
"ეს საიდუმლო მიწაში უნდა წამეღო, მაგრამ ახლახანს ჩემს შვილს მოვუყევი..."
- 13/02/19
- 997 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

სალომე გეგეჭკორი 24 წლის იყო, საქართველოდან უკრაინაში უკანმოუხედავად რომ გაიქცა. მიზეზი, რის გამოც სამშობლოდან შორს ყოფნა და მშობლებისგან გაქცევა მოუწია, მხოლოდ მისმა ქალიშვილმა იცის, რომელიც ახლა 18 წლის არის.
სალომე გეგეჭკორმა უკრაინაში 3 წელი იცხოვრა. იქ გატარებულ წლებს ჯოჯოხეთს უწოდებს, რომლისგანაც თურქმა მამაკაცმა იხსნა. სწორედ ეს მამაკაცია დღეს მისი ქმარი და ქალიშვილის მამა და მასთან დღემდე ბედნიერად ცხოვრობს სტამბულში.
სალომე გეგეჭკორი: სანამ საქართველოს დავტოვებდი, გასული საუკუნის 90-იან წლებში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვმუშაობდი, ექთანი გახლდით. ზვიად გამსახურდიას მომხრე ვიყავი და მაშინ რესპუბლიკური საავადმყოფოს წინ გაიმართა მიტინგი, რომელიც სასტიკად დაარბიეს. მე ავტომატის კონდახი და წიხლი მომხვდა, ხალათი მთლიანად სისხლიანი მქონდა. მაშინ ტელევიზიით ჩემზე ითქვა, რომ მოვკვდი.
წარმოშობით ზუგდიდელი ვარ. ამ ამბების გამო სამსახურიდან გამათავისუფლეს. მეც ავდექი და უკრაინაში, კიევში წავედი. იქ ჩასულმა სამსახური ვერ ვიშოვე. საქართველოს საკონსულოს მივმართე, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია. მერე ვიშოვე რაღაც სამსახური, მაგრამ ძალიან დაბალი ხელფასი მქონდა, ბინის ქირისთვის და საჭმლისთვის არ მყოფნიდა.
კიევიდან დონეცკში გადავედი. იქ ქართველი ლტოლვილები გავიცანი. რუსიკო ერქვა ქალს, რომელმაც შემიკედლა და მუშაობაც დამაწყებინა. მაღაზიაში ვმუშაობდი და მერე იქიდანაც გამომიშვეს შემცირებების გამო. შვილს გეფიცებით, 6 თვე მხოლოდ ხახვი და პური იყო ჩემი საჭმელი. იმ დროის კვალი დღემდე მომყვება, კუჭი სულ მტკივა მას მერე. ვისგანაც ბინა ვიქირავე, ის ქალი მაძლევდა ხახვს და პურს. 6 თვე არც ბინის ქირა აუღია ჩემგან.
მერე მუშაობა დავიწყე ქვანახშირის საბადოს ოფისში. მათი საბადოდან თურქებს უნდა წაეღოთ 1000 ტონა ნახშირი, რომელიც მარიოპოლიდან უნდა გაეტანათ. მე თურქული არ ვიცოდი, მაგრამ ამ რუსებმა მარიოპოლში გამაგზავნეს, რომ ნახშირი შემემოწმებინა, ჩაიტვირთა თუ არა. ხელშეკრულებაც თან მქონდა.
თურქებს კარგი ხარისხის ნახშირი უნდოდათ, ამათ კი ცუდი ხარისხის ჩაუტვირთეს. გადაიხადეს კარგი ხარისხის ქვანახშირის ფასი და მიჰქონდათ სილა ნახშირი.
გამოდიოდა, რომ თურქები უნდა “გადაეგდოთ”. როგორც კი გემი გავიდოდა, ბანკიდან ფული მოიხსნებოდა. ეს იქვე გავაპროტესტე და კაპიტანს არ მივეცი ხელშეკრულება გასაფორმებლად. სანამ კაპიტანს ხელშეკრულება ხელში არ ექნებოდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, გემი პორტს ვერ დატოვებდა. ამ დროს მოვიდა მილიცია და ამიყვანა, საქართველოს მოქალაქე ხარ და აქ ყოფნის უფლება არ გაქვსო.
მოვახერხე, რომ ტანსაცმლის ქვეშ დავმალე ის დოკუმენტები და ვუთხარი, რომ არ მქონდა. რადგან ეს საბუთები ვერ მიპოვეს, გამომიშვეს.
– მაინცდამაინც თქვენ რატომ აგარჩიეს იმ საქმის მოსაგვარებლად უკრაინელებმა?
