ეკა ბესელიას იჭერენ?!

დეპუტატ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით, გაზეთი "ვერსია" სტატიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:  

"რატომ არ იყიდა ივანიშვილმა ბესელიას კომპრომატები.

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და ერთი წლის ვადაში სიტუაციის დალაგებას დაპირდა ხალხს, ბევრი რამ შეიცვალა. ყველაზე მთავარი ტრანსფორმაცია კი ხელისუფლების ბუნებას შეეხო. „ოცნება“, უნიათო გუნდიდან, თანდათან მონოლითურ სისტემად ყალიბდება, რომელშიც, სპარტანული ტრადიციით, მოღალატეებს კლდიდან აგდებენ ხოლმე – როგორც ჩანს, პირველი მსხვერპლი ეკა ბესელია იქნება.

რა დააშავა ეკა ბესელიამ? “ვერსიის” წყარო გვარწმუნებს – შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ იგი “ნაცების“ თამაშს თამაშობსო… მაგრამ როგორ მოხდა მისი „დავერბოვკება“?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ჩვენი რამდენიმე სანდო წყაროს ინფორმაცია იქნება შესაჯერებელი.

მედიაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ, რამდენიმე ხნის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ზაზა ოქუაშვილი, რუსთავი 2-ის წყალობით, ტელევარსკვლავი გახდებოდა, მას 30 მილიონიანი დავა ჰქონდა „საქართველოს ბანკთან“.

ოქუაშვილს ამ დავის გადაწყვეტა ეკა ბესელიამ შესთავაზა (ზაზა ოქუაშვილის ცოლი – ნატო ჩხეიძე ეკა ბესელიას კომიტეტის წევრია პარლამენტში). კონფიდენციალური წყარო გვიამბობს, რომ მან საქმის მოგვარებისათვის სოლიდური გასამრჯელო აიღო და ენერგიულად დაიწყო, მანამდე არაერთგზის აპრობირებული, სქემის განხორციელება.

სასამართლო კულუარებში კარგად ჩახედული წყარო კი სქემას ასე შიფრავს: როგორც ამბობენ, ქალბატონი ბესელია ყოველთვის აგვარებდა მსხვილ დავებს მისი უახლოესი მეგობრისა და კორუფციულ საქმეებში ფინანსური პარტნიორის, მზია თოდუას მეშვეობით. აქვე შეგახსებებთ, რომ ეს ის მზია თოდუაა, რომელიც ამჟამად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის თავმჯდომარე და იმავდროულად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია. “ომეგას” საქმეზეც იგივე სქემის გადათამაშება სცადეს -ქალბატონებმა ზაზა ოქუაშვილისაგან აღებული “გასამრჯელო” გაიყვეს და შეუდგნენ მუშაობას.

თვეების განმავლობაში მზია თოდუა მაღალპროფესიონალურად ახერხებდა საქმის გაჭიანურებას, “საქართველოს ბანკი” უშედეგოდ ითხოვდა ზაზა ოქუაშვილისგან 30 მილიონ დოლარს, თოდუას მეცადინეობით კი საქმე დამტვერილ თაროზე იდო, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა საბოლოო გადაწყვეტილებას…

ერთი სიტყვით, ყველაფერი ნაცადი გზით, მშვიდად და კარგად მიდიოდა, თუმცა ზაზა ოქუაშვილი ძალიან ნერვიულობდა იმის გამო, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ ვერა და ვერ დგებოდა, განხილვა მთავრდებოდა და შედეგი ადვილად პროგნოზირებადი გახდა. სანდო წყაროს ცნობით, ოქუაშვილსა და ბესელიას შორის უსიამოვნო ლაპარაკი შედგა. იმასაც ამბობენ, რომ ბიზნესმენმა დეპუტატს მიცემული ქრთამის უკან დაბრუნება მოსთხოვა. სავარაუდოდ, ქალბატონმა ეკამ პატიოსნად დააბრუნა საკუთრი წილი, მაგრამ მზია თოდუამ ფულის დაბრუნებაზე უარი თქვა, რადგან იგი მიიჩნევდა, რომ საქმის გაჭიანურებით, რაღაც სარგებელი მაინც მოუტანა „ომეგას“ შეფს. აი, ზუსტად აქ შემოდის საბედისწერო ეპიზოდი, რამაც ეკა ბესელია ნაც. მოძრაობის „კონფიდენტად“ გადააქცია.

