იცოდით რატომ ჰქვია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ლევან სამხარაულის სახელი?!

სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომელიც ლევან სამხარაულის სახელს უკავშირდება, ორგანიზაციის ვებგვერდზე ამ ადამიანის ბიოგრაფიული მონაცემებიც კი არ უდევს.
რისთვის ან რატომ მიანიჭეს ამ ორგანიზაციას ლევან სამხარაულის სახელობის წოდება, დღემდე უცნობია – ამ კითხვით მიმართავს ამერიკელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი გაზეთ „ასავალ-დასავალს“, რომელიც გარდაცვლილ ზურაბ ჟვანიას საქმეზე გამოცემას სხვადასხვა დროს სკანდალურ ინფორმაციას აწვდიდა.
„ინტერნეტში ლევან სამხარაულის ბიოგრაფია რომ მოიძიოთ, ვერსად ვერ იპოვით, ვერც იმას, _ რა დამსახურებისთვის მიანიჭეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ლევან სამხარაულის სახელი. ამ ორგანიზაციის საიტზე არც სამხარაულის შრომითი ბიოგრაფია დევს, კვლევებზე ლაპარაკი ზედმეტია – დასკვნა ერთია, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის ლევან სამხარაულის სახელის მინიჭება, მისი ოჯახისთვის, მისი მკვლელობის კომპენსაციაა. ამას დავუმატოთ ის ავტომანქანაც, რომელიც სამხარაულის მამას, ვანო სამხარაულს სააკაშვილის მთავრობამ გადასცა“ – აცხადებს ამერიკელი ჟურნალისტი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“.
შეგახსენებთ, რომ ლევან სამხარაული, რომელიც ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზაზე საკმაოდ დიდ ინფორმაციას ფლობდა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 3 თვის შემდეგ, 2005 წლის 22 მაისს თანაკლასელმა დავით მჭედლიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
სწორედ ლევან სამხარაულმა გაავრცელა მაშინ ინფორმაცია, რომ ბინაში, სადაც გარდაცვლილი ჟვანია ნახეს, ნივთებზე ჟვანიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ მკვლელობიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, დავით მჭედლიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა თვითმკვლელობის საქმეში ორი სხვადასხვა იარაღი ფიგურირებს. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე გილზები ვერ აღმოაჩინეს.