– რადგან მათი ქვეყნის მოქალაქე არ ვიყავი. მე არც თურქული ვიცოდი და არც ინგლისური. ეგონათ, ადვილად მომაწერინებდნენ ხელს და ადვილად მოაგვარებდნენ საქმეს.
– ამის მერე სად წახვედით?
– მარიუპოლიდან კიევამდე ერთი ღამის გზაა, მაგრამ მე სამი დღე ვიარე. ავედი ერთ მატარებელში, ჩამოვედი, ავედი… საქართველოს საკონსულოს მივმართე, მგონი, მაფიაა და მიშველეთ, ასე და ასე მოხდა-მეთქი. მითხრეს, ეს კერძო ბიზნესია და ჩვენ ვერაფერში დაგეხმარებითო.
როგორ მოვხვდი თურქეთის საელჩოში, დღემდე არ ვიცი. მივედი და ყველაფერი მოვუყევი. მაშინ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, რომელიც თურქი გახლავთ.
მაშინ თურქებმა დამასაჩუქრეს, თურქეთში გამამგზავრეს დასასვენებლად. მერე უკრაინაში დავბრუნდი და კიევში დავიწყე მუშაობა. 1999 წელს, თურქეთში დიდი მიწისძვრა რომ მოხდა და 17 000 ადამიანი დაიღუპა, გოლჯუკში მათ დასახმარებლად წავედი, როგორც მედიცინის მუშაკი. თან შეყვარებული ვიყავი თურქ კაცზე და აღარ დავბრუნებულვარ, გავყევი ჩემს ახლანდელ მეუღლეს. კერძო საავადმყოფოში რენტგენოლოგად დავიწყე მუშაობა. 2000 წელს ქალიშვილი გამიჩნდა.
– როგორ შეეგუეთ უცხო ყოფას, უცხო ტრადიციებს, როგორ დაგხვდნენ ქართველ რძალს თურქები?
– ძალიან კარგად მიმიღეს. ლაზია ჩემი ქმარი. პრობლემა მხოლოდ ის იყო, რომ მათი ენა არ ვიცოდი. ჩემს მაზლსაც ამერიკელი მეუღლე ჰყავდა უკვე. ჩემს მერეც მოიყვანეს სხვა ქართველი რძალი. ძალიან განათლებული ოჯახია. მორწმუნეები არ არიან, ძველი კომუნისტები არიან.
– არც სარწმუნოების შეცვლა მოგიწიათ?
– არა, რას ამბობთ! ჩემი ქალიშვილი შარშან ქრისტიანულად მოინათლა თავისივე ნებით. ჩემი მამამთილი ათათურქის დროს სამხედრო პირი იყო და მთელი ოჯახი სოციალისტები არიან, ამიტომაც არ მიგრძვნია თურქული ადათ-წესები.
მე ქართულ საჭმელს ვაკეთებ, იმას ჭამენ, რუსულს გავაკეთებ, იმას ჭამენ… ჩემი ქმარი ღორის ხორცს ჭამს. ასევე ჩემი მაზლიშვილიც, იმასაც ქართველი მეუღლე ჰყავს. უხარიათ, ღორის ხორცი, კუპატი რომ ჩამოგვდის საქართველოდან.
ჩემი ოჯახი 2 წელი ხმას არ მცემდა, თურქს როგორ გაჰყევიო. ორსულად რომ ვიყავი, წოლითი რეჟიმი მქონდა და ჩემი ძმის ცოლი ჩამოვიდა, 3 თვე მეხმარებოდა. დედაჩემი მასაც დაემდურა ამის გამო.
ბავშვი რომ გავაჩინე, ფილტვებში რაღაც სიმსივნური წარმონაქმნი ჰქონდა. მოსკოვში, ბურდენკოს უნივერსიტეტში წავიყვანე და გადამირჩინეს, წამლებით გაიწოვა. ახლა მოსაყოლად ადვილია, მაგრამ საშინელება გამოვიარე. მაშინ თურქეთში ქართველიც იშვიათობა იყო. არავინ მყავდა გვერდით ჩემიანი.
2002 წელს ჩავედი თბილისში და ჩემებიც შემირიგდნენ. მას მერე კარგი ურთიერთობა გვაქვს. მაშინ ლანჩხუთში ბებია გარდამეცვალა და იქიდან რომ ვბრუნდებოდი თურქეთში, ჩვენი სამარშრუტო ტაქსი დააყაჩაღეს. ყველაფრის გარეშე დავრჩი. 17 კაცი ვისხედით და ტყეში დაგვტოვეს. პოლიციამ ბათინკი და ქურთუკი მომცა, ასევე საბუთი, რომ დაგვაყაჩაღეს და დოკუმენტების გარეშე ვიყავი დარჩენილი. მიმიყვანეს საზღვართან.
