
დუტა სხირტლაძისა და მისი მეუღლის მცხეთის ზღაპრული აგარაკის ფოტოსურათები
- 19/01/19
- 12140 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

მსახიობი დუტა სხირტლაძე და მისი მეუღლე, დიზაინერ-იუველირი მარინა ნაცვლიშვილი ზაფხულის ცხელ დღეებს მცხეთის აგარაკზე ატარებენ ხოლმე. ეს სახლი ქალბატონ მარინას მემკვიდრეობით ბაბუისგან ერგო. შემოქმედი წყვილის სახლის ინტერიერი, ექსტერიერი, ეზო ფერადოვანი და მიმზიდველია, ცოტა იდუმალიც. ბებიის მიერ დანატოვარი ავეჯი ქალბატონმა მარინამ საკუთარი ხელით განაახლა, შეღება და ახალი სიცოცხლე აჩუქა. ამბობს, რომ თითოეულ ნივთს თავისი ისტორია აქვს და ძალიან ძვირფასია მისთვის, ამიტომ ყველაფერს სათუთად უფრთხილდება.
ქალბატონმა მარინამ თავად გვიმასპინძლა აგარაკზე და თავის საქმიანობაზე, საოცარ სამკაულებზე, მისი დიზაინით შექმნილ ინტერიერზე გვესაუბრა.
- სახლი ჩემთვის ასოცირდება სიმყუდროვესთან, სიმშვიდესთან, სითბოსთან, დასვენებასთან. სახლში გარემო ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ თვალს და გულს სიამოვნებდეს, კომფორტულად უნდა გრძნობდე ადამიანი თავს.
- როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე თქვენთვის, როცა ყოფითი პრობლემებისა და საქმისგან დაღლილი მიიხურავთ კარს და რჩებით შინ მარტო?
- ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის და, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც. აქ უკვე ყველაფერი ჩემია, ჩემი სამყაროა. ამ სამყაროში ვგრძნობ თავს დაცულად, მშვიდად და კომფორტულად. ამ დროს ყველაფერი გავიწყდება და მხოლოდ შენს ოჯახზე ფიქრობ.
- მცხეთის აგარაკი ახალი გარემონტებულია, თან საკუთარი ხელით გაქვთ მოწყობილი...
- მცხეთის სახლი ჩემი ბაბუისა და ბებიისაა. ერთმა ბაბუამ დააპროექტა, რომელიც არქიტექტორი გახლდათ, და მეორე ბაბუამ ააშენა. დიდი ხანია, ეს სახლი დგას. ბაბუას ექვსი ქალიშვილი და ძალიან ბევრი შვილიშვილი ჰყავდა. ზაფხულობით ყველანი აქ ვიკრიბებოდით. დაახლოებით შვიდი წელია, სახლი ჩემს მფლობელობაში გადმოვიდა. გასარემონტებელი იყო. ბევრი რამე შევცვალე და ჩემი გემოვნებით გავაკეთე. სახლში ბებიაჩემის შეძენილი ძველი ავეჯიც დგას, მაგრამ განვაახლე, შევღებე, ახალი ნივთებიც შევმატე. თითქმის ყველაფერი ჩემი ხელით გავაკეთე.
- როგორც ვხედავ, დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ფერებს...
- ფერები მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში. ეს სახლსაც ეტყობა. თითქოს ცოტა მაროკოულ სტილშია გაკეთებული. ადრე სხვანაირად იყო. არ მიყვარს ერთფეროვნება. ხშირად ვცვლი ინტერიერს, ფერებს, დეტალებს, ნივთებს. ეს დარაბებიც წელს თავიდან შევღებე. შესაძლოა, მომავალ წელსაც შევცვალო. ინტერიერის დიზაინერის მომსახურებით არასოდეს მისარგებლია. ყველაფერი ჩემი გემოვნებით არის გაკეთებული. მხოლოდ აივნებია სოფო გონგლიაშვილის მოფიქრებული და მისი დიზაინით შექმნილი.
- თქვენი მუდმივი საცხოვრებელი სახლი ჰგავს ამ სახლს, თუ ის სხვა სტილში გაქვთ მოწყობილი?
- თბილისის სახლი თითქოს რაღაცით ჰგავს ამ სახლს. უბრალოდ, იქ ძველის და თანამედროვე სტილის მიქსია. ზოგადად ყველა ჩემი სახლი ჰგავს ერთმანეთს, რადგან ჩემს თვალს როგორც სიამოვნებს, ისე ვაწყობ ყველაფერს. რაც უფრო ბევრი ნივთია ოთახში, მით მეტად მომწონს გარემო. ამას ცოტათი მიპროტესტებენ ოჯახის წევრები. ჩემთვის ყველა ნივთი რაღაცასთან არის დაკავშირებული. წლებია მათ ვაგროვებ, ამიტომ თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს და ძვირფასია ჩემთვის.
- ალბათ თქვენს მეგობრებს, ახლობლებს უყვართ ამ ლამაზ, ფერად გარემოში სტუმრობა...
- ძალიან ხშირად გვყავს სტუმრები. განსაკუთრებული აურა აქვს ამ სახლს. ერთხელ ვინც მოვა, მერე სულ უნდა ჩვენთან სტუმრობა. ჩემი მეგობრები ჩემზე მეტად ელოდებიან ზაფხულის დადგომას, რომ აქ გადმოვიდეთ. მეც ძალიან მიყვარს აქაურობა, საღამოობით სულ სტუმრიანობა და მხიარულება გვაქვს. ვერ წარმომიდგენია სტუმრის გარეშე.
- დუტა რამდენად იყო ჩართული რემონტის პროცესში?
- დუტაც ბოლომდე იყო ჩართული სარემონტო სამუშაოებში. ძალიან ბევრი რამ საკუთარი ხელით გააკეთა. ფაქტობრივად, ერთობლივი ძალებით გავაკეთეთ ყველაფერი. საბედნიეროდ, ჩვენი გემოვნება ემთხვევა ერთმანეთს.
- გემოვნების საკითხზე არასოდეს გიკამათიათ?
- მგონი არა, არ მახსენდება ასეთი შემთხვევა. მენდობა, იცის ჩემი გემოვნება და ყოველთვის მოსწონს საბოლოო შედეგი. მეც ასეთი დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ, ვიცი, რასაც ხელს მოჰკიდებს, გემოვნებით და ხარისხიანად გააკეთებს.
- დუტას ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს, დიდ დროს ატარებს გადაღებებზე, სამსახურში. თქვენც არანაკლებ დატვირთული ხართ დღის განმავლობაში. რა დროს ატარებთ სახლში ერთად? განაგრძეთ კითხვა