2018 წლის 7 საუკეთესო სერიალი, რომელიც შაბათ კვირას საუკეთესოდ გაგატარებინებთ
- 01/02/19
- 898 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
გარწმუნებთ, ამ სერიალების დამამთავრებელ ტიტრებსაც კი ბოლომდე ჩააყოლებთ თვალს იმ მოლოდინით, იქნებ კიდევ გაგრძელდესო. ისინი მართლაც რომ საუკეთესოები იყო გასულ წელს, თანაც არა მხოლოდ მაყურებლის, არამედ კრიტიკოსთა შეფასებითაც...
1. „შინ დაბრუნება“, აშშ
დრამა
როლებში: ჯულია რობერტსი, ბობი კანავეილი, სტეფან ჯეიმსი, ში უიგჰემი
ეს არის ფსიქოლოგიური დრამა ომის ვეტერანებსა და ორგანიზაციაზე, რომელიც ჯარისკაცებს „ეხმარება“, დაუბრუნდნენ მშვიდობიან ცხოვრებას და გაუმკლავდნენ პოსტტრავმულ სინდრომს. ამ ფილმში შედგა ჯულია რობერტსის ტელედებიუტი და თავად მსახიობიცა და ფილმიც „ოქროს გლობუსის“ ნომინანტთა შორის მოხვდნენ. კარგი იქნება, თუ ამ ფილმს ერთი ამოსუნთქვით უყურებთ, თანაც ქრონომეტრაჟიც მოგცემთ ამის საშუალებას - სულ 10 სერიაა, ნახევარ-ნახევარსაათიანი.
2. „ჩემი გენიალური მეგობარი“, იტალია
ელენ ფერანტეს წიგნის, ლიტერატურული სენსაციის მიხედვით გადაღებული ეს ფილმი ნამდვილი აღმოჩენა იქნება ხარისხიანი ტელეისტორიების მოყვარულთათვის. ეს ის შემთხვევაა, როცა ყველაფერმა საუკეთესომ ერთად მოიყარა თავი: სატელევიზიო არხმა, პროდიუსერმა პაულო სორენტინომ, ნიჭიერმა პატარა მსახიობებმა, ნატურალურმა გადაღებებმა, იტალიურმა ენამ, თქვენ წარმოიდგინეთ ნეოპოლიტანურმა დიალექტმაც კი, და რა თქმა უნდა, სიუჟეტმა! ისტორია ვითარდება ორი ნიჭიერი გოგონას გარშემო ნეოპოლიტანური კვარტალიდან, რომლებიც სკოლის მერხიდან მეგობრობენ, თუმცა მათი მეგობრობა ყოველთვის არ არის ჯანმრთელი. სერიალში ნაჩვენებია, რომ როგორ იზიდავენ ისინი ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ ორივეს სხვადასხვა ოცნება აქვს. მართალია, პირველ სერიებში მოვლენები ვითარდება მე-20 საუკუნის შუა წლების ნეაპოლში, მაგრამ ფილმში თანამედროვე, აქტუალური პრობლემებია დასმული: ძალადობა გოგონებთან მიმართებით, მათი ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის, გენდერული თანასწორობა და ბევრი სხვა.
3. „გაქცევა დანემორაში“, აშშ
დრამა
როლებში: ბენესიო დელი ტორო, პატრიცია არკეტი, პოლ დანო, ბონი ჰანტი, ერიკ ლანჟი
როცა მსახიობთა ჩამონათვალს გადახედავთ, უკვე განეწყობით ამ ფილმის საყურებლად. ჟანრი დეტექტიური დრამაა და 2015 წელს მომხდარი რეალური მოვლენების მიხედვითაა გადაღებული. რეჟისორი ბენ სტილერია. ამ ნარატივის ცენტრში რიჩარდ მეტი და დევიდ სუეტი - მკვლელობაში ბრალდებულები არიან. მესამე მოქმედი პირი - ტილი მიტჩელი ციხის თანამშრომელია, რომელიც კაცებს ყველა საჭირო იარაღით ამარაგებს და მათთან სექსუალური ურთიერთობაც აქვს. მოკლედ, ეხმარება მათ ციხიდან გაქცევაში, თავად კი გამოძიების ინტერესის სფეროში ხვდება. ამ კრიმინალური დრამის დიდი პლუსია მსახიობთა შეუდარებელი თამაში, მათ აქციეს ეს მინისერიალი დაძაბულ, სულისშემძვრელ ფილმად და მართლაც დამსახურებულ ნომინანტად „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე.