მაშინ მხოლოდ ორი ავტობუსი დადიოდა – მაჰმუდოღლუ და ნუგოტური. არ მახსოვს, რომლის, მაგრამ ერთის მძღოლი ქართველი იყო. ვთხოვე, ტრაპიზონამდე ჩამიყვანეთ და იქ გადაგიხდით-მეთქი. მითხრა, ფული თუ არ გაქვს, ფეხით წადიო. ტალახიანი ვიყავი, თან პოლიციელების ქურთუკი და ბათინკი მეცვა დიდი ზომა.
თურქებს ავუხსენი ჩემი მდგომარეობა და, იცით, რა გააკეთეს? ტაქსი გამოიძახეს და ისე გამამგზავრეს ტრაპიზონში. ტაქსის მძღოლმა კიდეც მაჭამა, წამლებიც მიყიდა და ტრაპიზონამდეც მიმიყვანა. რა თქმა უნდა, დამხვდნენ იქ და ფული გადაუხადეს.
– თქვენი ქმარი რას საქმიანობს?
– ჩემი ქმარი განათლებული ადამიანია. მთავრობაშიც ყველა იცნობს. მე რომ გავყევი, ორი გემი ჰყავდა, მდიდარი იყო. უცებ, ერთ ღამეში გაკოტრდა. არც სახლ-კარი დარჩა და არც სხვა რამე. ერთი წელი ციხეშიც იჯდა. მაშინ ბავშვი წამოვიყვანე და საქართველოში ჩამოვედი. ორი თვე დავრჩი და მერე ისევ წავედი. არ მინდოდა, ეფიქრათ, სანამ კარგად იყო ქმარი, უნდოდა და ახლა აღარ უნდაო. დედამთილმა ბინა მიქირავა და იქ ვცხოვრობდით მე და ჩემი გოგო.
ბავშვმა იცოდა, რომ მამამისი არმიაში იყო. სანახავად რომ მიმყავდა, ციხის უფროსს ვთხოვდი, მისთვის სამხედრო ფორმა ჩაეცმიათ, რომ ასე ენახა მამა. ერთი წლის მერე სასამართლოდან მოვიდა ცნობა, რომ უდანაშაულოდ იჯდა ციხეში. ამის გამო სახელმწიფოს მის სასარგებლოდ დიდი თანხის გადახდა დაეკისრა. ქონება თითქმის მთლიანად დავიბრუნეთ.
ამასობაში თურქეთში ქართველებიც მომრავლდნენ და დავიწყე მათი დახმარება. ერთი ქართველი ჩემთანაც დავასაქმე, ჩემს სახლში ცხოვრობდა. ვმუშაობდი და ბავშვს მომვლელი სჭირდებოდა, თან ისეთი მინდოდა, ვინც ქართულსაც ასწავლიდა.
– მერე თურმე ქართველების დასაქმებაზე მუშაობდით.
– დიახ. 15 წელი ვიმუშავე ამ საქმეზე. ოფისში, სადაც ვმუშაობდი, თურქებს ასაქმებდნენ. მერე ქართველების დასაქმება დავიწყე. ყველანაირ პირობას ვუქმნიდი. რამდენს ჩავაცვი და დავახურე, რამდენი ჩემს ოჯახში მყავდა, რამდენს პოლიციიდან გამოხსნაში დავეხმარე, რამდენი საავადმყოფოში დავაწვინე… რაც მე კარგი გამიკეთებია, იმედია, ჩემს შვილს დახვდება წინ.
5 წლის წინ სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს. კერძო საავადმყოფოში უნდა გამეკეთებინა ოპერაცია და ფულის ნაწილი ბანკიდან გამოვიტანე. სამშაბათ დღეს უნდა გამეკეთებინა ოპერაცია. რამდენიმე დღით ადრე, შაბათს, სახლიდან გავედით მე და ჩემი შვილი – ინგლისურზე დამყავდა.
საღამოს, სახლში რომ დავბრუნდი, კარი ღია დამხვდა – გაექურდათ. აღარც ფული იყო, აღარც ოქრო, აღარც ვერცხლი… პასპორტებიც კი წაიღეს.
