
ცოლი გამოსაცდელი ვადით, წაწლობა და ქალ-ვაჟის ტრფობა ხორციელი კავშირის გარეშე
- 29/01/19
- 1164 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

"ხევსურეთში სწორფრის ხორციელად შეყვარება არ შეიძლებოდა, ეს უდიდესი პლატონური სიყვარულის გამოვლინება იყო! მისი ანალოგი მსოფლიოს არ ახსოვს! ერთხელ სწორფრობა დაირღვა, ოჩიაურები შეუღლდნენ და თემმა ისინი მოიკვეთა. წყვილი ჩეჩნეთში გაიქცა. ასეთი იყო უძველესი ქართული ეთიკა!", - ეთნოგრაფი გიორგი გიგაური ხევსურეთის გასაოცარ წეს-ჩვეულებზე გვიამბობს...
- ცოლი გამოსაცდელი ვადით, წაწლობა, სწორფრობა... რა განსხვავება იყო ამათ შორის?
- წაწლობა ხევსურეთში არ ყოფილა, ეგ ფშავში იყო. წაწლობა იყო ხევსურული სწორფრობის გადაგვარებული ვერსია, სადაც ხორციელი კავშირებიც ყოფილა, სწორფრობა კი და-ძმობილობა იყო. სწორფრის ხორციელად შეყვარება არ შეიძლებოდა, ეს უდიდესი პლატონური სიყვარულის გამოვლინება იყო! მისი ანალოგი მსოფლიოს არ ახსოვს! ერთხელ ხევსურეთში სწორფრობა დაირღვა, ოჩიაურები შეუღლდნენ და თემმა ისინი მოიკვეთა. წყვილი ჩეჩნეთში გაიქცა. ასეთი იყო უძველესი ქართული ეთიკა!
წაწლობა მეფის რუსეთის გამოჩენის მერე შეირყვნა და ჩვეულებრივი საყვარლების ურთიერთობად იქცა. მერე მოშალეს! მოგვიანებით ხევსურეთშიც აკრძალეს უფროსებმა! მეოცე საუკუნის დრომდე იყო სწორფრობა, 1950 წლებში კიდევ იცოდნენ დღეობებში, ქორწილებში. ელჩი ჰყავდათ ქალს და ვაჟს და ერთმანეთს სასწორფროდ ახვედრებდნენ. სწორფრობა უწმიდესი იყო და სიკვდილამდე ასე გრძელდებოდა! სწორფრობის არსს ძალიან კარგად ჩასწვდა გრიგოლ რობაქიძე და აღწერა თავის ნოველაში "ენგადი"... ვერ ჩასწვდა მიხეილ ჯავახიშვილი!
- ცოლი გამოსაცდელი ვადით რას ითვალისწინებდა?
- ერთგვარი ფსიქოლოგიური გამოცდა იყო, ხორციელი სიყვარულის მოსამზადებელი ერთწლიანი დრო! ცხოვრებისეული ურთიერთობა ჰქონდათ სახლში, ახლობლებში და სხვაგან. ზოგი შემთხვევა ამართლებდა, ზოგი ვერა. შემდეგ ჩვეულებრივად შეეძლოთ დაშორებულიყვნენ და სხვაზე დაქორწინებულიყვნენ. ქუჩაში შეიძლება მოგეწონოს ან შეგიყვარდეს, მაგრამ სახლში სხვა გამოცდა იყო. ნათესაობასთან ურთიერთობის კულტურაც არსებობდა. ახლა რომ არის - ოჯახი თავის ნაჭუჭში ჩაკეტილი, ასე არ იყო ადრე. ცოლი რომ მოჰყავდა კაცს, ის მის საახლობლოსთან და ოჯახის წევრებთანაც უნდა ყოფილიყო შეგუებული. ერთი წლის განმავლობაში ხორციელი კავშირი დაუშვებელი იყო და შესაბამისად, შვილიც არ ჰყავდათ! იცოდნენ აკვანში დანიშვნაც. ჯიშიანი და მებრძოლი გვარები ერთდებოდნენ და ასე გამოდიოდა მებრძოლი გენეტიკა. ასე ვიცავდით მიწა-წყალს. განაგრძეთ კითხვა