ვინ არის 10 წლის გოგონა, რომელიც საბერძნეთში პრემიერმა საკუთარ რეზიდენციაში მიიყვანა

DIASPORA.GE დღეს გაგაცნობთ ქართველ სკოლის მოსწავლეს ათენიდან რომელიც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა საკუთარ რეზიდენციაში მიიწვია და უმასპინძლა. 10 წლის ლიზი დადუნაშვილი ნეა იონიის ინტერკულტურული სკოლის წარჩინებული მოსწავლეა, რომელიც ერთ-ერთი ქართული დიასპორული ორგანიზაციის 2013-2018 წწ-ში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამის ,,პატარა არგონავტების" აღზრდილია და ნეა იონიის სკოლაშიც მისი ხელმძღვანელის სოფია სარიდის რეკომენდაციით მოხვდა.

ლიზი დადუნაშვილმა გარდა წარჩინებული და გამორჩეული მოსწრებისა, სკოლაში თავი მუსიკალური ნიჭითაც გამოიჩინა და წელს შობის დღესასწაულზე საბერძნეთის მასშტაბით იმ რამდენიმე უცხოელ მოსწავლეთა შორის მოხვდა, რომლებსაც პატივი ხვდათ და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ალექსის ციპრასისგან მიწვევა მიიღეს შობის დღესასწაული საბერძნეთის პრემიერ- მინისტრთან და მის ოჯახის წევრებთან აღენიშნა.

-,,ეს დღე განსაკუთრებული დღე იყო ჩემთვის - უყვება DIASPORA.GE-ს ლიზი - საჩუქარიც გადმომცა და წამოსვლის წინ , როცა ვემშვიდობებოდით მას, მკითხა რომელი ქვეყნიდან ვიყავი და როცა ვუპასუხე საქართველოდან ვარ თქო, ასე მითხრა - საქართველო ძალიან ლამაზი და კარგი ქვეყნააო" - გვიყვება ჩვენი საამაყო და საკუთარი ნიჭით წარჩინებული პატარა თანამემამულე ლიზი დადუნაშვილი.