მაგალითად თუ 140 კუბოდან, 130 დასჭირდა, გადაიხდის 130-ის თანხას და იმ ათის ფულს მომავალი წლის ბიუჯეტში გადავიტანთ. რაც შეეხება კომპანიებს, ყველა გამგეობას სხვადასხვა კომპანიებთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული“, - განუცხადა ლევან ხაბეიშვილმა „2020NEWS"-ს.
შეგახსენებთ, გუშინ ფოთის მერიამ მათ მიერ შეძენილ კუბოებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყოველწლიურად ფოთის მერია 100-ზე მეტი სოციალურად შეჭირვებულის, ომის ვეტერანის თუ მათთან გათანაბრებული პირებისა და უპატრონო მიცვალებულისთვის სარიტუალო სასახლის შეძენას ახორციელებს.