"დასტურია, შეუტიე, აიღე ქალაქი!" - დაშიფრული წერილები, რომლებსაც ქართველები აჯანყებებისა და ომების დროს იყენებდნენ
- 25/02/19
- 1427 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"კავბიუროს" წევრებსა და კრემლში მყოფ ლენინ-სტალინს შორის, 25 თებერვლამდე კარგა ხნით ადრე, აქტიური მიმოწერა იყო გაჩაღებული. მათმა უმრავლესობამ დღის სინათლე მხოლოდ ათეულობით წლების შემდეგ იხილა. მიმოწერიდან კარგად ჩანს, როგორ ვიწროვდებოდა საქართველოს ირგვლივ "წითელი ყულფი".
რასაკვირველია, საქართველოს გასაბჭოების სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი მოგვიანებით "ხალხთა ბელადად" წოდებული სტალინი იყო, რომელიც საქართველოს გასაბჭოების შემდეგაც არ ისვენებდა და საქართველოსთვის მორიგი წნეხის გამოგონებაზე ფიქრობდა. აი, ბოლოს რა მოიფიქრა: "საქართველო საჭიროებს დაუთოებას ცხელი უთოთი" - (სტალინი, პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომა, 1921 წ. ივნისი).
საქართველოში (და, ზოგადად, კავკასიაში) სტალინს მთავარ შემსრულებლად სერგო ორჯონიკიძე ჰყავდა. 1921 წელსაც ზუსტად იგივე მოხდა, რაც ფრთიან ფრაზაშია ნათქვამი და რაც დღესაც აქტუალურია: "ხემ თქვა, ცული მე რას დამაკლებდა, შიგ ჩემი გვარისა არ ერიოსო..." (სტატიაში გამოყენებულია "პირველი არხის" დოკუმენტური ფილმების სტუდიის ხელმძღვანელის, მიხეილ ბასილაძის მიერ სხვადასხვა დროს პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებული მასალები).
ამიერკავკასიაში სამხედრო ინტერვენცია ბოლშევიკურმა რუსეთმა 1920 წლის გაზაფხულზე დაიწყო. ზამთარში კომუნისტებმა სამოქალაქო ომში ადმირალ კოლჩაკის დამარცხება შეძლეს, რამაც მათ დასავლეთის ფრონტზე დამატებითი ძალების გადასროლის საშუალება მისცა. მარტში ბოლშევიკთა მე-11 არმიამ სამხრეთ რუსეთში წარმატებული ოპერაცია განახორციელა, რის შედეგადაც ჩრდილოეთ კავკასია მთლიანად კომუნისტების კონტროლქვეშ მოექცა.
ბოლშევიკთა მორიგი სამიზნე უკვე ამიერკავკასია იყო. სერგო ორჯონიკიძე, რომელიც XI არმიის ფაქტობრივი ხელმძღვანელი გახლდათ, შემდგომი მოქმედების დირექტივებს პირადად ლენინისგან იღებდა. 1920 წლის 17 აპრილს ორჯონიკიძემ ლენინისგან შემდეგი შინაარსის დეპეშა მიიღო:
"ლენინი - ორჯონიკიძეს. ბაქოს აღება ჩვენთვის უაღრესად საჭიროა. მთელი ღონისძიებანი აქეთ წარმართეთ.ამასთან აუცილებელია განცხადებებში უაღრესი დიპლომატიურობა გამოიჩინოთ... იგივე ეხება საქართველოს,თუმცა გირჩევთ მას კიდევ უფრო ფრთხილად მოეპყროთ."
