
“ლოტუსის ფეხი” – რატომ ატეხდნენ ჩინელი დედები შვილებს ფეხებს
- 2014-02-21 14:13:13
- 7272 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

მე-19 საუკუნეში ჩინეთში ქალის სილამაზის მთავარ სიმბოლოდ ლამაზი კისერი და ფეხი ითვლებოდა; განსაკუთრებული აქცენტი ე.წ. "ლოტუსის ფეხზე" კეთდებოდა. ჩინელი მამაკაცები ფიქრობდნენ, რომ რაც უფრო პატარა ზომისაა ქალის ფეხი, მით მეტად სექსუალური და ლამაზია.
102 წლის ჰან ქიაონი უკანასკნელი ცოცხალი ქალია მათ შორის, ვისაც "ლოტუსის ფეხი" აქვს. შანსის პროვინციაში (ჩრდილოეთ ჩინეთი) მცხოვრები ჰანი ამბობს, რომ დედამ ფეხი 2 წლის ასაკში მოსტეხა, რამდენიმე თვე სპეციალური საფენები და ფეხსაცმელი ეცვა და ამის გამო თინეიჯერობის ასაკშიც კი უამრავი სასიძო ეხვია გარს. მისი თქმით, პატარაობაში ფეხის თითებზე ქსოვილი ჰქონდა შემოხვეული. ქალი ამბობს, რომ პროცედურიდან 6 თვის მანძილზე საშინელი ტკივილი ტანჯავდა და ვერ დადიოდა.
ეს პროცედურა 1912 წელს ოფიციალურად აიკრძალა. "ლოტუსის ფეხი" 2 მილიონზე მეტ ჩინელ ქალს ჰქონდა და ეს იყო მთავარი პირობა იმისა, რომ ოჯახს გოგონა მდიდარ კაცზე გაეთხოვებინა. სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად აკრძალვის მიუხედავად, ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პროცედურა იატაკქვეშეთში საიდუმლოდ კეთდებოდა.
რადგანაც პატარების ძვალი ადვილად ტყდება, მშობლები ქალიშვილებს ამ პროცედურას 2 წლის ასაკში უკეთებდნენ.
რიტუალი შემდეგი სახის იყო: კვეთდნენ ფრჩხილებს და ფეხს ცხელ წყალში აწყობინებდნენ, რათა მოტეხილი ქსოვილი და ძვალი უფრო ადვილად დარბილებულიყო. შემდეგ მოტეხილ ტერფსა და თითებზე სპეციალური სითხით მასაჟს აკეთებდნენ. მოგვიანებით ფეხის თითებს აბრეშუმის, ან ბამბის ქსოვილით ფარავდნენ. ქსოვილს ყოველ 2 დღეში ხსნიდნენ და ახლით ცვლიდნენ, რათა ფეხში ინფექცია არ შეჭრილიყო. რამდენიმე დღეში გოგონები იძულებულნი იყვნენ, დიდ მანძილზე ფეხით ევლოთ, რათა სხეულის წონას ფეხის ფორმა დაეფიქსირებინა.