
რა ეღირება ავტომობილის სავალდებულო დაზღვევა, რომლის გადახდაც ყველა მძღოლს მოუწევს
- 04/02/19
- 3278 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებული იქნება საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დააზღვიოს.
სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევით, მზღვეველი ვალდებულებას იღებს, რომ აანაზღაუროს მატერიალური ზიანი, რომელიც დაეკისრება მანქანის მფლობელს ან მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ან მისი მონაწილეობით დაზარალებულის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე.
როგორც "კომერსანტი" წერს, კანონპროექტით დადგენილია სადაზღვევო პრემიის მინიმალური და მაქსიმალური ღირებულებები. გადასახადი წლიური იქნება და მისი ფასი სატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით განისაზღვრება.
კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, სავალდებულო დაზღვევის ფასები იქნება:
- მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75 - 110 ლარი;
- მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100 - 150 ლარი;
- ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება – 160 - 240 ლარი;
- სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება – 210 - 310 ლარი;
- მისაბმელისათვის – 50 - 75 ლარი;
- სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის – 60- 90 ლარი.
კანონით ასევე განსაზღვრული იქნება ჯარიმის ოდენობა, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის გარეშე გადაადგილებისთვის მძღოლს დაეკისრება:
მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის, სასოფლო–სამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაზღვევის არ არსებობის შემთხვევაში 100 ლარით დაჯარიმდება.
ავტობუსის (რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა 8-ს აღემატება) ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს) მძღოლის მიერ სამართალდარღვევა კი, 200-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.
ამასთან, მძღოლს ჯარიმასთან ერთად, სავალდებულო დაზღვევის შესაძენად 72-საათიანი ვადა მიეცემა და თუ ამ ვადაში მძღოლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა კვლავ დაუზღვეველი იქნება, ის მეორედ დაჯარიმდება.