კომპრომატების დიდოსტატმა ზაზა ოქუაშვილმა ფარულად ჩაიწერა ეკა ბესელიას მიერ ქრთამის ნაწილის დაბრუნების ფაქტი და ეს ჩანაწერი ნიკა გვარამიას აჩვენა. ამის შემდეგ, ნიკა გვარამიამ ასეთი შინაარსის გამაფრთხილებელი პოსტი დადო თავის ფეისბუქ გვერდზე: „თუ ბიძინას მტრისთვის სასამრთლოში საქმის დასალაგებლად ფულს იღებ, მერე მეორე კლანთან წააგებ, საქმეს ვერ მოაგვარებ და ფული უკან დასაბრუნებელი გაგიხდება და ამას ბიძინა გაგიგებს, კომიტეტის თავმჯდომარეობას უკან მოგატოვებინებსო. ძველი კი არა და, გრძელი ქართული ანდაზა“…

ეს პოსტი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარისთვის ნათელი სიგნალი იყო, რომ გვარამიამ ყველაფერი იცოდა. ასე პროზაულად დაავერბოვკეს გაუტეხელი “ოცნებამდელი ქოცი“ ეკა ბესელია – გვიმტკიცებს კონფიდენციალური წყარო.

ამის შემდეგ მოვლენები ელვისებურად ვითარდება. ქალბატონი ეკა, გვარამიას დავალებით „აფეთქებს“ ე.წ მოსამართლეთა საქმეს და იწყებს ხელისუფლების საბოტირებას: ტოვებს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს, მის ნაცვლად პროცედურების დარღვევით ნიშნავს გედევან ფოფხაძეს, მზია თოდუა კი, მისი მითითებით, ილაშქრებს მოსამართლეთა სიის წინააღმდეგ. ბესელია მიფრინავს ლონდონში ოქუაშვილთან შესახვედრად და სიტუაციის დასალაგებლად, მაგრამ უკვე გვიანია – ოქუაშვილი რისი ოქუაშვილი იქნებოდა, მხოლოდ გვარამიასათვის რომ ეჩვენებინა ავბედითი ჩანაწერი. მან კომპრომატის შესახებ ინფორმაცია ჩააწვეთა ტელეკომპანია „იბერიას“ ყოფილ თანამშრომელს, ექსპერტ გია აბაშიძეს. რომელმაც არ დააყოვნა და სოციალურ ქსელში შესაბამისი პოსტი გამოაცხო.

თუმცა ყველაზე პიკანტური დეტალი ამ საქმეში ის გახლავთ, რომ ოქუაშვილი ამასაც არ დასჯერდა და კომპრომატის ყიდვა, დაახლოებული პირის მეშვეობით, ბიძინა ივანიშვილს შესთავაზა. ბიძინამ კი ერთი ცენტიც არ გადაიხადა, მიუხედავად იმისა, რომ ოქუაშვილმა სკანდალური ვიდეოჩანაწერი ივანიშვილის სანდო პირს აჩვენა და თან ავთენტურობის დამადასტურებელი ორი სხვადასხვა ბრიტანული საექსპერტო ბიუროს დასკვნაც დაურთო.

რატომ არ გადაიხადა „უდავმა“ ამ კომპრომატში ფული, ამაზე მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია: არ არის გამორიცხული, რომ პოლიტიკურმა გულივერმა პოლიტიკური ლილიპუტის მაკომპრომეტირებელი ჩანაწერის ყიდვა საკუთარ თავს არ აკადრა. ან სულაც, ცივსისხლიანმა პრაგმატიკოსმა გადაწყვიტა, რომ არ სჭირდებოდა უკვე „გაბაზრებული“ და დახურდავებული კომპრომატი ეკა ბესელიაზე. იმ ბესელიაზე, რომელსაც მტრის მიერ გადაბირებული აგენტივით -პოლონიუმი და გაზი „ნოვიჩოკი“ არა, მაგრამ ოქუაშვილის ან გვარამიას მიერ ამ ჩანაწერის გასაჯაროება და როგორც გარდაუვალი შედეგი – დაჭერა ნამდვილად არ აცდებოდა. ეკასთან ყველაფერი ცხადია.

ამჯერად საქმის სხვა ფიგურანტია საინტერესო და კითხვა სხვაგვარად დაისმის – დაიჭერენ თუა არა მოსამართლე თოდუას? ეს კი იმაზე იქნება დამოკიდებული, ითანამშრომლებენ თუ არა გამოძიებასთან, ბესელია, ოქუაშვილი, ნატო ჩხეიძე ან სულაც ნიკა გვარამია", - აღნიშნულია სტატიაში.