დეპეშის მიღებიდან 11 დღეში აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. XI არმიის ნაწილეებმა 1920 წლის 28 აპრილს ბაქო ფაქტობრივად, ბრძოლის გარეშე დაიკავეს. აზერბაიჯანში მიღწეული წარმატების შემდეგ ბოლშევიკებმა საქართველოს მყისიერი გასაბჭოებაც სცადეს. კავბიუროს თავმჯდომარემ სერგო ორჯონიკიძემ, 4 მაისს მოსკოვში ოპტიმისტური დეპეშა გააგზავნა, სადაც კრემლს აცნობებდა, რომ XI არმიის აზერბაიჯანში გამოჩენამ საქართველოში საძულველი მენშევიკების წინააღმდეგ მშრომელთა მასების აჯანყება გამოიწვია:
"მოსკოვი, კრემლი, ლენინს, სტალინს. ბაქო 1920 წ. 4 მაისი. ამბები ისე დატრიალდა, რომ იმედი მაქვს თორმეტს მაინც თბილისს ვიქნებით. საამისოდ ყველაფერი გაკეთებულია. ბრწყინვალედ გამოვა. საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტა აჯანყებულთა საშინელ ხოცვა-ჟლეტვას გამოიწვევს. ორჯონიკიძე."
1920 წლის 4 მაისს რუსეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ ორჯონიკიძის დეპეშა განიხილა და დაადგინა, რომ საქართველოს გასაბჭოებისაგან კავბიუროს დროებით თავი უნდა შეეკავებინა. იმავე დღეს ორჯონიკიძემ ლენინისა და სტალინის ხელმოწერით შესაბამისი დეპეშაც მიიღო:
"ცენტრალური კომიტეტი გავალებთ თავი შეიკავოთ საქართველოზე შეტევისაგან. თბილისთან მოლაპარაკების შემდეგ ცხადია, რომ ზავი საქართველოსთან გამორიცხული არ არის. დაუყოვნებლივ გვაცნობეთ ზუსტი ცნობები საქართველოში აჯანყების შესახებ. ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს დავალებით, ლენინი, სტალინი."
მოსკოვის მიერ საქართველოს გასაბჭოებაზე უარის თქმა დასავლეთის ფრონტზე გართულებული მდგომარეობით აიხსნებოდა. 1920 წლის მაისის დასაწყისში, პოლონეთის ჯარებმა უკრაინაში წარმატებული ოპერაცია განახორციელეს და 5 მაისს კიევი დაიკავეს. პოლონელთა გააქტიურებით ისარგებლა თეთრმა გენერალმა ვრანგელმაც და მთელი ყირიმი დაიკავა. ბოლშევიკების ხელისუფლებას სერიოზული საფრთხე დაემუქრა. ასეთ ვითარებაში მოსკოვმა კავკასიაში ახალი ომის წარმოება სარისკოდ მიიჩნია, მით უმეტეს, რომ XI არმიის მოწინავე ნაწილებმა ქართულ არმიასთან სასაზღვრო შეტაკებაში მარცხი განიცადეს. რუსეთმა საქართველოსთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე დაიწყო ფიქრი. 6 მაისს ორჯონიკიძეს მოსკოვიდან სტალინი დაუკავშირდა:
სტალინი ორჯონიკიძეს: "შენ ალბათ უკვე მიიღე დეპეშა ლენინისა და ჩემი ხელმოწერით, რომ ცეკა გავალებს შენ მიიღო ყველა ზომა, გაიყვანოთ სამხედრო ნაწილები რუსეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებისაკენ და ხელი აიღოთ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე შეტევითს მოქმედებაზე. მე მოვედი აპარატთან იმისთვის, რომ გავიმეორო ცეკას ეს მოთხოვნა. მხედველობაში მქონდა, რომ ცეკას მოთხოვნა ნაკარნახევია საერთაშორისო მდგომარეობის თანამედროვე ვითარებით. გარდა ამისა, პოლიტბიუროს სურს, იცოდეს აჯანყებულთა მდგომარეობა, რომლის შესახებ შენ გვაცნობებდი და მივიღოთ მათს შესახებ რაც შეიძლება დაწვრილებითი ცნობები."
