სასიხარულო ინფორმაცია მძღოლებს - მათთვის ვისაც ჯერ ტექ დათვალიერება არ გაუვლიათ

მსუბუქი მანქანებისათვის ტექდათვალიერების პროცესი მარტივდება. ცვლელებები ჯერ მხოლოდ კანონპროექტია, თუმცა მას, დიდი ალბათობით, დაამტკიცებენ. როცა ცვლილება შევა ძალაში, 5 მილიმეტრამდე დაზიანება საქარე მინაზე მანქანის დახარვეზებისა და ხელახალი ინსპექტირების საფუძველი აღარ გახდება. ასევე, უპრობლემოდ ჩაითვლება გვერდითი მინების დამუქება და ავტომობილის შეფერილობა.

იმას, რომ ახალი ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც 22 დღის წინ ამოქმედდა, ზედმეტად მკაცრია, ტექდათვალიერების ცენტრებში ხელახალ რეგისტრაციაზე გაშვებული ავტომობილების სიმრავლეც მოწმობს. დახარვეზების მიზეზი ხშირად ისეთი დაზიანებაა, რომელიც გავლენას არ ახდენს უსაფრთხო გადაადგილებაზე.

ამიტომ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში ცვლილებების შეტანა იგეგმება. საქარე მინაზე არსებული 5 მილიმეტრის ზომის ერთი ან რამდენიმე მცირე დაზიანება ავტომობილის დახარვეზების მიზეზი აღარ გახდება. ამასთან, ინსპექტირების ცენტრებში ავტომობილები ტექდათვალიერების წარმატებით გავლას გვერდითი მინების დამუქების შემთხვევაშიც შეძლებენ. ინსპექტირების დროს ყურადღება აღარც ავტომანქანის შეფერილობაზე გამახვილდება.

ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილის თქმით, ცვლილებებს ჯერ მხოლოდ პროექტის სახე აქვს და ის მთავრობის სხდომაზე დადებითი შეფასების შემთხვევაში ამოქმედდება.

"ცვლილებებზე იმუშავა ტექნიკურმა ჯგუფმა, რაც განპირობებულია იმით, რომ პრაქტიკამ დაგვანახვა უკვე არსებული რეგლამენტის სიმკაცრე. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა უკვე მიღებული ნორმების შერბილება მხოლოდ იმ კუთხით, რაც უსაფრთხოების ნაწილს არ შეეხება. მათ შორისაა საქარე მინის მცირე დაზიანებები, ფერის იდენტიფიცირება და გვერდითი მინების დამუქება.

ამ კუთხით ნამდვილად არის შესაძლებელი ცვლილებები, თუმცა ჯერ ველოდებით მთავრობის სხდომას, სადაც საკითხს გავიტანთ. რაც შეეხება სარკეებს, ის მხედველობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამიტომ ამ მხრივ არაფრის გადახედვა არ იგეგმება. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ დღეს ყველაზე მცირე დაზიანებაც კი საქარე მინაზე დახარვეზების საფუძველი ხდება და ამ კუთხით შესაძლებელია შევიდეს ცვლილება, რომ დაზიანება არაუმეტეს 5 მილიმეტრისა არ იყოს ტექდათვალიერების გაუვლელობის საფუძველი", - აცხადებს ვაჟა იორდანიშვილი "რეზონანსთან".

ცვლილებები არსებულ რეგლამენტში რომ საჭიროა, ამ აზრს იზიარებს ჯგუფის "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისათვის" თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილიც. მისი აზრით, ხარვეზები, რომლებიც არ ახდენს გავლენას მანქანის უსაფრთხო გადაადგილებასა და ეკოლოგიაზე, არ უნდა ხდებოდეს ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის მიზეზი.

"ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც შემუშავდა, თანმიმდევრულად აყალიბებს შესამოწმებელ პარამეტრებს. კანონის ამოქმედების შემდეგ უკვე პრაქტიკაში დადასტურდა, რომ იგი ზედმეტად მკაცრია. ბაზარზე ბევრი ავტომობილია, რომელთაც შესაძლოა, რაღაც ხარვეზი ჰქონდეს, რომელიც პარამეტრებთან არათავსებადია, მაგრამ ეს არ უშლიდეს ხელს ეკოლოგიასა და უსაფრთხოებას.

რეფორმის მიზანი სწორედ უსაფრთხოებაა, ანუ მანქანა იყოს გამართული და გამონაბოლქვი შემცირდეს. ავტომობილების უმრავლესობას მრავლად აქვს მცირე პრობლემები და ამის გამო ყოველი მეორე მანქანა, რომელიც მიდის ცენტრში, ხარვეზდება. პრობლემა კი ხშირად არაარსებითია. ამან ბუნებრივად გამოიწვია ავტომფლობელთა დიდი გაღიზიანება, რა თქმა უნდა, ეს არასასურველია თავად ამ პროცესისათვის, რომელიც უმნიშვნელოვანესია.

აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუკი ხელისუფლება გაიგებს ხალხის ხმას, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს უსაფრთხოების ხარჯზე, მთავარი ეს არის.

რეგლამენტი და სინამდვილე ძალიან არის აცდენილი რეალობას და ხალხის აზრი გასათვალისწინებელია, მით უფრო იმ სოციალური პირობების გათავალისწინებით, რომელიც დღეს ქვეყანაშია.

მთავარი კი მაინც გახლავთ ცენტრებში შემმოწმებელთა პროფესიონალიზმი და ის, რომ მათ ჯეროვნად შეეძლოთ შეფასება, არის თუ არა ესა თუ ის დაზიანება საფრთხის შემცველი ტრანსპორტირებისას", - აცხადებს "რეზონანსთან" ეკა ლალიაშვილი.