4. „ბასრი ნივთები“, აშშ
დრამა, დეტექტივი, მისტიკა
როლებში: ემი ადამსი, პატრიცია კლარკსონი, კრის მესინა, მეტ კრევენი
ეძღვნებათ ფსიქოლოგიური თრილერების მოყვარულებს... სიუჟეტი ვითარდება ჟურნალისტ კამილა პრეკერის გარშემო, რომელიც მშობლიურ ქალაქში ბრუნდება მოზარდი გოგონების სერიული მკვლელობების შესახებ სტატიის მოსამზადებლად. პარალელურად მაყურებელი ეცნობა მთავარი გმირის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. მიუხედავდ იმისა, რომ ფილმმა პოზიტიური გამოხმაურება მიიღო, ემი ადამსმა მაინც უარი თქვა მეორე სეზონის გადაღებებზე. მისთვის ემოციურად რთული აღმოჩნდა კამილას როლზე მუშაობა. ვისაც ჯერ არ გინახავთ ეს ფილმი, ერთ მინიშნებას მოგცემთ - ფინალურ სერიას აუცილებლად ბოლომდე უყურეთ, ტიტრების ჩათვლით.
5. „პატრიკ მელროუზი“, დიდი ბრიტანეთი
დრამა
როლებში: ბენედიქტ კემბერბეტჩი, ჰიუგო უივინგი, ჯენიფერ ჯეისონ ლი, ჯესიკა რეინე
ბენედიქტ კემბერბეტჩმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის უფრო მეტია, ვიდრე შერლოკი. სიუჟეტი ვითარდება ახალგაზრდა კაცის გარშემო არისტოკრატული ოჯახიდან, რომელიც ნარკოდამოკიდებულებით იტანჯება. ჰეროინი, კოკაინი და მისთანები მთავარ გმირს ეხმარება, ჩაახშოს ბავშვობისდროინდელი მოგონებები. თავად მსახიობი დიდხანს ოცნებობდა მელროუზის როლის განსახიერებაზე და ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა კიდეც, რომ ამ პერსონაჟზე მუშაობამ თავდაყირა დააყენა მისი შეხედულება სამყაროზე და საშუალება მისცა პატრიკის, იმ ადამიანის თვალით მიმოეხედა ირგვლივ, რომელმაც წარმოუდგენელი გზა გაიარა ცხოვრებაში - ძალადობის მსხვერპლიდან იმ ადამიანამდე, რომელიც კატასტროფაში გადარჩება.
6. „ევას მკვლელობისას“, აშშ
თრილერი
როლებში: სანდრა ო, ჯოდი კომერი, ფიონა შოუ, კიმ ბოდნია
სერიალი, რომელშიც მკვლელ ფსიქოპათს ქალი თამაშობდეს, იშვიათობაა. კიდევ უფრო დიდი იშვიათობაა, როცა ორივე მთავარ როლს ქალი ასრულებს - ანტაგონისტისაც და პროტაგონისტისაც. სერიალის კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ის, რომ მთავარ როლში სანდრა ოა. მსახიობი თამაშობს ევას - უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს, რომელიც საოფისე სამუშაოდან ოპერატიულზე გადასვლაზე ოცნებობს. მისი ანტაგონისტია ბილანელი - მკვლელი გოგონა. ისინი მუდმივად ერთი ნაბიჯით უსწრებენ ერთმანეთს, ხან ერთი, ხან მეორე. და ეს ისეთი თამაშია, რომელიც არასოდეს სრულდება, მით უმეტეს პირველ სეზონში. და საერთოდაც, სისულელე იქნება სერიალის დასრულება მაშინ, როცა ამდენი დადებითი შეფასება მიიღო კინოკრიტიკოსებისგანაც და მაყურებლისგანაც, ასევე - რამდენიმე ნომინაცია „ემიზე“ და „ოქროს გლობუსზე“.
7. „პოზა“, აშშ
დრამა, მიუზიკლი
როლებში: ივენ პიტერსი, მჯ.როდრიგესი, დომინიკ ჯეკსონი, ბილი პორტერი
„პოზა - უნიკალური სერიალი რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში იმიტომ, რომ ის ნათელს ჰფენს გასული საუკუნის 80-იანი წლების მტკივნეულ კულტურას. მეორედ იმიტომ, რომ მასში ყველა ტრანსგენდერს თავად ტრანსგენდერები განასახიერებენ და ზოგიერთი მათგანი მსახიობიც არ არის. მესამედ იმიტომ, რომ ის ერთი ამოსუნთქვით საყურებელი ფილმია. მისი პროდიუსერია რაიან მერფი - სერიალების სამყაროს გენიოსი. ფილმში ტრანსგენდერთა თემის ცხოვრება გადმოცემულია როგორც ოჯახის, ისე საკუთარი თავის ძიებისა და თვითიდენტიფიკაციის კუთხით. ასევე, ნაჩვენებია ის ეტაპი, როცა სამყარომ პირველად შეიტყო შიდსის შესახებ.