48-ე სკოლასთან ამავე სკოლის მანდატური 42 წლის ქალი სცემეს

თბილისში, გლდანი-ნაძალადევის მუნიციპალიტეტში, #48-ე საჯარო სკოლის მანდატური სცემეს.

არსებული ინფორმაციით სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 61 წლის მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და პედაგოგებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. მანდატურის თანამშრომლეს აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდეს რის შემდეგაც ის ადგილზე გავიდა.

სიტყვიერი კამათი ამჯერად უკვე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა რა დროსაც, მამაკაცმა 42 წლის ქალი მანდატური სცემა. ადგილზე მალევე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. დაშავებილი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მკურნალობის კურსს სახლში გაივლის.

ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი "ინფო რუსთავს" მანდატურის სამსახურში დაუდასტურეს და განაცხადეს რომ - "მოხდა ინციდენტი, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე გავიდა მანდატური და სწორედ მაგ დროს მოხდა ფიზიკური შეურაცხყოფა".

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "ფაქტზე გამოძიება სსკ 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. დაკავებულია 1 პირი".