როგორ დავიწყოთ ბიზნესი - ცუკერბერგის საქმიანი რჩევები

მარკ ცუკერბერგი: შეაფასეთ საქმის შემოსავლიანობა

მარც კუკერბერგი რა ხანია, მსოფლიო მილიარდერებს შორის არის. "ფეისბუქის" დამაარსებელი და მფლობელი 29 წლის არის, თუმცა, კარგა ხანია, მილიარდიან ქონებას უდგას სათავეში. ამჟამად მისი ქონება 28,6 მლრდ დოლარია.

მსოფლიოს ერთ-ერთი მდიდარი ადამიანი, პროგრამისტი და მეწარმე ინტერნეტტექნოლოგიების სფეროში, 1984 წელს დაიბადა ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ უაიტ-პლეინსში, ებრაულ ოჯახში. მამამისი სტომატოლოგია, დედა - ფსიქოლოგი. მარკს სამი და ჰყავს. სკოლის წლებშივე დაინტერესდა კომპიუტერული პროგრამირებით. ქსელური თამაშების შექმნაც სცადა; ხოლო სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" შექმნა მეგობრებთან, კრის ჰიუზსა და დასტინ მოსკოვიცთან ერთად ჯერ კიდევ სტუდენტობისას წამოიწყო. ფინანსური დახმარება ამ ჭკვიან ბიჭებს ბრაზილიელმა სტუდენტმა ედუარდო სავერინმა გაუწია. სხვათა შორის, ის მოგვიანებით ცუკერბერგმა კომპანიის მმართველობას ჩამოაშორა, რასაც სასამართლო გარჩევები მოჰყვა.

დღეს ცუკერბერგს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი კომპანია აქვს, თუმცა, ჩვეულ ცხოვრებას განაგრძობს: არ უყვარს პომპეზურობა და დიდი ფუფუნება. ცოლიც სრულიად ჩვეულებრივი მოიყვანა - დიდი ხნის მეგობარი პრისცილა ჩანი, რომელიც ფოტომოდელის გარეგნობით არ გამოირჩევა.

მარკ ცუკერბერგის საქმიანი რჩევები:

1. უმთავრესი მიზანი - დასაწყისისთვის აუცილებელია კონკრეტული მიზნის დასახვა, თუ რამდენი ფულის მიღება გინდათ წამოწყებული საქმისგან. დიდი საიდუმლო არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ამ ცხოვრებაში შემთხვევით არავის არაფრისთვის მიუღწევია. ნებისმიერი წარმატება მხოლოდ და მხოლოდ მიზნის შედეგია, რომელიც თითოეულმა ადამიანმა დაისახა, ამიტომაც, რაც უფრო მნიშვნელოვანი იქნება თქვენი მიზანი, მით მეტ წარმატებას მიაღწევთ.

2. რეკლამის საერთო ღირებულების ცოდნა - უნდა იცოდეთ, რომ თითოეულ რეკლამას განსაზღვრული ფასი აქვს. რაკი ასეა, მას განსაზღვრული შემოსავალიც მოაქვს. სწრაფი კვების რესტორნის რეკლამა არასდროს მოიტანს "კრაისლერის" რეკლამაზე მეტ ფულს. ამიტომაც, თუ ქმნით ინტერნეტგვერდს, ვებგვერდს ან სოციალურ ქსელს, წინასწარ უნდა იცოდეთ, რომ რაც უფრო ფართო იქნება მისი აუდიტორია, მით უფრო მიმზიდველი იქნება თქვენი გვერდი რეკლამების დამკვეთებისთვის.

3. მზადება - არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: საქმის კეთება იდეის დაბადებისთვის იწყება. და ეს არ არის მხოლოდ სურვილი, რომელიც შეიძლება გამოთქვა სიტყვებით: "მე მინდა საქმე, ისეთივე, როგორიც აქვს..."- ეს უკვე შეცდომაა. საუკეთესო იდეა ის არის, რომელიც შეიძლება ასე გამოითქვას: "ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა და მე პირველი ვიქნები". თუმცა, ორიგინალური იდეა ჯერ კიდევ არ არის მომგებიანი ბიზნესის გარანტია. ამის გარდა, უნდა იცოდეთ პასუხი კიდევ ერთ კითხვაზე: "სჭირდება თუ არა თქვენი წამოწყება მომხმარებელს, რომელსაც უკვე ყველაფერი უნახავს, რისი ნახვაც შეიძლებოდა და რომლის განკარგულებაშია მილიარდობით უკვე არსებული სერვისი".

4. აპრობაცია - ნებისმიერი პროექტის (განსაკუთრებით, ინტერნეტპროექტის) დაწყებას აპრობაციით გირჩევთ. ორი ვარიანტია: შეიძლება, ახალი ნაწარმი მაშინვე ჩაუშვათ ქსელში, რათა მომხმარებლის რეაქცია ნახოთ თქვენს პროდუქტზე: ნახულობენ თუ არა მას, სჭირდებათ თუ არა, საინტერესოა თუ არა? ან გაუშვათ საცდელი ვერსია და შეფასებისთვის მოიწვიოთ დამოუკიდებელი ექსპერტები, ოღონდ არა მეგობრები და ნათესავები - ისინი თქვენს ნაშრომს სუბიექტურად შეაფასებენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, 2-3 თვეში მიიღებთ შედეგს და ეს მოგცემთ საშუალებას, მომავალი პროექტის კომერციული პერსპექტივები წარმოიდგინოთ.


წაიკითხეთ  სრულად