"ყაზტრანსგაზ თბილისი" ერთ-ერთ საცხოვრებელში აღმოჩენილ საგანგაშო კადრებს ავრცელებს

„ყაზტრანსგაზ თბილისი“  ვიდეოკადრებს ავრცელებს, რომელიც, მათივე ინფორმაციით, სამგორის რაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაშია გადაღებული, სადაც ოჯახში ღია კამერიან აკრძალულ წყალგამაცხელებელს მოიხმარდნენ. კადრებში ჩანს საკვამლე მილი, რომელშიც ჩიტის ბუდეა გაკეთებული. 

"ოჯახის წევრები გადაურჩნენ CO-ს ინტოქსიკაციას, რაც საშიშია ჯანმრთელობისთვის და კლავს. შემოწმებისას „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა აკრძალული წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს და ბინის მფლობელი გააფრთხილეს, რომ სასწრაფოდ ჩაანაცვლოს საშიში დანადგარი დახურული წვის კამერიანი წყალგამაცხელებლით.

ბინის მეპატრონეების დაუდევრობით გასულ კვირაში თბილისში CO-თი, ათამდე ადამიანი მოიწამლა. ყველა მათგანი აკრძალულ და საშიშ ღია კამერიან გაზგამათბობელს ან წყალგამაცხელებელს მოიხმარდა, რომლებიც უკვე ჩაჭრეს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა. მოწამლულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც. 

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაფრთხილებთ, სასწრაფოდ ჩახსენით ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები და გაზგამათბობლები, რომლებიც საშიშია და კლავს. ჩაანაცვლეთ ისინი დახურულ კამერიანი გაზდანადგარებით“,- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.