გორში პოლიციამ შეცდომით სხვა ადამიანი დააკავა და ბრალიც შეცდომით წაუყენა


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში პოლიციამ შეცდომით სხვა პირი დააკავა - შსს მას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას შეედავა.

რუსეთის მოქალაქე ნ.კ. დაკავებიდან მალევე, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას პოლიციამ პასპორტი ჩამოართვა და ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა, თუმცა ნ.კ.-მ შვეიცარიის საელჩოს დახმარებით, რუსეთიდან ახალი პასპორტი მიიღო და საქართველო უპრობლემოდ დატოვა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ პოლიციის მიერ დაკავებულ მამაკაცს საზღვარი უკანონოდ არ გადმოუკვეთავს და მისი დოკუმენტაციით სხვა პირმა ისარგებლა.

არსებული ინფორმაციით, ნ.კ.-ს მონაცემები სხვა პირმა გამოიყენა - მან პასპორტში საკუთარი ფოტოსურათი მოათავსა და საზღვარი ნ.კ-ს სახელით გადმოკვეთა. საქართველოში გარკვეული პერიოდის ყოფნის შემდეგ კი, უკან, რუსეთში დაბრუნდა.

ამის შემდეგ, ნ.კ.-მ მოისურვა საქართველოში ჩამოსვლა. საკუთარი პასპორტით შემოვიდა ქვეყანაში, თუმცა გორის მუნიციპალიტეტში იგი დააკავეს და საზღვრის უკანონო კვეთისთვის პასუხისგებაში მისცეს.

დაცვის მხარემ გამოითხოვა ვიდეო კადრები, რომელშიც ჩანს, თუ როგორ კვეთს, პოლიციის აზრით, ნ.კ. საზღვარს, თუმცა მოგვიანებით, ექპერტიზამ აჩვენა, რომ ვიდეო-კადრებში აღბეჭდილი პირი ნ.კ. არ არის.

საქმე ჯერ კიდევ ძიებაშია - მას მინდობით ადვოკატი ნინო შავშიშვილი წარმართავს და გორის რაიონული სასამართლო განიხილავს.


radiomosaic.ge