სანამ დედა ერთობოდა მისი 2 წლის შვილი გარდაიცვალა

რუსეთის ქალაქ კიროვში 2 წლის გოგონა მისმა ბებიამ ბინაში გარდაცვლილი იპოვა. 20 თებერვალს მას ორი წელი შეუსრულდებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ბებია შვილიშვილისთვის დაბადების დღის მისალოცად მივიდა, თუმცა ადგილზე საზარელი სურათი დახვდა.
გოგონას დედა მარია კ. 21 წლის არის. ის ბავშვს მარტო ზრდიდა და მეზობლების ინფორმაციით, პერიოდულად სახლიდან რამდენიმე დღით მიდიოდა. ბავშვი მარტო რჩებოდა.
წინასწარი ცნობით, გოგონა გაუწყლოების შედეგად გარდაიცვალა, სანამ დედამისი დაახლოებით ერთი კვირა მორიგ „თავგადასავლებს“ ეძებდა. ასევე განიხილება მოწამვლის ვერსიაც – მშიერ ბავშვს, შესაძლოა, სარეცხის ფხვნილიც ეჭამა.
„როდესაც ბავშვი წლინახევრის იყო, ბებია საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. მარია მას მერე შეიცვალა, ეზოში ბავშვს აღარ ასეირნებდა, ხანდახან მარტოც ტოვებდა“, – ამბობს მეზობელი.
როგორც მედიამ გაარკვია, მარია საკუთარი პირადი ცხოვრების მოწყობას ცდილობდა. სოციალურ ქსელებში აქტიურად პოსტავდა თამამ ფოტოებს, ხშირად ერთობოდა მეგობრებთან ერთად. მეზობლების თქმით, სანამ დედა მეგობრებთან ერთად დროს ატარებდა, მისი შვილი დახმარებას ითხოვდა, როგორც შეეძლო – ერთხელ ფანჯრიდან სათამაშოებიც კი გადმოყარა ყურადღების მისაქცევად. მაგრამ ამჯერად მას არავინ დაეხმარა.
ამჟამად მარია დაკავებულია. საქმეზე გამოძიება მკვლელობის მუხლით არის დაწყებული. ბავშვის დაღუპვის ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.