თურქმა სამართალდამცავებმა მითხრეს, თურქი ეროვნების ქურდი ვერცხლს ხელს არ მოჰკიდებდა და უცხოელებს თუ იცნობო. მეც, ჩემს მეუღლესაც და ბავშვსაც პასპორტებში ევროპის ვიზები გვქონდა ჩარტყმული. სანამ სიმსივნის დიაგნოზს დამისვამდნენ, ევროპაში ვაპირებდით წასვლას.
ოპერაციის დღე მოდიოდა და კაპიკი ფული აღარ მქონდა. ისევ ჩემი ქმრის სანათესაო დამეხმარა და გავიკეთე. მერე კიდევ დამჭირდა ოპერაცია, დასხივებაც გავიკეთე…. მადლობა ღმერთს, ისევ ფეხზე ვდგავარ. 2 წლის მერე გავიგე, რომ ქართველებს გავუქურდივარ. იცით, საიდან გავიგე? ბულგარეთში დაიჭირეს ჩვენი პასპორტებით. ვისაც დავეხმარე და შევიფარე, მათ გამქურდეს.
– ვერცხლს რატომ არ ეკარებიან თურქები?
– თურმე ვერცხლი არაფრად უღირთ თურქეთში. ვერც ყიდიან და ქურდები არც წაიღებენ. მე თუ 10 დოლარად ვიყიდე, გაყიდვა რომ მომინდეს, 1 დოლარადაც ვერ გავყიდი. ამიტომაც აზრი არ აქვს მის მოპარვას.
ერთ ოჯახში 4 წელი მუშაობდა ქართველი ცოლ-ქმარი. მეხუთე წელს კი გაქურდეს მთელი სახლი. 100.000 დოლარი იყო წაღებული და ოქროს ანტიკვარული ქამარი. მთელი თურქეთი ფეხზე იდგა, ტელევიზიითაც შუქდებოდა. საქართველოშიც ეძებდნენ და აღმოჩნდა, რომ სტამბულში დამალულან. ქალს 9 წელი მისცეს და ქმარს – 10.
საოცრებებს ჩადიან ქართველები. თან დამიბარებდნენ, დაგვეხმარეო და მატყუებდნენ, სიმართლეს არ მეუბნებოდნენ, თუ რისთვის დაიჭირეს. აქ მომუშავე ქართველი ქალების უმრავლესობა კი უაღრესად პატიოსანია. არაფერს იტოვებენ თავისთვის, მთელ ფულს საქართველოში აგზავნიან და თვითონ მართლა მშივრები რჩებიან. ძალიან მცირე პროცენტია, საზიზღრად რომ იქცევა და ისინი საქართველოშიც ასე მოიქცეოდნენ, თურქეთი აქ არაფერ შუაშია.
– ასეთი მძიმე ცხოვრება გაგივლიათ. არ ინანეთ, ახალგაზრდობაში მშობლებს რომ გაეპარეთ და წახვედით საქართველოდან?
– არა, ეგ არასოდეს მინანია. ისეთი რამ მოხდა, რასაც ვერ ვიტყვი. ეს საიდუმლო ჩემთან ერთად მიწაში უნდა წამეღო, მაგრამ ახლახან ჩემს ქალიშვილს მოვუყევი. მაშინ ყველა მე მადანაშაულებდა, რატომ წავიდა უკრაინაშიო. ამ დროს ჩემი ბრალი არ იყო. ვერასოდეს ვიტყვი, რა გადამხდა, მაგრამ მე საქართველოში ვეღარ დავრჩებოდი.
ბედი მაინც მქონია, რადგან კარგი მეუღლე შემახვედრა. მეორედ რომ მოვსულიყავი ამქვეყნად, მაინც მას გავყვებოდი ცოლად.
მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ტკივილი მახსოვს ქართველებისგან, ჩემი სამშობლო მიყვარს და წელიწადში ორჯერ მაინც ჩამოვდივარ. სოციალურ ქსელში მლანძღავენ, თურქს როგორ გაჰყევი ცოლადო. თურმე თურქს თუ გაჰყვები, არ შეიძლება საქართველო გიყვარდეს.
– თქვენმა შვილმა ქართული ენა იცის?
– ქართულიც იცის და მეგრულიც. წელს ნიუ იორკში მოეწყო სამედიცინოზე მთლიანი დაფინანსებით. მინდა, წიგნი დავწერო ჩემს ცხოვრებაზე. ჩემი ქალიშვილი კი ჩემს ამბავს ისე გააშუქებს, როგორც ადამიანის ფსიქოლოგიას, თუ როგორ იცვლება ადამიანი და რატომ ტოვებს სამშობლოს 24 წლის ასაკში.