ორჯონიკიძე იძულებული გახდა, უკან დაეხია და საქართველოს გასაბჭოებაზე დროებით უარი ეთქვა. მაგრამ, საჭიროდ ჩათვალა კიდევ ერთხელ აეხსნა მოსკოვისთვის თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ოკუპაციას რუსეთისთვის:
"ორჯონიკიძე, კიროვი - ლენინს, სტალინს, ჩიჩერინს. სრულიად საიდუმლოდ (დაშიფრული). "თქვენს ბრძანებას ზუსტად შევასრულებთ. წინა მოსაზრების გარდა მოგვყავს შემდეგიც:
1. თუ საქართველოს არ დავეუფლეთ, თითქმის შეუძლებელი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ აზერბაიჯანი საბჭოთა რუსეთის იყოს. საქართველო უკვე ახლა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ აზერბაიჯანში კონტრრევოლუცია ასაზრდოოს, აგრეთვე ინტრიგებს ეწევა მთიელთა შორის, მილიონებს ყრის იქ, აქეზებს მთიელებს დამოუკიდებლობისთვის. იმავდროულად საქართველო ზოგიერთ აგრესიულ ზომებს იღებს საბჭოთა აზერბაიჯანის წინააღმდეგ;
2. საქართველო სამხრეთში კონტრრევოლუციურ კერად იქცა, უთუოდ განუწყვეტლივ ასაზრდოებს კონტრრევოლუციას ჩრდილო კავკასიაში. ამ მხრივ საქართველოს არავითარი ხელშეკრულების, არავითარი განცხადების ნდობა არ შეიძლება;
3. საქართველოში არის ფართლეულობა, რომლითაც შეგვიძლია მოვამარაგოთ ყუბანი, სტავროპოლი და გამოვიტანოთ პური, რომელიც თერგს, დაღესტანს, აზერბაიჯანს სჭირდება;
4. თუ საქართველოს დავეუფლებით, ინგლისელებს გავაპანღურებთ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან და გზას გავხსნით თურქეთისაკენ;
5. საქართველოს მებრძოლ ძალთა მდგომარეობა ერთობ ხელსაყრელია ჩვენი ჩარევისთვის. აქ შესაძლებელია მცირედი ცვლილებებით იგივე განმეორდეს, რაც აზერბაიჯანში მოხდა. მეამბოხეთა რაიონებია: სამხრეთ ოსეთი, დუშეთის მაზრა, ლაგოდეხისა, აფხაზეთი და თითქმის მთელი ქუთაისის გუბერნია. თუ ჩვენ საზღვრისკენ დავიძარით, აღნიშნულ რაიონებში აჯანყება გარდაუვალია. რას გვიბრძანებთ მხარი დავუჭიროთ მას თუ არა?! ჩვენი აზრით, საქართველოსთან დასადები ზავის პირობებში აუცილებლად უნდა იყოს მოთხოვნა: საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადება საქართველოში. ჩვენი ცნობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მენშევიკები მზად არიან ამისთვის, ოღონდ ძალიან ივაჭრებენ. 7 მაისი 1920 წ."
იმავე დღეს ორჯონიკიძემ მოსკოვიდან დაშიფრული დეპეშა მიიღო, სადაც სტალინი კავბიუროს ხელმძღვანელს საქართველოს გასაბჭოების ოპერაციის გადადების მიზეზებს უხსნიდა.
"სტალინი - ორჯონიკიძეს. ის რასაც შენ ლაპარაკობ საქართველოს მთავრობის შესახებ, აბსოლუტურად სწორია, მაგრამ ვითარება ახლა ისეთია, რომ ახლა სიჩქარე საქართველოსთან მისი საბჭოთად გადაქცევის თვალსაზრისით, ჩვენ არ მიგვაჩნია აუცილებლად - სულერთია, რამდენიმე თვის შემდეგ თუ კომუნისტები იქნებიან ლეგალიზებულნი, იგი ისედაც გახდება საბჭოთა, სხვა გზა მისთვის არ არსებობს. განაგრძეთ


