რას წერს სანდრო სანაია გარდაცვლილ მამაზე, გიორგი სანაიაზე
- 22/02/19
- 736 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ჟურნალისტ გიორგი სანაიას 44-ე იუბილესთან დაკავშირებით, მისი ვაჟი, ასევე ჟურნალისტი სანდრო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს წერს.
"არ ითქმის მარტივად, არც მოკლედ. თუმცა ამ ნათქვამს არც დასაწყისი აქვს, არც ბოლო. უფრო სწორად, დასაწყისი არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ ასე გამოვიდა. დაიწყო, მაგრამ არ დასრულდება. რამდენი სიტყვაც არსებობს, იმდენ კომბინაციას შევქმნი. ჯერ არ მოსულა 24 თებერვალი, ჰო, არც მინდა, რომ მოვიდეს. იქნებ ერთხელაც პირდაპირ 25 გათენდეს. იქნებ ერთხელ სიკვდილიც მოკვდეს. ყოველთვის დარჩენილი რამდენიმე დღეა სხვანაირი. ზოგადად, ყველასთვის ხომ დაბადების დღემდე დარჩენილი რამდენიმე დღე რაღაცნაირად იწელება. ჰოდა ეგაა. არ მიყვარს რაღაცებზე ლაპარაკი. მხოლოდ ჩემთვის ვფიქრობ. მე-18 წელია, პირველი ბგერის ამოშვებისას სიტყვები ყელში მეჩხირება. "გახსოვს რამე?", "სულ არაფერი?". ხო, არაფერი. არც ხმა, არც შეხება. ანუ, ვერც მომენატრები, ვერც დამაკლდები. ეს საათი ახლა მე მიკეთია. მეც დიდი მაქვს, მეც წვრილი ძვალი მაქვს. რამდენჯერაც დაგიხედავს, ახლა მე უფრო მეტჯერ დავხედავ. არც 18 წელი გასულა, არც 44-ის ხდები. 26-ის ხარ, ჩემზე ცოტა დიდი. მერე უკვე ჩემზე პატარაც იქნები. მაგრამ თურმე ძალიან დიდი დრო გავიდა. ეს ცივი სამყარო არ ყოფილა შენთვის", - წერს სანდრო სანაია გარდაცვლილი მამის შესახებ.
გიორგი სანაიას მკვლელობიდან 18 წელი გავიდა. სანაია 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს.