დარჩა ჩემი რეპეტიტორის შვილი "ხეპიატის" გარეშე...

სკოლის მოსწავლეებისთვის, იმის მიუხედავად, რომ  უკვე ასობით ლარი დახარჯეს რეპეტიტორთან მოსამზადებლად, ახლა კი შეიტყვეს, რომ თურმე, ეს სულაც არ სჭირდებათ,  საატესტატო გამოცდების მოხსნას მაინც  იუმორით შეხვდნენ.

მე–12 კლასელები, რომლებიც წელს აბიტურიენტობისთვის ემზადებოდნენ, დაბნეულები არიან, რადგან აღარ იციან გააგრძელონ თუ არა პედაგოგებთან მეცადინეობა.

მე–11 კლასელები კი, იმ დაკარგულ ფულზე დარდობენ, რომლებიც  რეპეტიტორებს უკვე გადაუხადეს. ფრთიანი ფრაზები გამოცდების გაუქმების შესახებ EDU.ARIS.GE-მ ქუთაისში შეაგროვა:

„რა ფული ჩავუთვალე ჩემ დამრიგებელს?! – ამბობს დანანებით მე–11 კლასელი.

„რაც საატესტატო გამოცდები გაუქმდა,  ჩემი მასწავლებელი დასანახად ვეღარ მიტანს“.

„დარჩა ჩემი რეპეტიტორის ბიჭი X5-ის გარეშე“.

„განათლების სისტემა ისედაც რეანიმაციაში იყო და ახლა აპარატიდან გამორთეს”.

„იმდენ ცდებს ატარებს განათლების სამინისტრო, ბარემ გახსნას მოსწავლეთა „წამების“  ლაბორატორია და ეგ არის“.

„ბარო, მე-11 კლასელებო. წაშალეთ უკვე მინისტრის ფოტოები ტელეფონებიდან?“

„სამართალი სახლში დაგრჩათ?“ – მეთორმეტე კლასელი.

„მოსწავლეებზე ზედმეტმა ზრუნვამ ასე იცის“.

„ჩემ ტყუილად გადაყრილ ფულზე მეტად ჩემი რეპეტიტორის დაკარგულ ფულზე ვჯავრობ“.

„ერთი საპენსიო რეფორმა ხდება ახალგაზრდებზე ზრუნვის გამო და მეორე,  უნარები უქმდება აბიტურიენტებზე მზრუნველობის მოტივით“.